ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მოწვევით ამჯერად უნიელები ესტუმრნენ ქუთაისს.
შეხვედრები კალათბურთის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც თბილისის 2015 წლის ევროპის ოლიმპიურ ფესტივალს მიეძღვნა.
პირველი მატჩი მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.
მართალია, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, მაგრამ თურქები თავდაუზოგავად თამაშობდნენ და მატჩის მიწურულს 20
"უნიე" საკმაოდ მოძრავი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სიმაღლეში უპირატესობა ქუთაისელებს ჰქონდათ.
განსაკუთრებით მასპინძელთა ცენტრფორვარდი ნელი ჟორჟოლიანი გამოირჩეოდა, რომელიც ფარქვეშ შეუდარებელი იყო, საბოლოოდ კი 28 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლიც მიითვალა.
მასთან ერთად უნდა გამოვარჩიოთ ნინო გაბიძაშვილიც, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა.
განმეორებითი შეხვედრა სპორტსკოლის საკალათბურთო დარბაზში ჩატარდა. დრმატულ და დაძაბულ შეხვედრაში თურქმა გოგონებმა რევანშის აღება მოახერხეს - 71:70.
- გოგონათა საკალათბურთო გუნდი მოკლებული იყო საერთაშორისო ტურნირებსა და უცხოურ გუნდებთან პაექრობას. თურქულ მხარესთან კარგი ურთიერთობები დავამყარეთ, ეს სპარინგები ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
უახლოეს მომავალში ჩვენი გუნდი გაემგზავრება უნიეში და თურქულ გუნდს სტუმრად დაუპირისპირრება.
ვეცდებით, სხვა უცხოურ კლუბებთანაც დავამყაროთ საქმიანი ურთიერთობები, ეს აუცილებლად შეუწყობს ხელს ჩვენი კალათბურთელების განვითარებას.
ქუთაისის კალათბურთის ფესტივალი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ "ქუთაისში" იმ ასაკის გოგონები თამაშობენ, რომლებსაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ოლიმპიურ ფესტევალზე უწევთ ასპარეზობა.
"ქუთაისის" ორი კალათბურთელი საქართველოს ნაკრების წევრებად მოიაზრებიან და გვაქვს იმის შესაძლებლობა, ნაკრებს კიდევ მივაწოდოთ საინტერესო კალათაბურთელები, - აღნიშნა ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა და ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით აბულაძემ.
არზაიაკი ("უნიესა" და ხოფა-ართვინის კალათბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი):
- თურქეთის მოქალაქეობასთან ერთად, ქართული პასპორტიც მაქვს, ხშირად მიწევს საქართველოში ყოფნა.
მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასთან. "ქუთაისთან" უკვე ოთხი ამხანაგურ მატჩი ჩავატარეთ და ანალოგიურ სპარინგებს სამომავლოდაც ვგეგმავთ.
"ქუთაისში" არაერთი საინტერესო კალათბურთელი თამაშობს და გამორიცხული არ არის, რომ სამომავლოდ რომელიმე მათგანი "უნიეში" მივიწვიოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"