ტრიბუნის მეათე რიგში, ბურთის გადასარჩენად

AutoSharing Option
მიხეილ ქორქია 1948 წლის 10 სექტემბერს ქუთაისში დაიბადა. 1971 წლიდან 1978-მდე საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა. 1972 წელს ოლიმპიადა მოიგო, ერთი წლით ადრე - ევროპის ჩემპიონატი. 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, ამავე სინჯის მედალი მიიღო 1975 და 77 წლების ევრობასკეტებზე. 1976 წლის ოლიმპიადაზე კი ბრინჯაო მოიგო.

გარდაიცვალა 2004 წლის 7 თებერვალს.

ევრობასკეტი-1977
ლიეჟი, ოოსტენდე (ბელგია)
I ეტაპი
A ჯგუფი
სსრკ-ავსტრია 101:61
მ. ქორქია: 6 ქულა, 1 ფოლი.

სსრკ-ბულგარეთი 117:96
მ. ქორქია: 11 ქულა, 3 ფოლი.

სსრკ-ისრაელი 103:69
მ. ქორქია: 9 ქულა, 4
ფოლი.

სსრკ-იტალია 87:95
მ. ქორქია: 10 ქულა, 2 ფოლი.

სსრკ-საფრანგეთი 115:74
მ. ქორქია: 11 ქულა, 1 ფოლი.

თ მ წ სხ ქ
1. იტალია 5 5 0 428/370 10
2. სსრკ 5 4 1 523/395 9
3. ბულგარეთი 5 3 2 444/464 8
4.ისრაელი 5 2 3 427/438 7
5. საფრანგეთი 5 1 4 377/449 6
6. ავსტრია 5 0 5 384/467 5

1/2 ფინალი
სსრკ-ჩეხოსლოვაკია 91:76
მ. ქორქია: 2 ქულა, 2 ფოლი.

იუგოსლავია-იტალია 88:69

ფინალი
სსრკ-იუგოსლავია 74:61
მ. ქორქია: 2 ქულა, 2 ფოლი.


ევრობასკეტი-1979
იტალია
I ეტაპი
B ჯგუფი
სსრკ-ჰოლანდია 92:84
სსრკ-ბულგარეთი 104:71
სსრკ-ესპანეთი 90:101

თ მ წ სხ ქ
1. ესპანეთი 3 3 0 291/254 6
2. სსრკ 3 2 1 286/256 5
3. ჰოლანდია 3 1 2 254/279 4
4. ბულგარეთი 3 0 3 234/276 3

II ეტაპი
სსრკ-იუგოსლავია 96:77
სსრკ-ჩეხოსლოვაკია 71:66
სსრკ-ისრაელი 92:71
სსრკ-იტალია 90:84

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 5 4/1 439/399 9
2. ისრაელი 5 3/2 408/435 8
3. იუგოსლავია 5 3/2 453/432 8
4. ჩეხოსლოვაკია 5 2/3 419/430 7
5. იტალია 5 2/3 403/417 7
6. ესპანეთი 5 1/4 465/474 6

ფინალი
სსრკ-ისრაელი 98:76

ევროპის 1977 წლის ჩემპიონატზე ითამაშა მიხეილ ქორქიამ, რომელიც ტურნირზე საშუალოდ 7.3 ქულას აგროვებდა. მომდევნო ევროპის ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა (უარყოფითი თვალსაზრისით) - სსრ კავშირის ნაკრებმა პირველად ითამაშა ქართველი კალათბურთელის გარეშე...

2004 წლის სექტემბერში გაზეთ "სოვეტსკი სპორტში" ჟურნალისტმა ბორის ვალიევმა მიხეილ ქორქიას შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა...

"2004 წლის სამ თებერვალს ოლიმპიური ჩემპიონის, მიხეილ ქორქიას ტელეფონის ნომერი ავკრიფე. გაცნობის მიზეზი არცთუ სასიამოვნო იყო - ერთი კვირის წინათ გარდაცვლილი ზურაბ საკანდელიძის შესახებ სტატიას ვამზადებდი.

- ზურაბის სიკვდილი მოულოდნელი არ იყო, რადგან იგი მძიმედ ავად იყო. ამის მიუხედავად ადგილს ვერ ვპოულობ, ზურიკომ თან ჩემი ნაწილი წაიღო, რადგან მუდმივად ერთად ვიყავით, - მითხრა ბატონმა მიხეილმა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ქორქიამ მართლაც ვერ იპოვა ადგილი და...

6 თებერვალს დავურეკე და სტატიის გამოსვლა ვაცნობე.

- მადლობა, რომ ვეტერანები გახსოვართ. პუბლიკაციას ინტერნეტში აუცილებლად წავიკითხავ, - დამპირდა მიხეილ ქორქია და 7 საათის შემდეგ... გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა.


***
2002 წელს მიუნხენში მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატს ვესწრებოდი. წამოსვლის წინ ერთი კოლეგა მომიახლოვდა და მითხრა: იცი, სად ვართ? ამ დარბაზში 1972 წელს სსრკ-მა ამერიკას ოლიმპიადა მოუგოო.

1972 წლის მერე ოლიმპიურ ფინალზე იმდენი დაიწერა, რომ ერთ სქელ წიგნად აიკინძება. დიდი ადგილი დაეთმობოდა კონდრაშინს, ედეშკოს, ბელოვს, საკანდელიძეს... მაგრამ ახლა ნაკრების მე-11 ნომერ მიხეილ ქორქიაზე ვილაპარაკებ.

მიუნხენის ფინალში მან მოედანი მატჩის შუაში დატოვა - ამერიკელ დუაით ჯონსთან იჩხუბა და ორივე გააძევეს. ნამატჩევს მწვრთნელმა კონდრაშინმა ქორქიას უთხრა:

- ეს შენი საუკეთესო შეხვედრა იყო, თამაშიდან ამერიკელთა წამყვანი მოთამაშე გამოთიშეო.

ქორქიამ, რომელსაც მეორე დღეს 24 წელი შეუსრულდა, ამ ეპიზოდს ერთი სადღეგრძელო მიუძღვნა.

***
სერგეი კოვალენკო იხსენებს:

- მიშას პატარაობიდან ვიცნობდი, სსრკ-ს სპარტაკიადებზე ერთ გუნდში ვთამაშობდით. სსრ კავშირის იუნიორთა ნაკრებშიც ერთად მოვხვდით, მე - სტუ-დან, მიშა - "დინამოდან". 1965 წელს იტალიის ქალაქ სან ჯორჯოში ევროპის კადეტთა პირველობა დამაჯერებლად მოვიგეთ. შეჯიბრების დასრულების შემდეგ ბილეთებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა და აპენინური ვოიაჟი ერთი-ორი დღით გაგვიგრძელდა. ამ დროში სამხრეთში, ქალაქ ბრინდიზში უფროსების ტურნირზე მიგვიწვიეს. ეს შეჯიბრებაც იოლად მოვიგეთ, ფინალში იტალიის ნაკრები დავამარცხეთ. კარგი დრო იყო, იქაური ქომაგები ჩვენი თამაშით იმდენად მოიხიბლნენ, რომ შინ გვეპატიჟებოდნენ, კინოთეატრებში უფასოდ გვიშვებდნენ... განსაკუთრებული პატივისცემით ქორქია სარგებლობდა, რომელიც ჩვენს გუნდში გამორჩეული იყო. იტალიელებმა იგი თავისიანად მიიღეს, ალბათ სამხრეთული ტემპერამენტის გამო. იგი ძალიან სწრაფი, მოქნილი კალათბურთელი იყო, შეტევის დასრულება მოედნის ნებისმიერი წერტილიდან შეეძლო. მიშა თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა, შეიძლება ბურთის გადასარჩენად ტრიბუნების მეათე რიგშიც გადამხტარიყო.

კოვალენკო ტრიბუნებთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ამბავსაც იხსენებს:

- თბილისის სპორტის სასახლის ვიპ-ლოჟაში უკვე ორი სკამი იყო ოლიმპიური ჩემპიონების სახელებით "ქორქია" და "საკანდელიძე" (იქ არავინ ჯდებოდა), როცა ერთი ინციდენტი მოხდა, რასაც თავად მიშა უხალისოდ იხსენებდა. სსრ კავშირის ჩემპიონატის რიგითი მატჩისას მეტოქის ფარქვეშ ქორქიამ შეცდომა დაუშვა. ტრიბუნებიდან ვიღაცამ შეიგინა. მიშას რეაქცია წამიერი იყო. იგი არც იმას მოერიდა რომ უხამსი ენის პატრონი მე-7 რიგში იჯდა, გადახტა... თუმცა ვიდრე დანიშნულების ადგილს მიაღწევდა, გვერდით სკამზე მჯდომს შემთხვევით ფეხი მოტეხა. ...მკურნალობის ხარჯები თავად გადაიხადა.


***
მიხეილ ქორქიას ინტერვიუს დასაწყისში მიუნხენის ოლიმპიადაზე ვკითხე:

- უფროსკლასელი ვიყავი და კარგად მახსოვს 1972 წლის ფინალის შემდეგ თქვენი ბედნიერი სახე...
- 1987 წლამდე მეც მეგონა, რომ ეს გამარჯვება უბედნიერესი წამი იყო, მაგრამ 1987 წელს, როცა ციხიდან გამოვედი, მივხვდი, რომ თავისუფლება გაცილებით ძვირფასი იყო.

- ციხეში რატომ მოხვდით?
- ეგრედწოდებული "ჩრდილოვანი ეკონომიკის" გამო, რომელიც ახლა ბიზნესად იწოდება. ალბათ, მაშინ ჩემი დაჭერა ვიღაცას საჩვენებლად სჭირდებოდა.

- ბიზნესში წასვლის წინ "დინამოს" ავარჯიშებდით. მას მერე კალათბურთში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
- კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში ვმონაწილეობდი, მაგრამ დავმარცხდი.


***
თანაგუნდელის შესახებ 1972 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ ბოლოშევსაც ველაპარაკე:

- მიუნხენის ოლიმპიადის წინ ბრაზილიაში შეკრებაზე ვიყავით. სან პაულუს მუზეუმში შევედით, სადაც ათასგვარი ნიანგისა და გველის ფიტული ვნახეთ. გატრუნულები დავდიოდით და უკომენტაროდ ვათვალიერებდით "ლამაზ" ექსპონატებს. მოულოდნელად, გუნდის მთავარი ხუმარა ივან ედეშკო მიშა ქორქიას მიეპარა და ფეხზე სწვდა. რა დღე დაადგა ედეშკოს, ამის სიტყვით აღწერა შეუძლებელია - ქორქიამ რა "ეპითეტებით" შეამკო ივანი, თავად წარმოიდგინეთ.

მიხეილს ხუმრობა არანაკლებ შეეძლო, ერთხელ ბაზის "წითელ კუთხეში" პოლიტბიუროს წევრების სურათთან მივიდა და თქვა: "ერთი მათგანი მაინც ყოფილიყო ბიძაჩემი, არც ამდენი ოფლისღვრა დამჭირდებოდა და არც ოლიმპიადის მოგებაო..." სხვათა შორის, მისი ბიძა 1952 წლის ოლიმპიადის მეორეადგილოსანი ოთარ ქორქია იყო.

ბოლოშევმა ცხოვრებისეული ამბავიც გაიხსენა:

- ერთხელ მიშა მოვიდა და მითხრა: "ბალაშ, ერთი გოგონა მიყვარს, მაგრამ მისი მშობლები წინააღმდეგი არიან. არ ვიცი, რა ვქნაო". მალე ქორქიამ მომავალი მეუღლე, მანანა, მოიტაცა და ლენინგრადში, საშა ბელოვთან ჩაიყვანა. შემდეგ თავად მანანაც არ მალავდა, რომ მიშას ლენინგრადში ნებით წაჰყვა. საინტერესოა, რომ ქორქიამ ალექსანდრე ბელოვის გაბედნიერებაში შეიტანა წვლილი: ბელოვს კალათბურთელი ალექსანდრა ოვჩინიკოვა მოსწონდა. ოლიმპიელთა ერთერთი შეკრებისას მასთან მიხეილ ქორქია მივიდა და ჰკითხა: ბელოვზე რას ფიქრობო. ქალმა დაუფიქრებლად უპასუხა: ძალიან მომწონსო. ...მეორე დღეს ალექსანრდამ საშასგან წერილი მიიღო - უნდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთ!..


***
ბოლოს მიხეილ ქორქიას მეუღლეს, ქალბატონ მანანას მოვუსმინოთ:

- აგარაკზე ვცხოვრობდით (თბილისიდან 20 წუთის სავალზე). საბედისწერო საღამოს, როგორც ყოველთვის, სტუმრები გვყავდა. როგორც ოჯახის უფროსს შეშვენის, მიშა თამადა იყო. სადღეგრძელოებს შორის შვილიშვილებთან თამაშს ასწრებდა. სტუმრები რომ გავაცილეთ, დასაძინებლად დავწექით. ღამის ორ საათზე მიშამ მითხრა - ცუდად ვარო. გულთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და დაუყოვნებლივ "სასწრაფოს" გამოვუძახე. მანქანა 10 წუთში მოვიდა, ექიმებმა ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ... ოჯახში ერთი გაზეთი გვაქვს, რომელშიც მიშას ინტერვიუა. აი, რას ამბობს: "გულის უკმარისობა სერიოზული დატვირთვების შედეგია, რომელსაც ჩვეულებრივი ცხოვრება მოჰყვა..."


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული