გიორგი შერმადინის წარმატებამ უცხოური პრესა საქართველოთი დააინტერესა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის მიერ ევროლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ არაერთი უცხოელი ჟურნალისტი კიდევ ერთხელ დააინტერესა საქართველოთი.

თუმცა რამდენიმე დღით ადრე ამერიკულ გაზეთ "სალონში" ვრცელი და საინტერესო სტატია გამოქვეყნდა შერმადინის, მისი მწვრთნელის - ჯამლეტ ხუხაშვილის, აგენტის - ლევან მიქელაძისა და ხუთი კალათბურთელი ძმის შესახებ.

მაშ ასე, გავეცნოთ კატია გენგელის პუბლიკაციას.

"საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია კონფლიქტებით, ღვინით, სტალინით, მაგრამ უმაღლესი დონის კალათბურთელების სიმრავლით არ გამოირჩევა.

თუმცა კავკასიის პატარა ქვეყნისთვის NBA-ს დრაფტზე ხუთი კალათბურთელის არჩევა მაინც ბევრს ნიშნავს: ვლადიმერ სტეფანია, ზაზა ფაჩულია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, თორნიკე
შენგელია, ვიქტორ სანიკიძე.

ვიქტორს ამერიკის ნაციონალურ ასოციაციაში არ უთამაშია. იგი, მანუჩარ მარკოიშვილთან და გიორგი შერმადინთან ერთად, ევროლიგაზე წარმატებით სცდის ძალებს.

ამერიკაში კალათბურთელთა განვითარებაზე მთელი ინდუსტრია მუშაობს, საქართველოში კი ამას ერთეულები აკეთებენ...

მაგალითად -ჯამლეტ ხუხაშვილი, რომელმაც ევროლიგას გიორგი შერმადინი მოუმზადა. ახლა ხუთ ძმას ზრდის, რომელთაგან უფროსები უკვე იქცევენ სკაუტების ყურადღებას.

* * *
როცა ჯამლეტ ხუხაშვილს შევხვდი, შავი კოსტიუმი ეცვა, გულზე საქართველოსა და ისრაელის დროშები ეკეთა.

მის კაბინეტში ოთხი ტელეფონი და არაერთი ტელევიზორი იდგა. DVD-ის ჩართვა რომ დასჭირდა, ასისტენტს დაუძახა. მის ხმას საქართველოში ბევრი სცნობს, რადგან ცნობილი ტელეკომენტატორია და საკუთარი რადიომაუწყებლობა აქვს, სახელად "ჯა-კო".

"ჯამლეტ ხუხაშვილს სპეციფიკური ხმა აქვს, ყველასგან განსხვავებული", - ამბობს აგენტი ლევან მიქელაძე, რომელმაც კალათბურთელის კარიერა 16 წლისამ დაასრულა და მალე პირველი ქართველი ლიცენზირებული აგენტის სტატუსი მიიღო.

- გიყვართ კალათბურთი? - მკითხა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

რა ვუპასუხე, თავადაც მიხვდებით. დავინტერესდი მისი ბიოგრაფიით...

- ჩემპიონი ვიყავი ჭიდაობაში, ხელბურთში, ვთამაშობდი კალათბურთს, - მომიგო. სპორტის სხვა სახეობებში, შესაძლოა, წარმოვიდგინოთ ჯამლეტ ხუხაშვილი, მაგრამ არა კალათბურთში.

მოგვიანებით იგი კალათბურთში აქტიურად ჩაერთო, ტელეკომენტატორი გახდა, ხოლო შვილი, მიხეილი სწორედ სპორტის ტანმაღალ სახეობაზე შეიყვანა.

როგორც თავად გვითხრა, მიხეილი 1981 წელს თბილისის "დინამოს" ახალგაზრდებთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩამოყალიბებულ საქართველოს ნაკრებში ჯამლეტ ხუხაშვილი გუნდის უფროსად მუშაობდა.

გახსნა საკალათბურთო სკოლა "მაქაბი" და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში უცხოელი კალათბურთელები ჩამოიყვანა.

