Jurnior NBA-GBF ქუთაისელი გოლდენსტეიტელების ტრიუმფით დასრულდა

AutoSharing Option
დასრულდა Jurnior NBA-GBF ლიგის პირველი გათამაშება. ტურნირს, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ორგანიზება საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, საქართველოში ამერიკის საელჩომ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობის ბიურომ, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, Jurnior NBA-ს განყოფილებამ და NBA-ს ევროპის ოფისმა გაუწიეს.

შეჯიბრება ამერიკის პროფესიული საკალათბურთო ლიგის ანალოგიურად ჩატარდა და მასში 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც თავდაპირველი კენჭისყრის შედეგად, NBA-ს გუნდების სახელები მიენიჭათ. მონაწილეობის სურვილი 51-მა გუნდმა გამოთქვა და საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარება გახდა საჭირო.

როგორც ამერიკის პროფესიულ ლიგაში, Jurnior NBA-GBF-ის მონაწილენი 6 დივიზიონში გადანაწილდნენ.
თელავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, რუსთავსა და თბილისში ჩატარებული დივიზიონის მატჩების შედეგად პლეი ოფის 16 მონაწილე შეირჩა. დასავლეთ კონფერენციის 8 საუკეთესო ქუთაისში შეიკრიბა, ხოლო აღმოსავლეთის - თბილისში. საპლეიოფო მატჩების შემდეგ გამოვლინდა ორივე კონფერენციის 2 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ოთხთა ფინალის სათამაშოდ თბილისში შეიკრიბნენ.

დასავლეთ კონფერენციის ფინალში ქუთაისის გუნდმა, რომელიც "გოლდენ სტეიტს" წარმოადგენდა, "დალას მავერიკსის" სახელით მოასპარეზე აჭარის ნაკრები დაამარცხა. აღმოსავლეთი კონფერენცია "ფილადელფიამ" ("ჰიუნდაი") მოიგო, რომელმაც "კლივლენდის" სახელით მოასპარეზე რუსთაველებს აჯობა.

კონფერენციათა გამარჯვებულები კი 25 ივნისს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, დიდ ფინალში შეხვდნენ, მანამდე კი მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც "კლივლენდმა" "დალასს" სძლია. სპეციალურად Jurnior NBA-GBF-ის ფინალზე დასასწრებად მოწვეულნი იყვნენ NBA-ს და ქალთა NBA-ს მოთამაშეები, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სპორტის დესპანები - ჟარკო ჩაბარკაპა და კალანა გრინი, რომლებმაც ფინალურ მატჩამდე NBA-ს წარმომადგენლებთან - ტროი ჯასტისთან და ვანია ჩერნოვეცთან ერთად ტურნირის მონაწილე 100-მდე ბავშვს საკალათბურთო კემპი ჩაუტარეს.

ფინალური მატჩი საინტერესო გამოდგა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები დაესწრნენ. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ქუთაისელებმა უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ დამაჯერებლად აჯობეს "ჰიუნდაის". შესაბამისად, პირველი Jurnior NBA-GBF-ის გამარჯვებული "გოლდენ სტეიტი" გახდა. როგორც ამერიკის პროფესიულ ლიგაშია, ჩემპიონებმა საგანგებოდ დამზადებული ბეჭდები მიიღეს.

ფინალის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ამერიკის საელჩოს ხელმძღვანელს მადლიერებისა და საიმედო პარტნიორობის ნიშნად საგანგებო პრიზი გადასცა.

* * *
ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა - მანუჩარ მარკოიშვილმა, დუდა სანაძემ, ბექა ბურჯანაძემ და ნიკა მეტრეველმა ოთხთა ფინალის გამორჩეულ მოთამაშეებს საკუთარი და ასევე, ნაკრების სხვა წევრთა სათამაშო მაისურები გადასცეს.

Sportall.Ge

მაისურებთან ერთად გამომცემლობა "პალიტრის" მიერ დაწესებული საბავშვო წიგნები შემდეგმა მოთამაშეებმა დაიმსახურეს: ლევან ტურაშვილმა, ანდრია ცერცვაძემ (რუსთავი), ალეკო ვახტანგაძემ, გიორგი სულაბერიძემ და ცოტნე ვაშაყმაძემ (ქუთაისი), მიშო დაბრუნდაშვილმა, ჯორჯ ტაბატაძემ (ჰიუნდაი), ნიკა კინწურაშვილმა და გიორგი ოჩხიკიძემ (ბათუმი).

* * *
ჟუნიორ NBA-GBF-ის პირველი გათამაშების უძვირფასესი მოთამაშე გახდა "გოლდენ სტეიტის" ლიდერი ცოტნე ვაშაყმაძე.

* * *
მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):
- განსაკუთრებით სასიხარულო იყო ეს დღე ფინალში მონაწილე გუნდებისთვის, ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის, რომლებმაც ამ საკალათბურთო ზეიმში მიიღეს მონაწილეობა. მადლობას გადავუხდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, NBA-ს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას და მათ წარმომადგენლობას ევროპაში.

ჟარკო ჩაბარკაპა (NBA-ს სპორტის დესპანი):
- მოხარული ვარ, რომ ამ შთამბეჭდავი ღონისძიების მონაწილე გავხდი. მათი შემხედვარე, მომინდა პატარაობაში დავბრუნებულიყავი და თავად განმეცადა ის ემოცია, რაც დღეს და მთლიანად ტურნირის მსვლელობისას ამ ბავშვებმა განიცადეს.

მანუჩარ მარკოიშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე):
- წლების შემდეგ პირველად მომეცა შანსი, დავსწრებოდი ქართველი ბავშვების მატჩს და მინდა გითხრათ, რომ ამ ასაკში არ ველოდი ასეთ დონეს. რაც მთავარია, თავად NBA არის დაინტერესებული ამ პროექტის საქართველოში განხორციელებით და იმედი მაქვს, ეს ტურნირი მომავალ წლებშიც ჩატარდება, რაც დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში კალათბურთის განვითარებას.

ნიკა მეტრეველი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე):
- ჩემს ბავშვობაში ასეთი რამ რომ გამართულიყო, ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა ასეთ ტურნირში მონაწილეობის მიღება. ყველანაირი პირობა არსებობს საიმისოდ, რომ წარმატებული მომავალი თაობა გაიზარდოს. ახლა ყველაფერი ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, რომლებსაც პირობები აქვთ და თავიანთი მონდომებითა და შრომით უნდა მიაღწიონ წარმატებებს.

დუდა სანაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე):
- ეს იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო, რაც დიდი მოტივაციაა ნებისმიერი მოზარდისთვის, რადგან NBA-ს ყველა უყურებს,  როგორც მწვერვალს. ასეთი პროგრამები დიდად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას, რადგან როგორც დონით, ისე ორგანიზების მხრივ, ეს ტურნირი მართლაც გამორჩეული იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული