მაგრამ ასე არ ხდება, წესდებასთან დაკავშირებით დიდი დავაა ატეხილი და ვისმენთ ათასგვარ ურთიერთბრალდებას. პრეზიდენტობის მსურველებმა ისიც არ იციან, რამდენი დელეგატი უნდა იყოს საარჩევნო ყრილობაზე.
რას ედავება "კალათბურთელთა კავშირი" კალათბურთის ფედერაციას და თავის მხრივ, ფედერაციის ხელმძღვანელობა რას აბრალებს სპორტის მინისტრს, ამაზე აქამდეც ბევრი დაგვიწერია და ახლა აღარ დავაკონკრეტებთ.
პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატ
- კალათბურთელები ვამაყობდით, რომ ერთმანეთთან კარგად ვიყავით და არ ყოფილა კონფლიქტი, კომპრომატებით ლაპარაკი... თუმცა ამას დღეს ვერ ავცდით. პოლიტიკაში მსგავსი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც სამწუხაროდ, კალათბურთშიც გადმოვიდა. ამ სახეობის წარმომადგენლებიც საზოგადოების ნაწილი ვართ, ბევრი მსგავსი თვისება გაგვაჩნია, ერთით განვსხვავდებით - ცოტა მაღლები ვართ.
აზრთა სხვადასხვაობა საჭიროა. ეს გვიჩვენებს, რომ საზოგადოება (ამ შემთხვევაში საკალათბურთო) ცოცხალია და ავად თუ კარგად საქმე კეთდება. მთავარია, ამა თუ იმ დაბრკოლებას როგორ გადავლახავთ და დაზარალდება თუ არა კალათბურთი.
იყო შეთავაზება: ტელედებატებში დავსხდეთ და იქ განვიხილოთ, ვინ არის მართალი და ვინ - არაო. მე კი მიმაჩნია, რომ მიკროფონები მოლაპარაკებას ხელს შეუშლის, ტელეეთერში, ხალხის გასაგონად ზოგი იმის მტკიცებას მოყვება, რომ მისი მხარეა მართალი, იქნება თავის გამოჩენის მცდელობაც. საქმეზე დახურულ კარს მიღმა, საქმიან ვითარებაში უნდა ისაუბრონ და მასმედიასთან სასაუბროდ მხოლოდ იმის შემდეგ მივიდნენ, რაც კონსენსუსამდე მივლენ და ხელს ჩამოართმევენ. სიტუაციის გამწვავებამ და კონფლიქტის გაღრმავებამ, შესაძლოა კატასტროფამდე მიგვიყვანოს.
- პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისასაც აღნიშნეთ, რომ ფედერაციაშიც და "კალათბურთელთა კავშირშიც" თქვენი მეგობრები არიან. თუ გიფიქრიათ შუამავლის როლი იკისროთ მხარეთა შეთანხმებაში. ძირითადი დავა ხომ საარჩევნო ხმების რაოდენობაზე მიმდინარეობს.
- ორი მხარის დავაში თავს დაჩაგრულად ვგრძნობ, რადგან მთელი ყურადღება დაპირისპირებას ეთმობა და არ მაქვს საშუალება შევხვდე საკალათბურთო საზოგადოებას, მასმედია გამოვიყენო საკუთარი მიზნების გასაცხადებლად, ავუხსნა, რას ვაპირებ, რატომ ვიბრძვი და რამ განაპირობა საარჩევნო ბრძოლაში ჩართვა.
შეიძლება დღევანდელი სიტუაცია პიარისთვის ორივე მხარეს აწყობდეს, მაგრამ არა კალათბურთს. ფედერაციაში ყველა ჩემი მეგობარია, მათთან ერთად მითამაშია: ზოგი, გუნდში რომ მივედი გამოცდილი დამხვდა და მასწავლიდა, ან ახალგაზრდა მოვიდა და მე ვასწავლიდი.
ამასთან, საკალათბურთო საქმიანობაში ოთხი მხრიდან ვარ ჩართული და მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა მაქვს ფედერაციასთან: "ჰიუნდაი", რომლის მენეჯერიც გახლავართ, ეროვნული ნაკრების სპონსორია; ვეტერანთა ნაკრების სპონსორებიც გახლავართ და გვაქვს საკალათბურთო სკოლა "ჰიუნდაი", რომელიც სხვადასხვა ასაკის საქართველოს ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობს (5-დან 3 შეჯიბრებაში ჩემპიონი გახდა). "თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის" ვიცე-პრეზიდენტიც ვარ, ჩავატარეთ ორი საკალათბურთო ფესტივალი, ქუჩის კალათბურთი ბავშვებში, ახლახან კი დასრულდა ჯერ თბილისის ჩემპიონატი 16-წლამდელთა შორის, შემდეგ 18-წლამდელებში.
ახლა "კალათბურთელთა კავშირზე": ერთ-ერთი დამფუძნებელია ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ლეგენდა გურამ მინაშვილი. იგი დადებითი პიროვნებაა. ზურაბ გრძელიძესთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი თბილისის "დინამოში" და ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს.
რაც შეეხება მიხეილ ახვლედიანს, მასთან მხოლოდ კალათბურთი არ მაკავშირებს. ჩვენი მეგობრობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი. ორივე მხარეს ვთავაზობ, მობრძანდნენ ჩვენთან, ოფისში, გვაქვს საშუალება დიდ ოთახში მივიღოთ 25-30 სტუმარი, ჩაიკეტონ, თუ სურვილი ექნებათ, მეც დავესწრები და პირობას გაძლევთ, არ გამოვუშვებ, ვიდრე არ შეთანხმდებიან და ხელს არ ჩამოართმევენ.
- საინტერესოა, თქვენს პროგრამაში როგორ ხედავთ საპრეზიდენტო არჩევნებს.
- ვიდრე პროგრამაზე ვისაუბრებდე, კალათბურთის ფედერაციის მართვის სისტემას შევეხები. ოღონდ ეს ჯერ იდეის დონეზეა და არც პროგრამაშია შესული. იმისთვის, რომ მომავალში მსგავს დაპირისპირებებს თავი ავარიდოთ, აუცილებელია ერთი კაცის ცდუნება გამოირიცხოს.
საზოგადოებას ასეთ სქემას ვთავაზობ: არსებობდეს კალათბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტი, რომელზეც დაინიშნება არასაპენსიო ასაკის საკალათბურთო საზოგადოებაში მისაღები პიროვნება. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მან ავტომატურად უნდა დატოვოს პოსტი. ფედერაციის მართვა დირექტორთა საბჭოს (3-4 ადამიანი) ხელში უნდა იყოს, რომელიც შემდეგი წესით აირჩევა: საბჭოში მოხვდებიან ისინი, რომლებიც არჩევნებში ხმების მიხედვით საუკეთესო ოთხეულში (თუ საბჭოში ოთხი ადამიანი იქნება) მოხვდებიან. ასევე უნდა არსებობდეს სათათბირო ორგანო გამგეობის სახით. გადაწვეტილება უნდა მიიღონ მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე.
ეს იდეა განსახილველად იურისტებს მივაწოდე, რომლებიც შესწავლის შემდეგ მეტყვიან, რამდენად განხორციელებადია.
- თქვენს პროგრამას დავუბრუნდეთ. რაზე გაამახვილებთ ყურადღებას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მოსვლის შემთხვევაში?
- პროგრამა ვრცელია და შესაძლოა, საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობის მიზნით მისი შეკუმშვაც მოგვიწიოს. ჩვენს თანამემამულეებიდან ზოგს მოსმენა არ უყვარს და რაც უფრო დიდ ფორმატში იქნება, მით ნაკლები შანსია მისი წაკითხვისა. პროგრამაში ოქროს კოშკებს არავის ვპირდები.
დავიწყოთ საქართველოს ნაკრებით. ევროპის ჩემპიონი ვერ გავხდებით, მაგრამ რასაც გუნდმა მიაღწია, შენარჩუნება სჭირდება. ეს კი იოლი ნამდვილად არ იქნება. კალათბურთის მოქმედი ფედერაციის ხელმძღვანელობამაც პრიორიტეტად ნაკრები დაისახა, სწორედ ეროვნულმა გუნდმა უნდა წარმოაჩინოს ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით.
შესაძლოა, რესურსის სიმცირის გამო ფედერაციამ ღრმა რეფორმები ვერ განახორციელა. ეს ძნელიც იქნებოდა, რადგან 90-იანი წლების შემდეგ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ჭაობში ვიყავით.
- თვლით, რომ კალათბურთის ფედერაციამ 12 წლის განმავლობაში რაც გააკეთა, მაქსიმუმი იყო, თუ მიგაჩნიათ, რომ ზოგიერთი საქმის უკეთესად შესრულება შეიძლებოდა?
- მაგალითად, ბავშვთა კალათბურთში ძალიან რბილი და მიშვებული მდგომარეობაა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ არსებობს სკოლები, სადაც მწვრთნელები ბავშვებს ავარჯიშებენ, მაგრამ შეჯიბრებებზე არ გაჰყავთ. არც ის მიმაჩნია სწორად, ცეკვაზე იმიტომ რომ ატარებენ, ქორწილში იცეკვოსო, მაგრამ თუ კალათბურთელი შეჯიბრებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, მაშ რისთვის ვარჯიშობს, ან როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სპორტსმენად? ასეთ ჯგუფებს ბევრი ტალანტი გაუცდენიათ და შემდეგ ბევრსაც უნანია.
- პროგრამაში ბავშვთა კალათბურთზეც გექნებათ განვითარების გეგმა?
- დღეისთვის კომპლექსური კვლევაა ჩასატარებელი, რომ გამოიკვეთოს, რა დარგში როგორი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, ბავშვებით დაწყებული, მწვრთნელების მომზადებით დამთავრებული. უფრო თუ დავკონკრეტდებით, მნიშვნელოვანია ფიზკულტურის ინსტიტუტში კალათბურთის კათედრის აღდგენა, რომელიც მეცნიერულ დონეზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, მოამზადებს საკალათბურთო მწვრთნელებს, მსაჯებს, ჩინოსნებს...
საქართველოში ბევრ შენობას პროფილი შეუცვალეს. ეს საკალათბურთო დარბაზებზეც ითქმის - ზოგში ხორცის მაღაზიაა გახსნილი... დარბაზების საკალათბურთო სარგებლობაში დაბრუნებაზე სახელმწიფოსთან აქტიური მუშაობაა საჭირო, როგორც ადგილობრივ, ასევე სამინისტროს დონეზე.
მეტად მნიშვნელოვანია კალათბურთის პოპულარიზაცია. საფუძვლიანი კვლევა ამ საკითხშიც დაგვეხმარება. ავიღოთ ერთი მაგალითი: ვთვლი, რომ დღეს 10-11 წლის ასაკში კალათბურთის სექციაში შესვლა დაგვიანებულია. პატარები უფრო ადრე უნდა შევიდნენ დარბაზში. ამისთვის თუნდაც საბავშვო მწერლებთან უნდა ვითანამშრომლოთ, რათა შეიქმნას ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც მოზარდს კალათბურთით დააინტერესებს, სპორტის ამ სახეობას შეაყვარებს.
ჩემი საბოლოო ამოცანაა, კალათბურთი გახდეს ეკონომიკის დარგი, რომელიც თავს შეინახავს. საამისოდ ყველაფერი სწორად უნდა გაიწეროს, ისე რომ კურსისა თუ ფედერაციის ცვლილებამ არ იმოქმედოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"