დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში "არმია" და "შსს აკადემია" ითამაშებენ

AutoSharing Option
16 ოქტომბერს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში "არმია" და "შსს აკადემია" ითამაშებენ. აკადემიელთათვის ეს ამ შეჯიბრების ზედიზედ მესამე ფინალი იქნება. წინა ორ შემთხვევაში შსს-ელები მეორე ადგილს დასჯერდნენ. რამდენად წარმატებული გამოდგება მესამე ცდა, სამშაბათს ვნახავთ. მათი მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და მემორიალის ფავორიტი "არმიაა", რომელსაც ჯგუფში სამივე მოწინააღმდეგე ღირსეული აღმოაჩნდა.

რაც შეეხება "შსს აკადემიის" ჯგუფს, იქ ბოლო ტურში ისეთი მატჩი შედგა, არათუ მემორიალის ფინალს, სხვა, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატს დაამშვენებდა. როგორც ზღვაში უნიჩბოდ დარჩენილ ნავს ტალღა სიღრმეში შეითრევს, ასე აიყოლიეს კალათბურთელებმა მაყურებლები.

"ოლიმპისა" და "შსს აკადემიის" ქომაგები ხომ ფეხზე დამდგარნი ემოციურად უყურებდნენ შეხვედრას, ნეიტრალურებს კი ერთი სურვილი გვქონდა - ძირითადი დრო ფრედ დასრულებულიყო, რათა სანახაობა კიდევ 5 წუთით გაგრძელებულიყო.

A ჯგუფი
13 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სამინისტროს დარბაზი
რუსთავი-თსუ 79:61
16:17, 23:12, 21:18, 19:14
რუსთავი: ბოუი (18ქ, 7მ, 6პ), ტუჯანი (11ქ, 9მ, 3ჩ), ცეკვავა (11ქ), ჭოჭუა (10ქ), აბაიშვილი (5ქ), ჩაჩანიძე (3ქ), გუგავა, ნელსონი (7ქ), ათანელიშვილი (3ქ), მაჭავარიანი (5ქ), არაბული, ხმელიძე (6ქ, 5პ).
თსუ: ჩქარეული (20ქ, 3ჩ), ბაქრაძე (12ქ, 8პ, 4ჩ), ნოზაძე (8ქ, 8პ), ასელინი (7ქ, 5მ), მჭედლიშვილი, ტეტელაშვილი (2ქ, 6პ), ხანიაშვილი (5ქ), კობიძე (7ქ), ხიზანიშვილი.

არმია-ქუთაისი 85:72
28:22, 19:14, 16:15, 22:21
არმია: მილეიჯი (19ქ, 3ჩ), ვ. ბოისა (10ქ, 6მ, 5პ, 3ჩ), საყვარელიძე (10ქ, 3პ), ფარღალავა (10ქ), გამყრელიძე (8ქ, 7პ), ა. ბოისა (4ქ, 4პ, 5მ), უგრეხელიძე (6ქ), წივწივაძე (5პ), შელბომი (7ქ), ფეისონი (5ქ), შარაბიძე (6ქ), ჯგერენაია.
ქუთაისი: მათიაშვილი (29ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (10ქ), ფაშაევი (11ქ, 5პ), ბაბუნაშვილი (2ქ, 3პ), დიდია (5ქ, 5მ), გრძელიძე, კვიმსაძე (6ქ, 5მ), ლომინაშვილი (3ქ), გ. ბარბაქაძე (6ქ, 5მ).

14 ოქტომბერი
ქუთაისი-თსუ 66:62
17:16, 15:18, 11:15, 23:13
ქუთაისი: ფაშაევი (7ქ, 6პ), ბაბუნაშვილი (4ქ, 3ქ), დიდია (15ქ, 6მ), გრძელიძე (2ქ), კვიმსაძე (2ქ, 3პ), მესხი, დ. ბარბაქაძე (18ქ, 5მ), ლომინაშვილი (7ქ), გ. ბარბაქაძე (2ქ), კოღუაშვილი (9ქ).
თსუ: ბაქრაძე (7ქ, 7მ, 6პ), ასელინი (2ქ), მჭედლიშვილი, ტეტელაშვილი (3ქ), ხანიაშვილი (15ქ), კობიძე (4ქ), ჩქარეული (11ქ, 4პ), ხიზანიშვილი (7ქ, 5მ), ნოზაძე (13ქ, 17მ).

