ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი კახა შენგელია: არაფრის დათმობას ვაპირებ!

AutoSharing Option
კახა შენგელია კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ იგი საქართველოს ნაკრების წევრი იყო, კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელად მუშაობს.

გარდა ამისა, ბატონი კახა აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტიცაა. იმის შეხსენება, ალბათ, არ დაგჭირდებათ, რომ კახა შენგელია ბრუკლინელი თორნიკე შენგელიას მამაა.

1-ელ სექტემბერს "ბრუკლინის" "მედია-დღის" ამსახველი ფოტოების ძიებისას თოკოს ვერ მივაგენი. მამამისს, პირველ რიგში, სწორედ თორნიკეს ამბავი ვკითხე.

- იგი ამჟამად ბრუკლინში არ არის, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ნიუ ორლეანშია შეკრებაზე. ისინი მალე დაბრუნდებიან ნიუ იორკში და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის
მზადებას განაგრძობენ.

- ოპერაციის შემდეგ თქვენს ვაჟს ექიმებმა სრული დატვირთვით ვარჯიშის უფლება დართეს?
- ჯერ მხოლოდ სირბილის უფლება მისცეს, თუმცა გუნდთან ერთად ივარჯიშებს და ნელ-ნელა მოუმატებს. არ არის გამორიცხული, თავიდან თორნიკემ NBA-ს განვითარების ლიგაში ითამაშოს, რათა ფორმაში შევიდეს.

- წლეულს "ბრუკლინი" სერიოზულად გაძლიერდა. იყო ლაპარაკი თოკოს ევროპაში გადმოსვლაზე.
- მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, მაგრამ "ბრუკლინის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ იგი გუნდში უნდა დარჩენილიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრუკლინელებს იგი სჭირდებათ და იმედებს ამყარებენ.

თავის მხრივ, თორნიკეც მოტივირებულია, რადგან წინა სეზონთან შედარებით, კიდევ უფრო ძლიერი თანაამპლუელი კონკურენტები ჰყავს.

- მათ შორისაა ანდრეი კირილენკო...
- თუ დაგაინტერესებთ, იმასაც გეტყვით, რომ კირილენკო ჩემი თანაგუნდელიც იყო - პეტერბურგის "სპარტაკში" რომ ვთამაშობდი, ანდრეი სწორედ მაშინ იწყებდა კარიერას.

- რომელ გუნდში მუშაობთ ამჟამად?
- ლელა ცანავასთან ერთად ვწვრთნი ბავშვთა გუნდ "ბასტიონს". ვაჟების პარალელურად, გვყავს ქალთა გუნდიც. პარალელურად, აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავართ.

გადაწყვეტილი მაქვს წლეულს გასამართი კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

42 წლისა ვარ და 33 წელია კალათბურთში ვმოღვაწეობ. ჩემი ოჯახიც მთლიანად სპორტის ამ სახეობით ცხოვრობს და გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი გამოცდილება და კავშირები ქართულ კალათბურთს მოვახმარო.

- ლოგიკურია შეკითხვა საარჩევნოდ თქვენი გუნდის შესახებ...
- ცხადია, საკალათბურთო სამყაროში ჩემი გუნდიც მყავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან, ვისაც კალათბურთზე გული შესტკივა, თანამშრომლობას გამოვრიცხავ.

- არჩევნები გაიმართება არაუგვიანეს 14 დეკემბრისა. პროგრამა შედგენილი გექნებათ...
- საკუთარი ხედვა პროგრამაში მაქვს გადატანილი. დღეს მხოლოდ მოკლედ შემიძლია ვილაპარაკო სამოქმედო გეგმებზე. იმით დავიწყებ, რომ ფედერაციის კანდიდატად განაწყენებული არ მოვსულვარ. იმ დროსაც შევსწრებივარ, როცა საქართველოს ნაკრებს ფორმა არ ჰქონდა და "ვითას" მაისურით თამაშობდა.

დღეს ეროვნულ გუნდს ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი და ამიტომაცაა, მაღალ შედეგებს რომ აღწევს. თუმცა ისიც ვიცი, რომ რამდენიმე წელიწადში ეროვნულ გუნდს დაუდგება დრო, როცა ამჟამად წამყვანი კალათბურთელები კარიერას დაასრულებენ.

ვინ შეცვლის მათ? მიმაჩნია, რომ მთავარი ყურადღება სწორედ ბავშვთა კალათბურთზე უნდა გაკეთდეს.