ჩემს სტუმრობას საკალათბურთო ლიგის მატჩები დაემთხვა. "დინამოს" თამაშის რეპორტაჟი ჯამლეტ ხუხაშვილს მიჰყავდა.

პლანეტის იმ მხარეს, სადაც საქართველოა (აღმოსავლეთ ევროპა), არაერთ გუნდს ჰქვია "დინამო".

ყველას თეთრ-ლურჯი ეკიპირება აქვს. მხოლოდ თბილისის "დინამოა" გამორჩეული - სპონსორის მოთხოვნით, ნარინჯისფერი ფორმა აცვია.

ამიტომ ცოტა უცნაური იყო ლურჯ-თეთრი დროშებით "შეიარაღებული" "დინამოს" მრავალრიცხოვანი ქომაგის ხილვა...

სტაბილურობა საქართველოს მახასიათებელი არ არის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანამ გამოიარა რევოლუცია, ომი რუსეთთან და მისი ორი ყოფილი ავტონომიური ოლქი განცალკევებას ესწრაფვის.

ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი - ნიჭიერ ქართველ კალათბურთელთა უმეტესობა საზღვარგარეთ თამაშობს.

როგორც ლევან მიქელაძე ამბობს, საქართველოში ბავშვთა კალათბურთში სისტემის გაუმჯობესებაა საჭირო.

მოზარდები ზოგჯერ ისეთ დარბაზებში ვარჯიშობენ, სადაც სათანადო პირობები არ არის. რაც შეეხება ჯამლეტ ხუხაშვილის სკოლას, იქ 150 ბავშვი ვარჯიშობს (6-დან 16 წლამდე) და თითო მოსწავლე თვეში 22 დოლარის ეკვივალენტს იხდის ლარებში.

Sportall.Ge* * *
"მაქაბის" სკოლაში ვარჯიშობენ ძმები რევაზაშვილები. მათ აღზრდას ჯამლეტ ხუხაშვილი დიდ ყურადღებას აქცევს, რადგან იმედი აქვს, რომ საკალათბურთო ვარსკვლავებად იქცევიან.

- ერთ წელიწადში ხუთ ძმა რევაზაშვილს გინესის რეკორდების წიგნში ვიხილავთ, - გვპირდება მწვრთნელი.

მაიზერი ძმებს შორის მესამეა, 16 წლისაა და "მაქაბის" 18-წლამდელთა გუნდში თამაშობს. იგი საშუალოდ 33 ქულასა და 17 მოხსნას აგროვებს. მაიზერი შარშან საქართველოს კადეტთა ნაკრების ღირსებასაც იცავდა.

- რევაზაშვილები მამაჩემს შვილებივით ჰყავს, - ამბობს მიხეილ ხუხაშვილი.

უფროსი, გიორგი 22 წლისაა. იგი ახალგაზრდულ ჩემპიონატში საშუალოდ 34 ქულასა და 16 მოხსნას ითვლიდა. 34 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა მეორე ძმას ლევანს, რომელიც გიორგისთან ერთად, 2012-13 წლების სეზონში სამედიცინო უნივერსიტეტის ღირსებას იცავდა.

მწვრთნელის ოთახში ბურთებს, ტელევიზორებსა და თასებს შორის სამივე ძმამ მოიყარა თავი. როცა ვკითხე, ყველაზე ძლიერი რომელია-მეთქი, ლევანმა თითით გიორგიზე მიმანიშნა.

ჯამლეტ ხუხაშვილი გაისად უმცროსი ძმების, 10 წლის ნიკასა და 6 წლის ჯაბას თბილისში ჩამოყვანას აპირებს. ისინი ამჟამად მშობლებთან ერთად რაიონში ცხოვრობენ.

- მთელი ოჯახი შესანიშნავად ისვრის, - ამბობს მწვრთნელი, - რევაზაშვილების მამა კალათბურთს არ თამაშობს, მაგრამ კარგი მონადირეა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინი: ეს ჯილდო უფრო გემრიელია და ვცდილობ, მეტად დავტკბე
გიორგი შერმადინი ევროლიგის ორგზის ჩემპიონია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული