ვითა-ცსკა 60:93 - ვარსკვლავები თბილისში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იყო დრო...
"საბჭოთა კლასიკა: თბილისის "დინამო"-მოსკოვის ცსკა. არმიელები ჩვენზე ძლიერები იყვნენ, ნარჩევი შემადგენლობა ჰყავდათ და სულაც არ სჭირდებოდათ ახალ-ახალი ხრიკების გამოყენება ჩვენთან თამაშისთვის. დინამოელები კი საბჭოეთის ნაკრების, ცსკა-ს დასამარცხებლად საკუთარ თავს ზემოთ უნდა ავმხტარიყავით, მეტოქისთვის ათასგვარი ტაქტიკური სიახლე შეგვეთავაზებინა...

...მოსკოვური შეხვედრაც ერთგვარად "კატა-თაგვობანაში" მიილია - ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან - მეორე. გადამწყვეტ მომენტში კი მეტი სიმტკიცე ჩვენ გამოვიჩინეთ და ცსკა მისსავე მოედანზე 4 ქულის სხვაობით დავამარცხეთ (75:71)."

ბრჭყალებში ჩასმული სიტყვები ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962 წელს) თბილისის "დინამოს" კაპიტან გურამ მინაშვილს
ეკუთვნის.

დღეს...
იყო დრო, ცსკა-ს მისსავე მოედანზე ვუგებდით, მაგრამ მაშინ ქართველებიცა და რუსებიც დიდ აბრევიატურაში შევდიოდით - სსრკ (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი), რუსულად CCCP. სწორედ ეს ეწერა გულზე ჟურნალისტსა და ქართული კალათბურთის ქომაგ თენგიზ პაჭკორიას, ოღონდ ორი ხაზით იყო გადახაზული. იდეა: ცსკა-სთან თამაში, კი ბატონო, ოღონდ CCCP არაო.

ბოლოს ცსკა-მ და "დინამომ" 1989 წელს ითამაშეს. მას მერე რუსეთსა და საქართველოში ათასი ქარტეხილი დატრიალდა, ჩრდილოელი მეზობლის ტანკები გორშიც შემოვიდნენ...

ეგებ, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, რომ ქართული "ვითა" ხელმომჭირნეობითაა შეკრებილი, ხოლო რუსების უპირველესი გუნდი ექსტრაკლასის კალათბურთელებით ყოველთვის იყო დაკომპლექტებული. ცსკა ხომ ჩემპიონთა თასის დაარსების დღიდან ამ შეჯიბრების ფავორიტია.

საქართველოში 1990 წლის შემდეგ დალაგებული ცხოვრება რომ ყოფილიყო, როგორც ბატონმა გურამ მინაშვილმა თქვა, ქართული კლუბი მაინც ვერ იქნებოდა ცსკა-ს დონისა, მაგრამ სტაბილურად კი ითამაშებდა ევროსარბიელზე, ჰაინსისა და დე კოლოს დარი ვარსკვლავების ხილვა სანატრელად არ გაგვიხდებოდა.

ასეა თუ ისე, "ვითამ" ცსკა-სთან ვითიბი ლიგის მეორე ტურში მაინც ღირსეულად ითამაშა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა პაველ გოოგემ სასტარტო შემადგენლობაში ქართველები დააყენა: მაისურაძე, ბოქოლიშვილი, რევაზაშვილი, ჩლაიძე და შენგელია. ეს გადაწყვეტილება მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ასე ახსნა:

"ვიცი, რომ თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის ცსკა-ს დაპირისპირებებს დიდი ხნის ისტორია აქვს. მინდოდა, ტრადიციებისთვის პატივი მეცა და თუ მატჩის პირველ ქულებს ქართველები ჩააგდებდნენ, ძალიან გამიხარდებოდა. თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ მალევე გადავწყვიტე ლეგიონერების შემოყვანა".

მიუხედავად იმისა, რომ ცსკა-მ თავიდან 13:0 გაგვასწრო, მეორე პერიოდში სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ. მესამე რაუნდში მეტოქეს 11 ქულით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ საბოლოოდ 33 ქულის სხვაობით დავმარცხით.

ცსკა-ს ნანდო დე კოლოს ქულები რომ გამოვაკლოთ, სხვაობა ოდენ 11 ქულა იქნებოდა, ხოლო "ვითას" პიერია ჰენრი რომ არ ჰყოლოდა, შეიძლება კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დამარცხებულიყო. ჰენრიმ გუნდის ლიდერობა ღირსეულად იკისრა და 20 ქულას მოუყარა თავი. არაერთი ბურთი ჩააგდო ურთულესი მდგომარეობიდან.

დიმირტის იტუდისი (ცსკა-ს მწვრთნელი):
"ვერ ჩამოვიყვანეთ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი, მათ შორის, ტეოდოსიჩი, ჰიგინსი, ფრილენდი... თუმცა ამ მატჩში ჩვენი ამოცანები გვქონდა, რაც სათანადოდ შევასრულეთ.

რთული თამაში იყო. "ვითას" ჰქონდა აღმავლობები, რამაც დაცვაში გარკვეული სირთულეები წარმოშვა. ეს ჩვენთვის კარგიც იყო, რადგან მომდევნო მატჩებისთვის მომზადებაში გამოგვადგა".

ვითიბი ლიგაზე მომდევნო შეხვედრას "ვითა" 12 ოქტომბერს, "ხიმკის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი. II ტური.
8 ოქტომბერი
თბილისი, სპორტის სასახლე
ვითა-ცსკა 60:93
14:26, 16:21, 21:28, 9:18
ვითა: მაისურაძე (2ქ), ჩლაიძე, ბითაძე, ბერიშვილი (2ქ), ბოქოლიშვილი (5ქ), რევაზაშვილი, შენგელია (2ქ), კარტერი (12ქ, 8მ), ჰენრი (20ქ, 7პ, 3ჩ), ანიკიენკო (11ქ, 5მ, 3დ), ლიპოვოი (3ქ, 5მ, 3პ), ტერნერი (3ქ).
ცსკა: დე კოლო (22ქ, 5მ, 5პ), ასტაპკოვიჩი (4ქ), დ. კულაგინი (2ქ), ფრიძონი (17ქ), ნიკოლსი (9ქ), ჯექსონი (10ქ, 8პ), კორობკოვი (6ქ), ლაზარევი (4ქ), ვორონცევიჩი (9ქ, 5მ, 3დ), მ. კულაგინი (3პ), კურბანოვი (5ქ, 5მ), ჰაინსი (5ქ, 5მ).
მსაჯები: ე. მოგულკოჩი (თურქეთი), პ. პაშტუსიაკი (პოლონეთი), ო. ლუჩისი (ლატვია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დაადონ ბილეთებს 20 ლარი და გაივსება დარბაზი აუცილებლად!!
georgiano
10 ოქტომბერი 2015 20:30
0
ცსკას-თან მატჩზე იყო დაახლოებით 1 700 მაყურებელი!საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს თბილისში საშუალოდ ესწრება 600-900 ადამიანი!
ბისმარკი
10 ოქტომბერი 2015 13:52
0
გული არ გაიტეხოთ ვითელებო.კარგ საქმეს შეეჭიდეთ. აუცილებლად გააძლიერებს ეს ქართულ საკლუბო და ზოგადად კალათბურთს! წარმატებებს გისურვებთ. თქვენს გვერდით ვართ! კარგი თამაშით მაყურებელსაც მოიყვანთ დარბაზში, თანაც ურიცხვს! ასეც იქნება! გაიხარეთ!!!
მერაბი
09 ოქტომბერი 2015 17:35
0
კლუბის მენეჯმენტი - ნული. დარბაზში რო ხალხს ვერ მიიყვან ცსკა-თან თამაშზე... კომენტატორები ხომ საერთოდ კატასტროფა. მომენტებში მეგონა, რომ სკეტჩი იყო კომენტატორებზე, ოღონდ მდაბიო და უნიჭო ...
benz
09 ოქტომბერი 2015 15:50
0
დარბაზი ცარიელი იყო. საქართველოს ჩემპიონატზე მეტი ხალხი დადის.
Anzori
09 ოქტომბერი 2015 14:21
0
პტიცა - ვლადიმერ უგრეხელიძე ჰაერში რომ აფრინდებოდა და იქ ლივლივებდა რამდენი ხანიც უნდოდა, გახსოვთ, ეს რა იყო კაცო?! ანდა დერიუგინი!
არჩილ ხოფერია
09 ოქტომბერი 2015 12:35
0
ეჰ, რა დრო იყო. ვინ დაუდგებოდა წინ ქორქიას , საკანდელიძეს, სხიერელს, ბიჭიაშვილს და კიდევ ბევრ სხვას. განუმეორებელ ოსტატობას ფლობდნენ. სამიანები ცვოიდა კალათში. მიბაძეთ რა.
tomas
09 ოქტომბერი 2015 12:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული