აღნიშნული შეჯიბრება 2006 წლიდან თბილისში იმართებოდა, გასულ წელს კი გათამაშების ფინალურ მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ქორქიასა და საკანდელიძის მემორიალს მომავალი წლიდან ლეგენდარული კალათბურთელების მშობლიური ქალაქი უმასპინძლებდა.
ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი. პირველ ჯგუფში "ბათუმი", "სოხუმი", "ოლიმპი" და პირველლიგელი "წყალტუბო" თამაშობენ, ხოლო მეორეში ერთმანეთს "ქუთაისი", "მგზავრები", "რუსთავი" და "აკადემია" ეპაექრებიან.
ჯგუფებში თამაშები 12-14 იანვარს ჩატარდება. გამარჯვებულები ერთმანეთს
პირველი სიურპრიზი
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის პირველივე შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა. გახსნით მატჩში პირველი ლიგის ბინადარმა "წყალტუბომ" სუპერლიგელი "ოლიმპი" დაძაბულ ბრძოლაში 73:71 დაამარცხა.
წყალტუბოელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და დიდი შესვენების შემდეგ 6 ქულის სხვაობით იგებდნენ 33-27. მათგან განსაკუთრებით უკანახაზელი სერგი ალფიორიოვი გამოირჩეოდა, რომელმაც საბოლოოდ 32 ქულა მოაგროვა. სამწამიან ზონაში ნაყოფიერად ირჯებოდა წყალტუბოელთა ცენტრი ოლექსანდრ რიხლიუკი. მან შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
მატჩის დასრულებამდე 1:13 წუთით ადრე "წყალტუბო" 11 ქულით იყო წინ (71:60), მაგრამ "ოლიმპმა" მაქსიმალურად იბრძოლა, ბაქრაძისა და ფარღალავას ზუსტი სროლებით სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, თუმცა მატჩის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ... "წყალტუბომ" კი ისტორიული გამარჯვება იზეიმა.
ბევრი ორქულიანი
A ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში სუპერლიგის ლიდერი "ბათუმი" "სოხუმს" დაუპირისპირდა. შეხვედრა დავით უსტიაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მათი ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა.
ბათუმელები დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 49:31. სოხუმელებმა მესამე პერიოდში თამაში გამოასწორეს და სხვაობა 7 ქულით შეამცირეს, მატჩის დასრულებამდე 2:13 წუთით ადრე კი მეთიუ გლოვერმა სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა.
სოხუმელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ნიკა რამიშვილისა და აკაკი დვალიშვილის შედეგიანი შეტევების შემდეგ "ბათუმმა" კვლავ გაზარდა სხვაობა და საბოლოოდ 10-ქულიანი უპირატესობით მოიგო.
გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი 18 ქულით იგორ კრივცოვი იყო, 15-15 ქულა დააგროვეს ნიკა რამიშვილმა და აკაკი დვალიშვილმა. სამივე მათგანმა ქულები სამწამიანი ზონიდან და საშუალო დისტანციიდან ჩააგდეს. "სოხუმის" რიგებში ყველაზე პროდუქტიული მეთიუ გლოვერი გახლდათ, რომელიც საკუთარ გუნდს 15 ქულით შეეწია.
"რუსთავმა" "მგზავრები" ააწიოკა
B ჯგუფის პირველ შეხვედრაში "რუსთავმა" ძალიან იოლად დაამარცხა "მგზავრები". რუსთაველები მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და საბოლოოდ 37-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. მათ 49 დან 26 ორქულიანი (53%) და 28 დან 10 სამქულიანი (36%) ჩააგდეს, მგზავრებმა კი 18 ორქულიანი და მხოლოდ ერთი სამქულიანი გამოიყენეს.
რუსთაველთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით ნიკოლა გაჩეშა იყო, 16 ქულა ჩააგდო დევიდ კაელსმა, ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა კაელ ტურპინს -14ქ.9მ.
"მგზავრების" რიგებში კახაბერ ჯინჭარაძე და რეჯინალდ მერფი გამოირჩეოდნენ. ჯინჭარაძემ 15 ქულა მოაგროვა, მერფი კი საკუთარ გუნდს 12 ქულითა და 9 მოხსნით შეეწია.
სამქულიანების სეტყვა ბარბაქაძე-ბრიგსისგან
დღის ბოლო შეხვედრაში ტურნირის მასპინძელმა "ქუთაისმა" დაძაბულ შეხვედრაში "აკადემია" დაამარცხა. შეხვედრის პირველ პერიოდში თანაბარი თამაშის მიუხედავად, კოტე ტუღუშის შეგირდებმა იმარჯვეს და 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 29:22.
თავიდან კარგად გაისარჯა ანატოლი ბოისა, რომელმაც ქუთაისელთა პირველი 5 ქულა მოიპოვა, შემდეგ კი გიგი ბარბაქაძე მოექცა ყურადღების ცენტრში. სწორედ მისი ზუსტი სამქულიანებით შეძლეს მასპინძლებმა პირველი პერიოდის მოგება. მეორე მეოთხედი, ფაქტობრივად, აკადემიელი მაურის დუგლას ლუის ბრიგსისა და ქუთაისელი გიგი ბარბაქაძის დუელად იქცა. თითქოს ისინი ერთმანეთს სამქულიან სროლებში ეჯიბრებოდნენ და ფარქვეშაც კარგად მოქმედებდნენ. ბრიგსმა მორიგი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 47:47, მაგრამ ბარბაქაძემ ოლიმპელის გამოწვევა მიიღო და იქვე ზუსტი შორეული სროლით დიდ შესვენებამდე ისევ "ქუთაისი" დააწინაურა - 50:47. მესამე პერიოდში "ქუთაისმა" მეტოქეს 18:0 გაქცევა მოუწყო და 76:57 დაწინაურდა.
ამის შემდეგ მასპინძლებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისურ გუნდში პირველად ითამაშა ხორვატმა გამთამაშებელმა ივან მიკულიჩმა. კოტე ტუღუშის თქმით, ამ პოზიციაზე პრობლემები ჰქონდათ და ხორვატი კალათბურთელის დამატებით ამ ხარვეზების გამოსწორებას შეეცდებიან. მიკულიჩის "ქუთაისში" დარჩენის საკითხი სწორედ მემორიალზე ნაჩვენები თამაშის ხარისხით გადაწყდება. პირველ შეხვედრაში ხორვატმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იგი თავის ახალ გუნდს 12 ქულით შეეწია.
ქუთაისელთა რიგებში საუკეთესო 29 ქულით გიგი ბარბაქაძე იყო, აკადემიელთა რიგებში კი საუკეთესო ბრიგსი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო.
მომდევნო შეხვედრები 13 იანვარს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ერთმანეთს ხვდებიან: აკადემია-რუსთავი (12:00 სთ), ბათუმი-წყალტუბო (14:00), ოლიმპი-სოხუმი (16:00), მგზავრები-ქუთაისი (18:00).
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მემორიალი
წყალტუბო-ოლიმპი 73:71
17:14, 16:13, 19:23, 21:21
წყალტუბო: ალფიორიოვი (32ქ), მაცაბერიძე (9ქ), ფაჩუაშვილი, კანდელაკი, რიხლიუკი (13ქ,12მ), კუჭავა (11ქ,6მ), კოღუაშვილი (8ქ, 11მ)
ოლიმპი: ბაინუმი (21ქ), აბულაძე (6ქ), ბაქრაძე (4ქ), სმიტი (17ქ,17მ), ფარღალავა (12ქ), როგავა (4ქ), დიდია (2ქ), ტომარაძე (5ქ), კოსენკოვი, რეინოლდსი, გუგეშაშვილი
სოხუმი-ბათუმი 77:87
20:26, 11:23, 20:13, 26:25
სოხუმი: მილერი (12ქ), სმიტი (11ქ), გლოვერი (15ქ,8მ), ალხანაიძე (4ქ), ჯგერენაია (13ქ,7მ), ბაქრაძე (3ქ), კვეტენაძე, ათუაშვილი (13ქ), ფაცაცია (6ქ), დ.დვალიშვილი, მირზიაშვილი
ბათუმი: ლეჟავა (13ქ), სტეფანიშინი (13ქ,7მ,8პ), რამიშვილი (15ქ), კრივცოვი (18ქ,7მ), ა.დვალიშვილი (15ქ,8მ), აფხაზავა (3ქ), მიქელაძე, თენიეშვილი, ელიაძე (3ქ), ფერიაშვილი, მაისურაძე (7ქ)
მგზავრები-რუსთავი 53:90
12:24, 16:27, 16:20, 9:19
მგზავრები: გაგუა, უილიამსი (4ქ), საური, გრძელიძე (8ქ), კვანტალიანი, ჯინჭარაძე (15ქ), ლომინაშვილი (3ქ), ტერი (5ქ), ქავთარაძე (4ქ), ორმოცაძე (2ქ), მერფი (12ქ,9მ)
რუსთავი: ხმელიძე (6ქ),ლორთქიფანიძე, ანთაძე (2ქ), ადედირანი (8ქ), გოგობერიშვილი, გამრეკლიძე (6ქ), კაელსი (16ქ), აბაიშვილი (3ქ), ჩაჩანიძე (3ქ), ტურპინი (14ქ,9მ), ჭოჭუა (12ქ), გაჩეშა (20ქ)
ქუთაისი-აკადემია 92:80
29:22, 21:25, 26:10, 16:23
ქუთაისი: ფაშაევი (2ქ,11პ), ქადარია (3ქ), ბოისა (7ქ), ცეკვავა, მათიაშვილი (4ქ,8მ), ბექაური (12ქ, 8მ), ბაბუნაშვილი (3ქ), ბრიტონი (12ქ), დ.ბარბაქაძე (8ქ), გ.ბარბაქაძე (29ქ,7მ), მიკულიჩი (12ქ)
აკადემია: ბოქოლიშვილი (17ქ), დარახველიძე, ღონღაძე (2ქ,6მ), ლომოური (8ქ), მიურეი (10ქ,9მ), თევდორაშვილი (4ქ), ბრიგსი (28ქ,7მ), ლეჟავა, ტომარაძე, დარბაიძე, ლუიკოვიჩი (11ქ,6მ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"