UNBREAKABLE - "სოხუმის" პირველი ტიტული

AutoSharing Option
მაიკლ ჯექსონს აქვს კარგი სიმღერა, სახელწოდებით UNBREAKABLE.

ვინ იყო მაიკლი, მკითხველს აღარ შევახსენებთ, UNBREAKABLE კი ქართულ თარგმანში "გაუტეხელს", "უძლეველს" ნიშნავს.

"სოხუმი" შარშანაც კერკეტი გუნდი იყო, წლეულს, ჯექსონის დამატების შემდეგ კი, უძლეველად იქცა. ამის თქმის საშუალებას სადღეისო სიტუაცია გვაძლევს - სოხუმელებმა დუდუ დადიანის მემორიალი ერთი ამოსუნთქვით გაიარეს: მომავალ მესამეადგილოსან "შსს აკადემიას" დამაჯერებლად მოუგეს (84:69), შემდეგ "ქუთაისთან" იმარჯვეს (80:78), ხოლო ფინალში პირველივე ტაიმის შემდეგ გასცეს მთავარ კითხვას პასუხი: მე-19 წუთისთვის ტაბლოზე მრგვალი რიცხვები ეწერა - 50:20. საბოლოოდ კი სოხუმმა 84:57 მოიგო.

როგორც
მიხვდით, ლაპარაკია კალათბურთელ ჯოშუა ჯექსონზე, რომელიც ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილ გუნდში პირველად 2011-12 წლების სუპერლიგის პლეი ოფისთვის ჩამოვიდა და გუნდთან ერთად "შსს აკადემიას" მეოთხედფინალური ბარიერი გადალახა.

ჯოშუა საქართველოში კვლავ დაბრუნდა და "სოხუმს" დიდი ფორა შესძინა. როცა საჭიროა, ფარქვეშაც ეფექტურად შედის, სამქულიანსაც აგდებს, ხოლო მისი მთავარი უპირატესობა ბევრ ამერიკელ კალათბურთელთან შედარებით ის არის, რომ გუნდსაც ათამაშებს და დაუფიქრებლად ერთ ნაბიჯსაც არ დგამს.

ჰოდა, გასაკვირი სულაც არ არის, ფინალის შემდეგ საუკეთესო კალათბურთელად სწორედ ჯექსონი რომ დასახელდა. მას თასი დუდუ დადიანის ოჯახის წევრებმა გადასცეს.

ყურადღებას გაგამახვილებინებთ ზემოთ დაწერილ ერთ ფრაზაზე: "გუნდსაც ათამაშებს". "სოხუმში" ყველა რგოლში ისეთი კალათბურთელები არიან შეკრებილნი, რომლებსაც მართლაც შეუძლიათ სუპერლიგაში მაღალ დონეზე თამაში.

16-16 ქულით მატჩის ბომბარდირები გახდნენ სოხუმელები - ჯექსონი და ვახტანგ ქადარია.

ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა მათმა თანაგუნდელმა ნიკა მეტრეველმა (11 ქულა, 10 მოხსნა). ირაკლი ჩლაიძემ 15 ქულას მოუყარა თავი.

"არმიას" მხრიდან 13-13 ქულა უკანახაზელებს - ბექა წივწივაძესა და ბუბა კვიმსაძეს ჰქონდათ. რატომ ვერ ითამაშა გუნდმა სათანადოდ, ამას არმიელთა მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში გვეტყვის:

- მთელი ტურნირი ცუდად ჩავატარეთ. ამის მიზეზი ის არის, რომ გუნდი ჯერ არ არის სათანადო ფორმაში, სუპერლიგისთვის ვემზადებით და ნელ-ნელა მოვუმატებთ. მიმდინარე სეზონში კიდევ არაერთი თასი გათამაშდება და ვეცდებით, დღეს დაკარგული მომავალში ავინაზღაუროთ.

მოვუსმინოთ "სოხუმის" თავკაც ვაჟა კვარაცხელიას:
- გუნდის არსებობის ისტორიაში მეორედ გავედით ფინალში და პირველად მოვიგეთ თასი. აქამდე მხოლოდ ქორქია-საკანდელიძის თასის ფინალში ვიყავით და თსუ-სთან დავმარცხდით. დღეს კი დუდუ დადიანის მემორიალისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ და როგორც ტაბლოდან ჩანს, დამსახურებულად მოვიგეთ.

თასი და ფინალი!
მთელი ტურნირის განმავლობაში აქტიურად ქომაგობდა "სოხუმს" გუნდის პრეზიდენტი მინდია გულუა.

მოგებული ფინალის შემდეგ კი იგი კალათბურთელებთან მოედანზე ჩავიდა და მათთან ერთად გაიზიარა დადიანის თასით გამოწვეული სიხარული.

- დღეს სპორტული იღბალიც ჩვენს მხარეს იყო და გუნდმაც კარგად ითამაშა. ვფიქრობ, თასი დამსახურებულად მოვიპოვეთ, რაც კალათბურთელებისთვის სამომავლოდ დიდი სტიმული იქნება,
- გვითხრა სოხუმელთა პრეზიდენტმა და დასძინა:

- გუნდის გაძლიერებას კიდევ ვაპირებთ. ერთ კვირაში ჩამოვა ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც იმედია, გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. ამ სეზონში კი ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს თასის აღება და ჩემპიონატის ფინალში თამაშია.


9 ოქტომბერი. თბილისი, აკადემიას დარბაზი
სოხუმი-არმია 84:57
27:6, 23:15, 18:15, 16:21
სოხუმი: მეტრეველი (11ქ, 10მ), ივანიჩი (2ქ, 3პ), გოლეთიანი, ჩლაიძე (15ქ), კოპალიანი (2ქ), შვანგირაძე (6ქ), გაბისონია (2ქ), ბააკაშვილი (6ქ), ქადარია (16ქ, 8მ, 4პ, 2დ), დეკანოიძე (2ქ), ბექაური (6ქ, 7მ), ჯექსონი (16ქ, 5პ, 3ჩ).
არმია: ბაბუნაშვილი (4პ), ბაბიაშვილი (3ქ, 6მ), ბოისა (3ქ), ბერიშვილი (9ქ, 7მ), კვიმსაძე (13ქ, 3პ), ჯგერენაია (2ქ), წივწივაძე (13ქ), ტუჯანი (5მ), შარაბიძე (12ქ, 6მ), კეიდია (2ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული