ვინ უნდა აირჩიოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი?

AutoSharing Option
4 ოქტომბერს სასტუმრო "რედისონში" საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები ვეტერან კალათბურთელებს შეხვდნენ.

შეხვეხდრის მიზანი ფედერაციის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპტიმალური წესდების შესამუშავებლად იმ ადამიანების მოსაზრებები და წინადადებები მოესმინათ, რომლებსაც ქართული კალათბურთის განვითარება-პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

შეხვედრაზე მწვავე კამათი გაიმართა არჩევნებში ხმის მქონეთა ვინაობისა და რაოდენობის დასადგენად.

ბესიკ ლიპარტელიანი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
"ჩვენი ორგანიზაციის მომავალ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე შეხვედრა დავგეგმეთ. დღეს საქმიანი სჯა-ბაასი გვქონ
და ვეტერან კალათბურთელებთან.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ახლა რეგიონებში გადავინაცვლებთ და იქაურ სპეციალისტებს და პროფესიონალებს გავესაუბრებით. ამ შეხვედრებისას გამოთქმულ წინადადებებს გამგეობა შეაჯერებს, გაითვალისწინებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს, რომელიც ფართო მასებს ეცნობება".


ვახტანგ ნაცვლიშვილი, თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
"ყრილობისთვის მზადების პერიოდში ამ კამპანიის იურიდიული მხარეა მოსაწესრიგებელი. აუცილებელია ხარვეზების გამოსწორება ფიბას რეკომენდაციების შესაბამისად.

დღევანდელი შეხვედრისას საკუთარი მოსაზრება დავაფიქსირე: ფედერაციის ბედი ფიზიკურმა პირებმა კი არა, კალათბურთის განვითარებაში ჩართულმა ორგანიზაციებმა უნდა გადაწყვიტონ.

იმედია, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, მისი გამგეობა საარჩევნო კამპანიაში არსებულ გადაცდომებს გაითვალისწინებს.

შეხვედრისას დაჯგუფებებზეც იყო ლაპარაკი. აქედანვე უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ რამდენი კანდიდატიც იქნება, იმდენი ბანაკიც ჩამოყალიბდება. ეს გარდაუვალია.

ქართულ კალათბურთში მსგავს სიტუაციას არ ვართ ჩვეული, რადგან ბოლო 12 წლის განმავლობაში ფედერაციის არჩევნებისას პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი გვყავდა. ახლა დრო შეიცვალა. ვინც უკეთეს პროგრამას წარმოადგენს, ჩვენი ფედერაციაც მას დაუჭერს მხარს".


ლევან მოსეშვილი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი:
"ბოლო წლებში რომ ვხედავდი, თუ რა ხდებოდა სპორტის სხვა სახეობათა ფედერაციებში, იმით ვიყავი ამაყი, რომ ჩვენი ფედერაცია ერთიანობით გამოირჩეოდა. ძნელად თუ ვინმე წარმოადგენდა საკალათბურთო ოჯახში განხეთქილებას.

არადა, წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა კალათბურთელებმა ტრავმირებული ლიდერების გარეშეც შესანიშნავად ითამაშეს. ეს იმის შედეგია, რომ კალათბურთის ფედერაციამ ბიჭებს კონტინენტის პირველობისთვის მოსამზადებლად ყველა პირობა შეუქმნა და ამის დაუნახაობა უმადურობა იქნება. მომდევნო ეტაპზე რომ ვერ გავედით, ეს მხოლოდ უიღბლობის ბრალია.

მე თუ ვინმე მკითხავს, ამ გუნდს ნამდვილად არ დავშლიდი".


ვაჟა ჟღენტი, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი:
"ქუჩაში უბრალო ადამიანები, ქომაგები რომ გვეკითხებიან, ქართულ კალათბურთში რა ხდებაო, ჩვენ, ვეტერანები, ვერაფერს ვპასუხობთ, რადგან არავინ არაფერს გვეკითხება. დღევანდელმა შეხვედრამ კი ბევრი რამ გაარკვია, განსაკუთრებით კი ის, თუ რა გვაღელვებს ვეტერანებს, რაზე შეგვტკივა გული.

კალათბურთი ვიღაც-ვიღაცების კი არა, ქართველი ხალხის კუთვნილებაა და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.

დღეს ბევრი რამ გაირკვა. ვილაპარაკეთ, ვინ უნდა ირჩევდეს ფედერაციას, გამგეობას, ფედერაციის პრეზიდენტს. აქ სიტყვა ვეტერანებსაც გვეთქმის, რადგან ქართული კალათბურთის განვითარებაში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი. იმედია, ფედერაციის გამგეობა ჩვენს წინადადებებს და სურვილებს გაითვალისწინებს".


ვალერი ლომაძე, ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის პრეზიდენტი:
"ფედერაციის ყრილობის მოახლოებასთან დაკავშირებით ბოლო დროს დაძაბულობამ და უსიამოვნო აჟიოტაჟმა იმატა.

ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის, ყველა ცდილობს, ფედერაცია გააკრიტიკოს, არადა, იგი ამას არ იმსახურებს, განსაკუთრებით იმ ხალხისგან, ვისაც ჩვენში კალათბურთის გასავითარებლად თითი თითზე არასდროს დაუკარებია.

ამას წინათ ნაკრების წევრმა ვიქტორ სანიკიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეროვნული გუნდის წევრებს ფედერაციის გარშემო არსებული დაძაბულობა არც გვიგრძვნიაო. დიახ, ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა ნაკრების წევრებისთვის სრული კომფორტის შესაქმნელად.

მახსოვს, თბილისის "დინამო" ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე იტალიის ჩემპიონ "სიმენტალთან" სათამაშოდ რომ მიემგზავრებოდა, გუნდს ახლდა დედაქალაქის აღმასკომის თავმჯდომარე. ევრობასკეტზე მიმავალი ჩვენი ბიჭებისთვის კი გზაც არავის დაულოცავს.

სამაგიეროდ, ვიღაც-ვიღაცები ფედერაციის არჩევნებისთვის გააქტიურდნენ. განსაკუთრებით, ზოგიერთი სასპორტო სკოლისა და სასპორტო კლუბის ხელმძღვანელები, რომლებსაც ქართულ კალათბურთთან შეხება არასდროს ჰქონიათ.

დავიჯერო, ქართული კალათბურთის ბედი ყოფილმა მოჭიდავემ უნდა გადაწყვიტოს და ყრილობაზე ვაჟა ჟღენტს, გურამ მინაშვილს, ლევან მოსეშვილს, ნიკოლოზ დერიუგინს, ვაჟა გვანცელაძეს, გურამ აბაშიძეს და სხვა დამსახურებულ კალათბურთელებს არაფერი ესაქმებათ?"


ნოდარ ქორქია, ვეტერანი კალათბურთელი:
"ქართული კალათბურთი ისე დაქსაქსული არ არის, როგორც ეს გარედან ჩანს. ეს დღევანდელმა შეხვედრამაც დაადასტურა.

მეც მხარს ვუჭერ მოსაზრებას, რომ ქართველ ვეტერანთა საბჭოს ყრილობაზე ერთი კი არა, ხუთი ხმა მაინც უნდა ჰქონდეს. ვეტერანები ამას იმსახურებენ.

შესაძლოა, ფედერაციის პრეზიდენტად მეც წამოვაყენო ჩემი კანდიდატურა, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ვინმეს პიროვნულად დავუპირისპირდე. საარჩევნო ციებ-ცხელება რომ ჩაივლის, მერე ჩვენს ერთიან ოჯახში ბზარი არ უნდა გაჩნდეს - ვალდებული ვართ, ყველა ერთად გავისარჯოთ ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული