საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდში გასვლა საპატიო შედეგია და ამით ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა დასანანი ისაა, რომ ნახევარფინალში გასვლა რეალური იყო. დავით აფხაზავამ, ნიკა დარბაიძემ, გიორგი კორსანტიამ და ნიკა ლოლიშვილმა ტოლი არაფერში დაუდეს იტალიელ ოპონენტებს, მთელი თამაშის მანძილზე სოლიდურ პაექრობას უწევდნენ ჯგუფური ეტაპის ყველაზე
მატჩის დასრულებამდე ოციოდე წამით ადრე 2 ქულით ჩამორჩენილმა ქართველებმა შეტევა წამოიწყეს და ჩვენმა გამთამაშებელმა დავით აფხაზავამ სწრაფი გარღვევით ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება განიზრახა, თუმცა სამწამიანში შესვლისას ბურთი დაკარგა და იტალიელებმა ბოძებული შანსი შეირგეს. ჩვენმა მეტოქემ ბურთი გაათამაშა, ხოლო ქართველებმა ტაქტიკური ჯარიმებით ვერ მოახერხეს შედეგის მიღწევა და იტალიელებმა ზუსტი საჯარიმოთი შეხვედრას სათავისო წერტილი დაუსვეს - 17:14.
იტალიელებმა ქართველებს ფარქვეშ ვერ აჯობეს. ერთადერთი, რაშიც მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა, შორი სროლებია. იტალიელებმა ჩვენზე გაცილებით მეტი სამქულიანი ჩააგდეს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ჩვენს მატჩამდე გამართულ პირველ მეოთხედფინალში ბრაზილიამ სლოვენიას 19:13 აჯობა და ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ქართველთა ნაკრებმა 1-ელ ივნისს თურქეთისა და ანდორის დამარცხების შემდეგ, 3 ივნისს ჩინეთის ნაკრებს 19:8 მოუგო და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფის ბოლო შეხვედრა ფავორიტ არგენტინასთან 14:18 დათმო, თუმცა ამით მხოლოდ ჯგუფის პირველი ადგილი დაკარგა. ისე კი, პლეი ოფში მეორე ადგილიდან გავიდა.
გადამწყვეტი მატჩი ქართველებისთვის ჩინეთთან დაპირისპირება იყო, რომელიც ჩვენებმა 19:8 მოიგეს, დასკვნით მატჩში კი ფავორიტ არგენტინას შეხვდნენ. სამხრეთამერიკულ ნაკრებთან ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ბოლო წუთებზე დაძაბულ ბრძოლაში 14:18 წააგეს და ჯგუფში არგენტინის შემდეგ მეორე ადგილი გაიფორმეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"