გორის "დილას" შესაძლოა საკალათბურთო გუნდიც დაემატოს

AutoSharing Option
ქართულ საკალათბურთო რუკაზე მალე შეიძლება ახალი გუნდი ვიხილოთ - გორის "დილა". ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, შიდა ქართლს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ესტუმრნენ.

ვიზიტის შესახებ დაწვრილებით ვკითხულობთ ფედერაციის პრესრელიზში:

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსი ალეკო პეტრიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა მიიღო.

შეხვედრას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ჯოხაძე, მერიის ხელმძღვანელი პირები და საფეხბურთო კლუბ "გორის დილას" დირექტორი გიორგი ტუღუშიც დაესწრნენ.

საუბარი შეეხო სპორტულ კლუბ "დილას" განვითარებას, რაც კონკრეტულად კალათბურთის კუთხით იგეგმება. გორის
მუნიციპალიტეტისა და კლუბის ხელმძღვანელობებს სურვილი აქვთ, კონკურენტუნარიანი საკალათბურთო კლუბი ჩამოაყალიბონ.

ამით საქართველოში კარგი პრეცედენტი შეიქმნება, როცა კლუბს, საფეხბურთოსთან ერთად, საკალათბურთო გუნდიც ეყოლება. ეს პრაქტიკა ევროპაში და მთელ მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული. მაგალითისთვის მადრიდის "რეალი", კატალონიური "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნიც" გამოდგება.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დადებითად შეაფასა აღნიშნული ინიციატივა და გეგმის განხორციელებაში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ჩართულობასა და ხელშეწყობაზე ისაუბრა.

გორის საკალათბურთო გუნდის ჩამოყალიბების შემთხვევაში, "დილა" პირველ ლიგაში იასპარეზებს, საიდანაც სუპერლიგაში გადასვლის შესაძლებლობა ექნება. საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრე დასრულებულია, ხოლო პირველი ლიგის დაწყება თებერვალში იგეგმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული