ამ მხრივ, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა იტალიასა და საბერძნეთში, სადაც სპორტულ ჟურნალ-გაზეთებს სათვალავი არა აქვს და ჟურნალისტები არა მხოლოდ მატჩებს აშუქებენ, მოთამაშეები ბოლომდე ჰყავთ შესწავლილი და მათ წარმოშობასაც იკვლევენ.
მაგალითად, იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო პეროტიმ "ფეისბუქზე" დაწერა - მანუჩარ მარკოიშვილმა და გიორგი შერმადინმა იმდენად დამაინტერესეს საქართველოთი, რომ კავკასიის ამ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ჩავიდე და კარგად შევისწავლოო.
ბატონ კარლოს მისმა იტალიელმა კოლეგა ალბერტო ფილიოლიამ დაასწრო და საქართველოს შესახებ ვრცელი პუბლიკაცია
ვიდრე ფილიოლიას ნაშრომის თარგმანს წაიკითხავდეთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბატონი ალბერტო იტალიაში ცნობილი პიროვნებაა, სპორტული ჟურნალისტიცაა, მწერალიცა და პოეტიც. მისი წიგნები აპენინებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
"ჯადოსნური კალათი ალბერტო ფილიოლიასგან", - ასეთი სათაური აქვს პუბლიკაციას.
"ყველა ქართველი პოეტია, ხოლო თითოეული ქართველი პოეტი ჭეშმარიტად პოეტია! საქართველოს გერბზე აწერია - "ძალა ერთობაშია". ჯორჯიელები საკუთარ სამშობლოს საქართველოს უწოდებენ. მათ ლათინურისგან განსხვავებული უძველესი ანბანი აქვთ.
"ჯორჯია" ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, რის გამოც მდიდარი და დრამატული ისტორია აქვს.
გავიხსენოთ თუნდაც ოქროს საწმისი, რომელიც იაზონმა სწორედ საქართველოდან ჩაიტანა ელადაზე. "ჯორჯია" ლეგენდარული კოლხების სამშობლოა.
ლეგენდა გუშინ და დღეს
...დიდი კალათბურთელების სამშობლოცაა. დღეს უკვე ლეგენდადაა ქცეული 1962 წლის ამბავი, როცა თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის "რეალი" 90:83 დაამარცხა. თუმცა ეს იყო საბჭოთა ერა და ქართველები სსრკ-ის სახელით გამოდიოდნენ (დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვეს). მაშინდელი "დინამო" საბჭოეთში ყველასგან განსხვავებული გუნდი იყო. ამას კი რამდენიმე გვარი განაპირობებდა: ალთაბაევი, ხაზარაძე, უგრეხელიძე, ლეჟავა, მინაშვილი, მოსეშვილი, ინწკირველი, სხიერელი, პეტროვი, გოგელია...
ესენი ძველი დროის გმირები იყვნენ. ასეთები ჯორჯიელებს დღესაც ჰყავთ: მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა მეტრეველი... მათ მთელ იტალიაში კარგად იცნობენ. ოთხივე ჩვენს ქვეყანაში ცდილობს "ჯორჯიის" დადებითი კუთხით წარმოჩენას. ისინი მართლაც გამორჩეულები არიან, უმთავრესად, საკუთარი ორიგინალური ტექნიკით.
პოლიგლოტი
მანუჩარი ბუნებრივი ტალანტია. იგი ძალიან ადრე, 16 წლისა ჩაირიცხა იტალიურ "ბენეტონში", ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და თასიც მოიგო. იტალიიდან დროებით გერმანიაში გადავიდა, საიდანაც სლოვენიასა და უკრაინას მიაშურა. 2009 წელს კი სერია A-ში დაბრუნდა. "კანტუ" იდეალური ადგილი აღმოჩნდა მისი ნიჭის სრულად გამოსავლენად.
მარკოიშვილი მხოლოდ კალათბურთის თამაშისას როდია ყოჩაღი, იგი თანამემამულე ნინა ყაუხჩიშვილის მსგავსად პოლიგლოტიცაა: ქართულის გარდა, იცის ინგლისური, იტალიური, გერმანული, სლოვენიური და რუსული.
ვინ იყო ნინა ყაუხჩიშვილი? - იტალიაში მეტად დაფასებული პიროვნება, რომელიც 1919 წელს საქართველოდან ბერლინში მოხვდა, სადაც მამამისი "გესტაპომ" დაიჭირა. ახალგაზრდა ქალმა გერმანიიდან იტალიაში გადმოინაცვლა და რუსული ენის პროფესორად ჩამოყალიბდა.
მომიტევეთ მცირე გადახვევისთვის. მანუჩარ მარკოიშვილს დავუბრუნდეთ. 196 სმ სიმაღლის უკანახაზელს მოედანზე ენერგია შეაქვს. ჩამოყალიბებული კალათბურთელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს ავნოს როგორც ერთი-ერთზე თამაშისას, ასევე შორეული ტყორცნებით.
მანუ აგრესიულია შეტევითი მოხსნებისას და საერთოდ, სოლიდური დამცველია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - მანუჩარი მოედნის გარეთაც დადებითი პიროვნებაა.
მამამისი მწვრთნელია და დღესაც დეტალურად არჩევს შვილის თამაშებს. საჭირო რჩევებსაც აძლევს. ვიდრე კალათბურთში შეაბიჯებდა, მარკოიშვილი მოცეკვავე იყო. შესაძლოა, ამიტომაც აქვს სწრაფი მოძრაობა, ამიტომაც გადაადგილდება მოედანზე მსუბუქად.
გზად იმასაც მოგახსენებთ, რომ მანუჩარს, სხვა ტიტულებთან ერთად, საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედალი ("ბასკოსთან" ერთად მოიგო) და ფიბა-ევროპის თასის ოქრო აქვს.
რისოტო
მანუჩარ მარკოიშვილის გვერდით "კანტუს" მშენებლობაში გიორგი შერმადინმაც დიდი წვლილი შეიტანა. სხვათა შორის, წმინდა გიორგი ქართველთა მფარველი წმინდანია.
შერმადინი თბილისთან ახლოს, მცხეთაში (უფრო ზუსტად, იგი ნატახტარელია - ვ.ს.) 1989 წელს დაიბადა. მას 216 სმ სიმაღლის კაცისთვის უჩვეულოდ "რბილი ხელი" აქვს. ასევე გასაკვირია მისი მობილურობა. ვერ ვიტყვით, რომ შერმადინი საშიშია. ამ ახალგაზრდა კაცს მისტერ ბინივით კეთილი სახე აქვს.
გიორგის დაცვა შთამბეჭდავია - მისი ქოლგის ქვეშ არაერთი მეტოქე მოქცეულა და დაფარება დაფარებაზე უწვნევია. როგორც უკვე დავწერე, ახალგაზრდა ქართველ ცენტრს კარგი ტყორცნა აქვს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია საჯარიმოების რეალიზების მაჩვენებელი - 85.9% (2011-12 წლების სეზონში).
საქართველოს ჩემპიონატში იგი საშუალოდ 35.1 ქულას, 16.4 მოხსნას, 4.7 პასსა და 2.6 ჩაჭრას აგროვებდა. მას სამშობლოში 89 ქულაც ჩაუგდია...
გიორგი ახლა შედარებით გამოცდილია (ჰყავს გოგონა), მის ყულაბაში ევროლიგის ოქროა ("პანათინაიკოსში" თამაშისას მიიღო). ახალი სეზონიდან იგი თელ-ავივის "მაქაბისთან" ერთად ეცდება მწვერვალების დაპყრობას.
შერმადინს იტალიასთან თბილი მოგონებები აკავშირებს. შესაძლოა, ბევრი რამ არც მოენატროს გარდა რისოტოსი (რას ნიშნავს "რისოტო", ამაზე თავად შერმადინი ამავე გვერდზე მოგვახსენებს - ვ.ს.).
ნახტომი ყაზბეგისკენ
AIR GEORGIA - ასეთი მეტსახელი აქვს ქართველს, რომელსაც ნახტომში შეუძლია მისწვდეს ყაზბეგს, 5048 მეტრის სიმაღლის მწვერვალს, რომლის ქვემოთაც ლამაზად მოსჩანს გერგეთის ეკლესია.
ვიქტორ სანიკიძე "მფრინავ ადამიანადაა" ცნობილი. 203 სმ სიმაღლის კალათბურთელი სუპერმომხსნელია და შეუძლია მეტოქეთა პერიმეტრიდან შეწუხება.
ვიდრე ვირტუსელი გახდებოდა, ვიქტორი არ დაფიქრებულა იღბლის საქართველოს ფარგლებს გარეთ საძიებლად. ჯერ ნიუ იორკის "გლობ კოლეჯში" გამოდიოდა, შემდეგ ფრანგულ "დიჟონში", ესპანეთის "ესტუდიანტესში", ესტონეთის "ტარტუ როკში". 2004 წელს სანიკიძე ამერიკულ დრაფტზე "ატლანტამ" აირჩია და "სან ანტონიოს" დაუთმო.
2009 წელს, ისევე, როგორც მარკოიშვილი, სანიკიძეც იტალიაში გადმოვიდა. მან თავიდანვე აუღო ალღო იტალიურ კალათბურთს, ისევე, როგორც ხორცისსოუსიან ტალიატელას (თუმცა, როგორც ყველა ქართველს, ხინკალი სანიკიძესაც ძალიან ეყვარება)... გასულ სეზონში "კანტუ"-"ვირტუსის" თამაშებისას მოედანზე ერთდროულად სამი ქართველი იყო.
მშვენიერი მაჩვენებელია ქვეყნისთვის, რომელშიც 5 მილიონამდე მცხოვრებია. მატჩისას დარბაზში უამრავი ხუთჯვრიანი დროშის ხილვა შეიძლებოდა.
კოსმოპოლიტი
კიდევ ერთი კარგად ნაცნობი ქართველი ნიკოლოზ ცქიტიშვილია, რომელიც 2002 წელს "ბენეტონში" ასპარეზობდა, ხოლო 2008 წელს - "ტერამოში". იგი ნამდვილი კოსმოპოლიტია. ვინ მოსთვლის, სად არ უთამაშია: "სოხუმში", "სლოვანში", "დენვერში", "გოლდენ სტეიტში", "მინესოტაში", "ფინიქსში", "კახაოლში", "ფუენლაბრადაში", "პანიონიოსში", "სან სებასტიანში", "მაჰრამში"...
პოტენციალი
არ უნდა დაგვავიწყდეს ნიკა მეტრეველი, რომელიც, ძირითადად, ახალგაზრდული ჩემპიონატებიდან გვახსოვს.
თუმცა გამოდიოდა "რიმინიში", "ფერენტინოში", "მონტეპასკისა" და "დინამო სასარიში". 212 სმ სიმაღლის ახალგაზრდის პოტენციალზე არაერთი მწვრთნელი ლაპარაკობს.
დაბოლოს
ძალა ერთობაშია, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის... დღეს ქართველი "მუშკეტრების" იარაღი ბურთია. სწორედ მათ უნდა გაგვაცნონ აღმოსავლური ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნის მე-12 საუკუნის ნაწარმოები სახელწოდებით "რაინდი ვეფხის ტყავით" (ჩვენებურად "ვეფხისტყაოსანი").
...მომავალ ხაჭაპურამდე."
განმარტება
ალბერტო ფილიოლიას ნაშრომის კითხვისას დაგაინტერესებდათ, რას ნიშნავს სიტყვა "ტალიატელა". ესაა სპაგეტის ნაირსახეობა. "რისოტოს" მნიშვნელობა კი გიორგი შერმადინს ვკითხეთ.
"კანტუს" დარბაზის ერთ-ერთ ოთახში იდო წიგნაკი, რომელშიც თითოეულ კალათბურთელს შეეძლო ჩაეწერა, რა მოსწონდა და რა - არა. მასში მეც ჩავწერე საკუთარი დადებითი შთაბეჭდილებები. დავაფიქსირე, რისოტო მიყვარს-მეთქი.
ესაა ბრინჯი საქონლის ხორცით. ნამდვილად გემრიელია. შესაძლოა, იტალიელ ჟურნალისტს ხელი ზემოთ ნახსენებ წიგნზე მიუწვდებოდა და ამიტომაც აღნიშნა - შერმადინს რისოტო მოენატრებაო", - გვითხრა გიორგიმ.
რადგან კერძებზე ვლაპარაკობთ, აქვე ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც კინაღამ "მწარე კურიოზად" იქცა.
ორშაბათს საქართველოს ნაკრების ვარჯიშის რეპორტაჟი დავწერე. სხვა კალათბურთელებთან ერთად გიორგი შერმადინსაც ველაპარაკე...
დიდი ხანია, მელნიანი ბატის ბუმბული გადავაგდე და კლავიატურაზე ვწერ, სადაც "მ" და "ნ" ღილაკები ერთმანეთის გვერდითაა.
გიორგი შერმადინის კომენტარის წერისას "ნ"-ს ნაცვლად "მ"-ზე მომიხვდა ხელი და აი, რა გამოვიდა:
- ვიმედოვნებ, რომ ოფიციალური შეხვედრებისას სათამადო ფორმაში ვიქნები.
ბედად, კორექტურული შეცდომა მალევე შევნიშნე და გაზეთში შეცდომა არ გაპარულა:
- ვიმედოვნებ, რომ ოფიციალური შეხვედრებისას სათანადო ფორმაში ვიქნები.
ეს ამბავი გიორგისაც მოვუთხრე. ღიმილით თქვა:
- ჯერ კალათბურთელი ვარ, თამადობა მერე იყოსო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"