მას მერე ამ საზოგადოებაში განხორციელდა სერიოზული ცვლილებები, მოვიდა სხვა ხელმძღვანელი.
ამ თემასთან და "ქართულ კალათბურთის" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ახალ თავკაცს გიორგი მარკოიშვილს გავესაუბრეთ.
- საზოგადოების დაარსებისას ჩვენი ხელმძღვანელი იყო მიხეილ ახვლედიანი, თუმცა მისი და ჩვენი ხედვა კალათბურთთან მიმართებაში ერთმანეთს არ დაემთხვა.
შეხედულებები თავიდან იდენტური იყო, უნდა დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები და შეგვეტანა ცვლილება წესდებაში.
თუმცა მოგვიანებით მეორე მხრიდან თავი იჩინა ყოყმანმა ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, გვთავაზობდნენ ფედერაციასთან
- სადღეისოდ რამდენად რეალურია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა?
- რეალურად უამრავი საკითხია, რის გამოც შეიძლება დაინიშოს რიგგარეშე არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საჯაროდ გამოსვლის შემდეგ ბევრი ცვლილება შეიტანეს, წესდება დღესაც არადემოკრატიულია.
იგი პერსონიფიცირებულია, რასაც არ ვეთანხმებით. არსებობს ბევრი გაუმჭვირვალე საარჩევნო მუხლი და უამრავი კითხვა ჩნდება დელეგატებთან დაკავშირებით.
- საზოგადოებაში რამდენი წევრია გაერთიანებული?
- ბევრმა გამოთქვა სურვილი და ამჟამად სამოცამდე წევრი გვყავს. ყველა ერთ აზრზე ვართ, ერთ იდეას ვემსახურებით.
კარგად ვიცით, რომ ქართული კალათბურთი სავალალო მდგომარეობაშია და არსებობს გზა სიტუაციის გამოსწორებისა.
ამ ორგანიზაციის მიზანია ქართულ კალათბურთში დემოკრატიული ფასეულობები დაამკვიდროს.
ქვეყანაში მთავარი საკალათბურთო ორგანო არის კალათბურთის ფედერაცია. მისი მთავარი დოკუმენტი წესდებაა, რომელიც უნდა შეიცვალოს, რომ კალათბურთი სამართლებრივად მოწესრიგდეს.
- იქნებ უფრო დააკონკრეტოთ...
- დღევანდელი წესდების მიხედვით ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, შეუძლია გახდეს კალათბურთის ფედერაციის წევრი.
ფიბას კანონებითაც და საერთაშორისო გამოცდილებითაც ფიზიკურ პირს არ შეიძლება ჰქონდეს დელეგატის სტატუსი (ხმის მიცემის უფლება).
დელეგატი აუცილებლად იურიდიული პირი უნდა იყოს. არის ასევე ინტერესთა თანხვედრა.
არსებობს ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდი, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელია. ასეთ პირობებში მომავალ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის გადარჩევა წარმოუდგენელია.
- ფიბა თუ ჩააყენეთ საქმის კურსში?
- ამ საკითხზე ჩვენი ბელგიელი იურისტი სებასტიან ლედური მუშაობს, რომელმაც უკვე გაუგზავნა ჩვენს მიერ მიწოდებული საბუთები ფიბას შესაბამის სტრუქტურას.
იმედი მაქვს, მალე იქნება ოფიციალური დასკვნა ფედერაციის წესდებასთან დაკავშირებით. ამის აღსრულება უშუალოდ საქართველოს სპორტის სამინისტროსა და პარლემენტის სპორტის კომიტეტის საქმეა.
ისინი ჩვენგან ოფიციალურ წერილს მომავალ კვირაში მიიღებენ.
- თქვენი საზოგადოების შეხედულებით, კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს ქართულ კალათბურთში და სამოქმედო პროგრამაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- პროექტებზე ბევრი გვაქვს ნამუშევარი. კალათბურთის განვითარება ბავშვებიდან უნდა დაიწყოს, რაც შეიძლება მეტი პატარა უნდა დავაინტერესოთ.
მისახედია ინფრასტრუქტურა... მოკლედ, მეტად საინტერესო პროექტები გვაქვს და მათ საზოგადოებას ჯერ ვერ გავაცნობთ, რადგან ფაქტია, რომ ჩვენგან ოპონენტები ბევრს სწავლობენ.
როგორც კი წესდება მოწესრიგდება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, მეორე დღესვე გამოვაქვეყნებთ ჩვენს პროგრამასა და ხედვას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"