დღეს 3-4 ასაკიდან ეროვნული ნაკრები ერთ კალათბურთელს იღებს, რაც არასაკმარისია. აუცილებელია, ერთი ასაკიდან 2-3 ისეთი მოთამაშე მაინც გამოდიოდეს, რომლებიც ნაკრებს შეავსებენ. ეს კონკურენციასაც გაზრდის და ხარისხსაც.

- რისი შეცვლაა საამისოდ საჭირო?
- რადგან არ გვაქვს საშუალება, ჩვენი მწვრთნელები მივავლინოთ საზღვარგარეთ, უნდა მოვიწვიოთ ბავშვთა კალათბურთში გამოცდილი უცხოელი სპეციალისტები. თავის დროზე სწორედ ასე მოიქცნენ თურქები, ბერძნები და კარგად ხედავთ, დღეს ამ ქვეყნებში კალათბურთი მაღალ დონეზეა.

რაც კალათბურთელის კარიერა დავასრულე, მწვრთნელად ვმუშაობ, ვიცნობ ყველა მწვრთნელს და ვიცი მათი ყველა პრობლემა.

- გასულ სეზონში "სამედიცინოს" ხელმძღვანელობდით. ამჟამად ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში აღარ თამაშობს...
- მიმაჩნია, რომ ქართულ კალათბურთში არ არის საიმისო რესურსი, რომ 10 და მეტი გუნდი გვყავდეს.

ოპტიმალურად 8 კლუბი მიმაჩნია. თუმცა იმას არ ვამბობ, რომ სხვა გუნდები უნდა დავშალოთ - საჭიროა უმაღლესის შემდეგ პირველი ლიგის ჩამოყალიბება. ამას უნდა მოჰყვეს ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელშიც ახლა 20-წლამდელები ასპარეზობენ. შეიძლება ახალგაზრდულ პირველობაზე მონაწილეთა ასაკის თუნდაც 23-მდე გაზრდა.

- ქალთა კალათბურთთან დაკავშირებითაც გექნებათ შედგენილი სამოქმედო გეგმა...
- ეს მეტად მტკივნეული და სერიოზული თემაა. ქალთა კალათბურთს რეინკარნაცია სჭირდება. ჩემი მოსაზრების ერთ წინადადებაში ჩატევას ვეცდები: არ გვაქვს უფლება, არ არსებობდეს კარგი ქალთა ნაკრებები, მაშინ, როცა გვყავდა მედეა მხეიძე, მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ოთხი ქვეყნის საკლუბო ჩემპიონი. ქალბატონი მედეას გარდა, კიდევ უამრავი წარმატებული სპორტსმენი გვყავდა, რომლებსაც ბოდიშს ვუხდი, გვარებს სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი.

- კიდევ რა საკითხებზე ამახვილებთ ყურადღებას თქვენს პროგრამაში?
- დიდი პრობლემაა დარბაზები. არაერთი არენაა მისახედი, ზოგი კალათბურთის სამსახურშია დასაბრუნებელი. მაგალითად, ყოფილი ლენინის სახელობის დარბაზი, რომელშიც არა ხორცის სავაჭრო ობიექტი, არამედ საკალათბურთო მუზეუმი უნდა იყოს განთავსებული, რადგან ეს დარბაზი ბევრის მნახველია.

მასში უამრავი თაობა აღზრდილა. მისახედია ვერის ბაღის ორი დარბაზი და დიდუბის საკალათბურთო სკოლის შენობა. როგორც ვიცი, ისინი 2015 ევროპის ახალგაზრდული ფესტივალისთვის გარემონტდება, რასაც მივესალმები.

- საინტერესოა თქვენი მოსაზრება კონკურენტებზე...
- მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას. როგორც ვთქვი, განაწყენებული არ მოვდივარ და ყველა კონკურენტს დიდ პატივს ვცემ. დარწმუნებული ვარ, თითოეულს ქართული კალათბურთის სიკეთე სურს. დაე, კალათბურთის სამყარომ გადაწყვიტოს, ვინ გახდება ფედერაციის პრეზიდენტი. ჩემი მხრივ, არაფრის დათმობას ვაპირებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რომ დაიჯახდა რატო არ წერთ
saba
18:17 02-10-2013
0
რატო მალავთ შენგელიამ ცოლი რომ მოიყვანა და ალბათ თაფლობის თვეს ატარებს
saba
18:15 02-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული