აი, რა დაწერა "სოვეტსკი სპორტმა"
- გული გამიჩერდა, - იხსენებს მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ კონდრაშინი.
ბურთს ამერიკელი დაგ კოლინზი დაეუფლა და საბჭოელთა კალათისკენ დაიძრა. მას საკანდელიძე წამოეწია და, რა თქმა უნდა, დაჯარიმდა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მეტოქეს ზურაბი რომ არ დაწეოდა: კოლინზი ორ ჯარიმას არ ისროდა (თუმცა ჩააგდო), კონდრაშინი წუთშესვენებას ვერ აიღებდა და რაც მთავარია, არ იქნებოდა ლეგენდარული 3 წამი, რომლის დროსაც ედეშკოს სასწაული პასით საშა ბელოვმა სსრკ-ს პირველი საკალათბურთო ოლიმპიური ოქრო მოუტანა.
მიხეილ ქორქია იხსენებდა:
- შოკში აღმოვჩნდი, როცა მწვრთნელმა ამერიკელებთან მატჩამდე მითხრა, რომ მე და საკანდელიძეს სასტარტო ხუთეულში უნდა გვეთამაშა. ამოციებს ძლივს ვფარავდი. ზურაბი კი ამ ფაქტს მშვიდად შეხვდა. იმ მომენტისთვის იგი მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის პირველობის ოთხგზის გამარჯვებული იყო. ძალიან ბრაზდებოდა, როცა მიუნხენში ყოველ მატჩზე 15-18 წუთს ათამაშებდნენ. ფინალის წინ სსრკ-ს სპორტკომიტეტის თავმჯდომერე სერგეი პავლოვმა კონდრაშინს ჰკითხა: საკანდელიძეს ცოტას რატომ ათამაშებო? მწვრთნელმა მიუგო - იგი ფინალში ჩვენს საიდუმლო იარაღად უნდა იქცესო. სხვათა შორის, ამერიკელებთან ზურაბმა 8 ქულა მოაგროვა და ალექსანდრე ბელოვთან ვიცე-სნაიპერობა გაიყო.
ალჟან ჟარმუჰამედოვი განაგრძობს:
- ზურაბი გუნდში ყველას უყვარდა. მას იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა. მოედანზე აზარტული იყო, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა. შეტევისას კი მისებრი სწრაფი კალათბურთელი ბევრი არ მეგულება. ზურაბს შეეძლო წამის მეასედებში სწორი გადაწყვეტილების მიღება. მიუნხენური მატჩის გახსენებისას "ოქროს პასს" და "ოქროს ტყორცნას" ვახსენებთ. არადა გვავიწყდება, საკანდელიძის ფოლი, რომელსაც ასევე "ოქროს" ღირებულება ჰქონდა.
სიტყვა ივან ედეშკოს დავუთმოთ:
- როგორც ვიცი, საკო ქართველი დიდებულების შთამომავალი იყო. ალბათ, მისი ღირსეული, ფეთქებადი თამაშიც იქიდან მოდიოდა. იგი სსრკ-ს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მცველი გახლდათ. გარღვევაზე გასული საკანდელიძისთვის ბურთის ოთხი მეტრით წინ გადაცემაც შეიძლებოდა, რადგან იგი ბურთს აუცილელად დაეწეოდა. როცა იგი მიხეილ ქორქიასთან ერთად მოედანზე აღმოჩნდებოდა მხოლოდ "მიშიკო" და "ზურიკო" ისმოდა. ამას მოსდევდა ელვისებური კალათბურთი. ჩემს კოლექციაშია ვიდეოფირი, რომელშიც 1972 წლის ოლიმპიადაზე ამერიკელთა გამოსვლაა აღწერილი. მასში პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთშია არეული, ლაპარაკობენ ბრეჟნევსა და სტალინზე. ამერიკელები ხომ თვლიდნენ, რომ გამარჯვება პოლიტიკოსებმა მოგვყიდეს სსრკ-ის 50 წლისთავთან დაკავშირებით. ვიდეოფირის გარეკანზე საკანდელიძეა გამოსახული: ბურთთან ერთად მოედანს ზემოდან ევლება, ნახევრადგაღებული პირით, ელვარე თვალებით... ალბათ, სტალინის თანამემამულე ფილმის ავტორებისთვის "ბოროტების იმპერიის" გამოხატულება იყო. არადა, საკანდელიძე სიკეთის განსახიერება გახლდათ. მის სტუმართმოყვარეობას საზღვარი არ ჰქონდა. უნდა გენახათ, როგორ სუფრებს შლიდა თბილისში.
მიხეილ ქორქიას მონათხრობით დავამტავროთ:
- ზურაბმა კალათბურთის თამაში 1974 წელს დაასრულა. კიდევ შეეძლო გუნდისთვის სარგებელის მოტანა, მაგრამ სტიმული აღარ გააჩნდა. პროფესიით ქიმიკოსმა იოლად იპოვნა გზა კარიერის დასრულების შემდეგ. თუმცა მოულოდნელად თავს უბედურება დაატყდა - დაეღუპა 31 წლის ვაჟი. საქართველოში ყველა საქმე სუფრასთან წყდება. ვერ ვიტყვი, რომ ამით ზურაბ საკანდელიძე ბოროტად სარგებლობდა, უბრალოდ სუსტი ღვიძლი აღმოაჩნდა. დასანანია, რომ მის დაკრძალვაზე 1972 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული არც ერთი კალათბურთელი არ ჩამოვიდა. ვინ მოიგონა, სავიზო რეჟიმი..."
საკანდელიძის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში მიხეილ ქორქია დაიღუპა. მომდევნო კვირას სწორედ ქორქიაზე დავწერთ.
ევრობასკეტი-1969
ნეაპოლი, კასერტა (იტალია)
I ეტაპი
A ჯგუფი
სსრკ-უნგრეთი 95:63
საკანდელიძე: 15 ქულა, 2 ფოლი.
სსრკ-საბერძნეთი 83:63
საკანდელიძე: 10ქ, 4ფ.
სსრკ-შვედეთი 91:47
საკანდელიძე: 4 ქულა.
სსრკ-ბულგარეთი 85:62
საკანდელიძე: 2ქ, 1ფ.
სსრკ-იუგოსლავია 61:73
საკანდელიძე: 6ქ, 3ფ.
თ მ წ სხ ქ
1. იუგოსლავია 5 5 0 447/282 10
2. სსრკ 5 4 1 415/308 9
3. ბულგარეთი 5 3 2 359/363 8
4. უნგრეთი 5 2 3 335/380 7
5. საბერძნეთი 5 1 4 338/400 6
6. შვედეთი 5 0 5 312/473 5
1/2 ფინალი
სსრკ-ჩეხოსლოვაკია 83:69
საკანდელიძე: 6ქ, 2ფ.
იუგოსლავია-პოლონეთი 76:74
ფინალი
სსრკ-იუგოსლავია 81:72
საკანდელიძე: 0ქ, 3ფ.
ევრობასკეტი-1971
ესენი, ბობლინგენი (გერმანია)
I ეტაპი
A ჯგუფი
სსრკ-რუმინეთი 83:55
საკანდელიძე: 2ქ, 2ფ.
მ. ქორქია: 2ქ, 2ფ.
სსრკ-გფრ 91:54
საკანდელიძე: 7ქ.
მ. ქორქია: 2ქ, 3ფ.
სსრკ-ესპანეთი 118:58
საკანდელიძე: 2ქ.
მ. ქორქია: 13ქ, 5ფ.
სსრკ-საფრანგეთი 75:63
საკანდელიძე: 4ქ, 5ფ.
მ. ქორქია: 2ქ. 2ფ.
სსრკ-პოლონეთი 94:73
საკანდელიძე: 2ქ, 3ფ.
მ. ქორქია: 8ქ, 2ფ.
თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 5 5 0 461/303 10
2. პოლონეთი 5 4 1 405/376 9
3. რუმინეთი 5 3 2 349/368 8
4. ესპანეთი 5 2 3 352/412 7
5. გფრ 5 1 4 353/385 6
6. საფრანგეთი 5 0 5 322/398 5
1/2 ფინალი
სსრკ-იტალია 93:66
საკანდელიძე: 6ქ, 4ფ.
მ. ქორქია: 2ქ, 1ფ.
პოლონეთი-იუგოსლავია 75:100
ფინალი
სსრკ-იუგოსლავია 69:64
საკანდელიძე: 8ქ, 2ფ.
მ. ქორქია: 0ქ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"