მეორე მატჩშიც ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა - "დინამომ" სტუ დაამარცხა. ხოლო მესამე შეხვედრაში თანაბარი გუნდები კი თამაშობდნენ, მაგრამ შედეგი მაინც მოულოდნელი იყო. აი რატომ: მესამე პერიოდში "სოხუმი" 18 ქულის სხვაობით რომ დაწინაურდა ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა, რომ თსუ ამ თამაშს შემოატრიალებდა.
16 იანვარი, თბილისი. აკადემიას დარბაზი
შსს-რუსთავი 93:79
24:15, 21:20, 17:27, 31:17
შსს: მაკქემონი (8ქ, 7მ), ლაფანაშვილი, ნიკოლაძე, ლონდარიძე (3ქ, 5მ),
რუსთავი: მაჭავარიანი (10ქ), არაბული (5ქ), გ. ბერუაშვილი (1ქ), ბააკაშვილი (12ქ, 6მ, 9პ), ჩაჩანიძე (8ქ, 6მ, 3პ), ჯ. არაბული (5ქ, 3პ, 3დ), ხმელიძე (22ქ, 8მ), გუგავა (9ქ, 4პ), ლორთქიფავიძე (7ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ს. საინერსი, გ. მიქელაძე.
რადგან სატრანსფერო ფანჯარა ფართოდაა გაღებული და გუნდებში არაერთი ცვლილებაა, წლის პირველი მატჩების მიმოხილვისას ყურადღებას უმთავრესად წასულ-მოსულებზე გავამახვილებთ.
შსს-სა და "სამედიცინოს" შორის "მაღალი" გაცვლა განხორციელდა: პირველი წრის შემდეგ მეფარე აკაკი დვალიშვილი "სამედიცინოში" გადავიდა, ხოლო ასევე ტანმაღალი ბექა ბექაური შსს-ს დაემატა. ახალი მაისურით პირველივე მატჩი 55 ნომერმა ბექამ კარგი თამაშით აღნიშნა: 14 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 6 საჯარიმო) და 8 მოხსნა მოაგროვა. ასევე 14 ქულა მიითვალა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ბექაურის თანაგუნდელმა მერაბ ბოქოლიშვილმა, რომელმაც მოედანზე 16 წუთი გაატარა. არ შეცვლილა გუნდის ლიდერი - ლარი ბლერმა 2012 წელი ეფექტური ორმაგი დუბლით დაიწყო: 27 ქულა, 13 პასი.
რუსთაველთაგან ბომბარდირობა ლევან ხმელიძემ იკისრა (22 ქულა), ასევე ბევრი იშრომა რატი ბააკაშვილმა - 12 ქულა, 9 პასი, 6 მოხსნა.
კი დავწერეთ, შედეგი წინასწარ პროგნოზირებადი იყოო, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსთაველებმა შსს-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მეოთხე პერიოდის წინ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში ეწერა - 62:62. ძალოვნებმა გადამწყვეტ მეოთხედში იძალეს და 93:79 იმარჯვეს.
სტუ-დინამო 73:94
21:29, 14:25, 19:22, 19:18
სტუ: ტეტელაშვილი (11ქ, 7პ), ჭოხონელიძე, მაჩალაძე (6მ, 3ჩ), კობიძე (9ქ), ჯავახიშვილი (1ქ), ახალაია, დეკანოიძე (10ქ, 5მ), ძიძიგური (9ქ, 3პ), კორძაძე (4ქ), ნოზაძე (9ქ, 6პ, 8მ), კოპალიანი (7ქ), ანთაძე (13ქ, 3პ, 3ჩ).
დინამო: ს. ლეჟავა (5ქ, 5მ, 3პ), ლომიძე, სანაძე (14ქ, 6მ, 5პ), მარხვაშვილი (4ქ, 6პ), კეიდია (18ქ), მეხრიშვილი (4ქ), სუხიშვილი (1ქ), წივწივაძე (15ქ, 5პ), ილუიჩი (10ქ, 8მ, 3დ), კარტერი (23ქ, 12მ, 3პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.
სტუ-ს დიდი დანაკლისი აქვს - გუნდი დატოვეს ბექა ჩიკვილაძემ და ვასილ ბერუაშვილმა. მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ტომარაძემაც აღნიშნა:
- პირველი წრის შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. გუნდიდან წასული და დამატებული ახალწვეულები სხვადასხვა ამპლუისანი არიან. ამიტომ, თამაშის დახვეწაზე ბევრს ვმუშაობთ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ყველა მეტოქესთან მოედანზე საბრძოლველად გავდივართ.
თბილისის "დინამოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ (დავით თორთლაძე შეცვალა) დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. მისმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე. დინამოელებმა სტუ-ს მოხსნებშიც აჯობეს (46:37) და პერიმეტრზეც (9:3, რეალიზებულ სამქულიანებში).
როგორც პირველ წრეში, "დინამოს" ამჯერედაც ქიენ კარტერი გაუძღვა - 23 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა სერბ ახალწვეულ მილან ილუიჩს (10 ქულა, 8 მოხსნა). კიდევ ერთმა ახალმა შემატებულმა ბექა წივწივაძემ 15 ქულას 5 პასი "შეაწება". მესამე ახალწვეული ალექსანდრე ზესევიჩი გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ენერგიულად ქომაგობდა, თუმცა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
- პირველ მატჩში ზესევიჩის მოედანზე შეყვანა საჭიროდ არ ჩავთვალეთ. შემდეგ შეხვედრებში ვათამაშებთ. ჩვენთვის მთავარი მაინც 4 თებერვალს გასამართი საქართველოს ჩემპიონატის მატჩია. რაც შეეხება მილან ილუიჩს, კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია, ვაკვირდებით. მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყდება, - გვითხრა "დინამოს" თავკაცმა ირაკლი ხოშტარიამ.
სოხუმი-თსუ 69:74
24:12, 16:15, 20:20, 9:27
სოხუმი: ფარღალავა (20ქ, 5პ, 7მ), როგავა, ჩლაიძე (6ქ), ათუაშვილი (11ქ, 8მ), ფაცაცია, გაფრინდაშვილი (4ქ, 3პ, 7მ), ქადარია (9ქ, 6მ), ჯგერენაია (10ქ, 11მ, 3დ), ჯანაშია, ჩაჩიბაია (9ქ, 9მ).
თსუ: კოხრეიძე (2ქ, 3პ), თავამაიშვილი, ნინიაშვილი (26ქ, 8მ), ჩიტაშვილი (6პ, 6მ), ხიზანიშვილი, შერმადინი (10ქ, 10მ), მაისურაძე (7ქ), ჩქარეული, ბაქრაძე (5ქ), ჩიკვილაძე (18ქ, 3პ), ვ. ბერუაშვილი (6ქ, 5მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი.
"სოხუმისა" და თსუ-ს მატჩის დასრულების შემდეგ ყველა გაკვირვებული იყო - როგორ მოახერხეს სტუდენტებმა 18-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრაო. სხვათა შორის, ორიოდე დღის წინ ზაზა ფაჩულიას "ატლანტა" "მინესოტასთან" მესამე პერიოდში 18 ქულის სხვაობით აგებდა და 5 წუთში ანგარიში გაათანაბრა.
ზუსტად იგივე განმეორდა თსუ-სა და "სოხუმის" მატჩში: მესამე პერიოდში სოხუმელებმა მაქსიმალურ უპირატესობას მიაღწიეს (58:40).
მწვრთნელმა, რიმვიდას სამულენასმა მოედანზე სათადარიგოები შეუშვა, მათი გამოცდა სურდა, თუმცა სწორედ ამ მომენტს დაემთხვა თსუ-ს მიერ მატჩის ტემპის მომატება და მოედნის მთელს სიგრძეზე პრესინგის დაწესება. ასეთ დროს ვწერთ ხოლმე - "ანგარიშმა ლღობა იწყოო".
ამჯერად უნდა დავწეროთ - "ანგარიში ერთბაშად გადნა" და "ატლანტას" მსგავსად თსუ-მ ხუთ წუთში გაათანაბრა - 64:64.
ათამაშებული სტუდენტები ვერც "სოხუმის" სასტარტოებმა შეაჩერეს. საინტერესოა ისიც, რომ გადამწყვეტ მომენტში თსუ-ს მხრიდან მოედანზე სამი ახალწვეული იყო: ბექა ჩიკვილაძე (რომელიც ნინიაშვილის (26 ქულა) შემდეგ თსუ-ს ვიცე-ბომბარდირი გახდა), ვასილ ბერუაშვილი და გივი ბაქრაძე. 74:69 თსუ-ს სასარგებლოდ.
- სამივე ახალწვეული ჩვენს სათამაშო სქემებს სათანადოდ მოერგო. ეს ბოლო წუთებზეც გამოჩნდა. თუმცა ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ცვლილებების შემდეგ შეთამაშება კიდევ გვჭირდება, - აღნიშნა სტუდენტთა გამარჯვების მთავარმა შემოქმედმა მწვრთნელმა, ნუგზარ ჭეიშვილმა. მას პირველ ტაიმში არადამაჯერებელ თამაშზეც ვკითხეთ:
- წლეულს ერთი საკონტროლო მატჩიც არ ჩაგვიტარებია. სათამაშო პრაქტიკის არქონა დაგვეტყო, მაგრამ მესამე პერიოდიდან ტემპს მოვუმატეთ, დაცვამაც გაამართლა და საინტერესო შეხვედრაც გამოვიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"