რუსთავი-არმია 47:72
14:12, 17:12, 9:23, 7:25
რუსთავი: ბოუი (14ქ), ცეკვავა (4ქ), აბაიშვილი (3ქ), ჩაჩანიძე, ნელსონი (7ქ, 9მ), ჭოჭუა (5ქ), ტუჯანი (5ქ, 11მ), ათანელიშვილი (3ქ), მაჭავარიანი (6ქ).
არმია: გამყრელიძე (8ქ, 3პ), ბაბიაშვილი (2ქ), ა. ბოისა (3ქ, 7მ), ვ. ბოისა (6ქ, 7მ, 3პ), მილეიჯი (14ქ), წივწივაძე (12ქ, 5ჩ), შელბომი, საყვარელიძე (8ქ), ფეისონი (1ქ), შარაბიძე (6ქ), ჯგერენაია (2ქ), ფარძალავა (10ქ).

A ჯგუფი
გუნდი თ მ წ ქ
1. არმია 3 3 0 6
2. ქუთაისი 3 2 1 5
3. რუსთავი 3 1 2 4
4. თსუ 3 0 3 3

"არმია" არსებობის ისტორიაში პირველად თამაშობს დუდუ დადიანის მემორიალზე. დებიუტანტის სტატუსის მიუხედავად, ეს გუნდი ჯგუფის ფავორიტი იყო, შაბათს "ქუთაისს" აჯობა, ხოლო 14 ოქტომბერს - "რუსთავს".

დასაწერად იოლია: "აჯობა". ვინც მატჩები იხილა, დაგვეთანხმება, რომ არმიელებს იოლად ჯგუფის ერთი შეხვედრაც არ მოუგიათ. 13 ოქტომბერს ძალოვნებს ძალიან გაუჭირდათ ქუთათური ცენტრის, რიჩარდ მათიაშვილის შეჩერება, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო.

"ქუთაისთან" "არმიის" მაისურით დებიუტი ჰქონდა ამერიკელ მარკუს ფეისონს, რომელსაც ბელგიის მოქალაქეობა აქვს და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ყოველთვის სახიფათო იყო. დღეს კი უნდა აღვნიშნოთ, რომ მარკუსს ან ფორმაში შესვლა სჭირდება, ან გუნდთან შეწყობა. იგი ჩვეულად ჯერ ვერ ირჯება.

საქართველოში უფრო ადრე ჩამოსული კურტის მილეიჯი კი ჯგუფურ ეტაპზე დადებითი კუთხით წარმოჩინდა. მან სამ მატჩში 52 ქულა ჩააგდო.

14 ოქტომბერს "არმიის" მეტოქე "რუსთავი" იყო. პირველი მეოთხედი ქვემოქართლელებმა 14:12 მოიგეს, ხოლო მეორეში 9-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს (37:28). სწორედ ამ დროს გაჩნდა შეკითხვა, რა სხვაობით მოგება სჭირდება "რუსთავს", რომ პირველ ადგილზე გავიდეს? მიუხედავად "ქუთაისთან" წაგებისა, მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებს მართლაც ჰქონდათ ფინალში მოხვედრის შანსი, მაგრამ 37-ეზე "გაიყინნენ". "არმია" 19:0 გაიქცა და ყოველგვარი დამატებითი კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნა.

B ჯგუფი
13 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სამინისტროს დარბაზი
შსს აკადემია-სტუ 95:61
25:17, 24:18, 26:10, 20:16
შსს: ვონი (25ქ, 3პ, 5ჩ), ლეჟავა (11ქ), ლომოური (15ქ, 3პ), ბოქოლიშვილი (13ქ, 3პ), ლონდარიძე (8ქ, 8მ, 4პ), პრევიტი (7ქ, 5მ), იმნაძე (8მ, 5პ, 3დ), ანთაძე (12ქ), ბექაური, არჩიბეკი (4ქ, 6მ).
სტუ: კვეტენაძე (15ქ), ჯანაშია (12ქ, 6მ, 2დ), ჩაჩიბაია (7ქ), თევზაძე, კორკოტაძე (2ქ), მინაშვილი (2ქ), მაჩალაძე (4ქ), პირველაშვილი (2ქ, 6მ), დ. დვალიშვილი (7ქ), კუჭავა (5ქ), ძიძიგური (3პ), ქორიძე (5ქ).

14 ოქტომბერი
ოლიმპი-შსს აკადემია 71:72
15:15, 17:18, 21:21, 18:18
ოლიმპი: ტომარაძე (13ქ), სოკი (9ქ, 6პ), ბერიშვილი (13ქ, 6მ, 5პ), მიქელაძე (7ქ), თენიეშვილი (7ქ, 5მ), ფაცაცია (12ქ, 7მ), ტუტუსი (5ქ, 6მ), დვალიშვილი (3ქ, 12მ, 3პ), ჰოგერი (2ქ).
შსს აკადემია: ვონი (22ქ, 5მ, 6პ), ლეჟავა (4ქ), ბოქოლიშვილი (13ქ), ლონდარიძე (2ქ), პრევიტი (2ქ), იმნაძე (3ქ), ლომოური, ანთაძე (2ქ), ბექაური (5ქ), არჩიბეკი (19ქ, 11მ).

B ჯგუფი
გუნდი თ მ წ ქ
1. შსს აკადემია 2 2 0 4
2. ოლიმპი 2 1 1 3
3. სტუ 2 0 2 2

მეორე ჯგუფში ფინალის შესაფერისი თამაში რომელ გუნდებს შორის გაიმართა, ზემოთ მოგახსენეთ. დაძაბულობის ხარისხზეც გელაპარაკეთ. მთავარს კი აქ დავწერთ: სამ-სამ ლეგიონერთან ერთად, ასეთი დონის თამაშში მნიშვნელოვანი როლი ახალგაზრდა ქართველებმა ითამაშეს. "შსს აკადემიის" მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა სწორედ ისეთი პლეიმეიქერი შეარჩია (დეონტა ვონი), რომელიც არა თავის გამოჩენაზე, არამედ გუნდურ თამაშზეა ორიენტირებული. ხოლო ფორვარდებად ვიკინგებივით მებრძოლი ხასიათის ამერიკელები დაიმატა, რომელთა გვერდით თამაში ახალგაზრდა ქართველებსაც ანთებს. კეცელიდისმა შორსმიმავალი გათვლაც გააკეთა - ბექა ბექაური მსუბუქ ფორვარდად დასწია (ორიოდე წლის წინათ იგი ცენტრად ირჯებოდა).

ასევე მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა მერაბ ბოქოლიშვილს. ახალგაზრდა ქართველთა თემაზე ახლო მომავალში დავწვრილმანდებით. ახლა კი "ოლიმპზე" ვთქვათ, რომლის რიგებშიც სტენ სოკის შემცვლელად ირაკლი მიქელაძე (1994 წელსაა დაბადებული) ირჯებოდა. ესტონელმა უკანახაზელმა ხუთი ფოლის გამო მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მოედანი დატოვა და მიქელაძესაც ზრდასრულ ასაკში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის ჩატარება მოუწია. მან ყველაფერი კარგად გააკეთა...

ოლიმპელ ახალგაზრდებსა და მათ ფუნქციებზე ვრცლად მსჯელობაც მომავლისთვის გადავდოთ. დროა, შეხვედრის მსვლელობას შევეხოთ. მეორე პერიოდის შუაში შსს-ელმა ჩად პრევიტმა იდაყვი მოარტყა სოკს. ასეთი მოქმედება არასპორტული ჯარიმით ისჯება. ორი ასეთი შენიშვნა კი გაძევების ტოლფასია. პრევიტს მანამდეც ჰქონდა მიღებული არასპორტული ფოლი და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ჯარიმები ზუსტად შეასრულა მიქელაძემ. ბურთი "ოლიმპს" დარჩა და 10-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა - 27:17.

ძალოვნებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და მალე 33:32 დაწინაურდნენ. ყველაფერი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში ანგარიში და ემოციები აიწონა-დაიწონას პრინციპით მერყეობდა. ამაში ქრონოლოგიის გაცნობაც დაგარწმუნებთ.

5:15 სოკი (ოლიმპი) 3ქ - 60:62
4:50 ფაცაცია (ოლიმპი) 1ქ - 61:62
4:25 მიქელაძე (ოლიმპი) 1+1ქ - 63:62
4:07 არჩიბეკი (შსს) 2ქ - 63:64
3:58 ფაცაცია (ოლიმპი) 1+1 - ააცილა
3:33 ანთაძე (შსს) 2ქ - 63:66
3:13 ტომარაძე (ოლიმპი) 3ქ - 66:66
1:44 არჩიბეკი (შსს) 2ქ - 66:68
1:33 ბერიშვილი (ოლიმპი) 2ქ - 68:68
1:14 არჩიბეკი (შსს) 2ქ - 68:70
1:05 დვალიშვილი (ოლიმპი) 2+1ქ - 71:70
0:05 ვონი (შსს) 1+1ქ - 71:72


როგორც ხედავთ, დაძაბულობა მატჩს ბოლო წამებამდე ახლდა. სირენამდე ხუთი წამით ადრე შსს-ელი ვონი საჯარიმოში შეიჭრა, ოლიმპელებს წესების დარღვევა აიძულა და ორივე საჯარიმო გამოიყენა. "ოლიმპს" 71:72 ჩამორჩენის შემდეგ თამაშის გადასარჩენად 5 წამი ჰქონდა. გვერდიდან შეტანილი ბურთი ლევან ფაცაციამ მიიღო, თუმცა სამქულიანის ხაზიდან კალათისკენ რომ დაიძრა, წაიქცა და ბურთი დაიკარგა. იქვე მყოფმა მსაჯებმა წესების დარღვევა არ დააფიქსირეს და, როგორც ვთქვით, ფინალში შსს მესამედ გავიდა.

ფინალი
16 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სამინისტროს დარბაზი
16:00 არმია-შსს აკადემია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული