აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, გოგონათა ნაკრების მწვრთნელი, მოთამაშეები და ფედერაციაში ქალთა ნაკრები გუნდების დირექტორი და კოორდინატორი ესწრებოდნენ.
საქართველოს ქალთა კალათბურთს დიდი ტრადიციები აქვს, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებული ვაკუუმის ამოვსება და გოგონათა კალათბურთის განვითარება ახლაღა დაიწყო. შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამს. 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების
18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში 7 ქვეყნის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. "ა" ჯგუფში თავს მოიყრიან: სომხეთი, ანდორა და უელსი, ხოლო "ბ"-ს საქართველო, მალტა, გიბრალტარი და კოსოვო შეადგენენ. ჯგუფებში 2-2 საუკეთესო ჯვარედინი სისტემით ნახევარფინალებში დაწყვილდება, ხოლო პლეი ოფში ვერგასული გუნდები V-VII ადგილებს გაინაწილებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები 8, 9 და 10 ივლისს გაიმართება, რის შემდეგაც, 11-ში გუნდები დაისვენებენ და 12 და 13 ივლისს პლეი ოფის თამაშებს ჩაატარებენ.
C დივიზიონის გამარჯვებული მომავალი წლისთვის ევროპის ჩემპიონატის რანგით მაღალ - B დივიზიონის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.
ზვიად კოტრიკაძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი): "პირველ რიგში, დიდ მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის. პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში, 8-13 ივლისს თბილისში ტარდება ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდე გოგონათა შორის, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის გოგონათა ნაკრები გუნდი. მომზადების პერიოდი ზამთრიდან, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ამ ღონისძიების მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ. მადლობა მთელ საორგანიზაციო კომიტეტს, რომელმაც უზარმაზარი სამუშაო გასწია ამ ღონისძიების მომზადებისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ გოგონები გვასახელებენ და მომავალში მაღალი შედეგისთვის იბრძოლებენ".
ლელა ცანავა (გოგონათა 18 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გოგონებს, რომლებმაც ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ ჩემპიონატში ღირსეულად იასპარეზონ. ხვალ ვეთამაშებით კოსოვოს გუნდს და წარმატების დიდი იმედი გვაქვს. აღსანიშნავია, რომ 25 წლის განმავლობაში გოგონებში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება არ ჩატარებულა და ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივარი მხარში ამოგვიდგება".
ელენე მანდარია (საქართველოს გოგონათა 18 წლამდე ნაკრების წევრი): "ვფიქრობ, წელს დიდი შანსები გვაქვს, რადგან გასულ წელს ოლიმპიადაზე ვიასპარეზეთ, სადაც ევროპის 7 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. წელს ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ვასპარეზობთ და წარმატების გაცილებით მაღალი შანსი არსებობს".
თეონა მაჩალაძე (საქართველოს გოგონათა 18 წლამდე ნაკრების წევრი): "დიდ იმედებს ვამყარებ ჩვენს გუნდზე. ნაკრებმა ძალიან ბევრი იმუშავა, მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მომზადებისთვის და იმედია, ეს მუშაობა ყველას დაგვიფასდება. შანსები, ვფიქრობ, თანაბარია და რთულია მეტოქეების შეფასება. ყველაზე მეტად ახლა გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის".
მედეა მხეიძე (ქალთა ნაკრები გუნდების დირექტორი): "ყველამ კარგად ვიცით, წელს, ყველა კუთხით, ცხელი ზაფხული გვაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მედია ჩრდილში არ დაგვტოვებს და მაქსიმალურად გააშუქებს ამ ღონისძიებას. როგორც მოგეხსენებათ, გულშემატკივრით სავსე ტრიბუნები სპორტსმენისა თუ მაყურებლისთვის ჯანმრთელ ატმოსფეროს ქმნის, რაც უმნიშვნელოვანესია. იმედი გვაქვს, რომ ამ ღონისძიებით, ეს პირველი გადადგული ნაბიჯი დადებითად იქნება შეფასებული და ეს შედეგი განაპირობებს ჩვენს სამომავლო წარმატებებს".
ვალენტინ დერუგინი (ქალთა ნაკრები გუნდების კოორდინატორი): "მადლობას გადავუხდი საორგანიზაციო კომიტეტს, რომელმაც ბევრი იმუშავა ამ ღონისძიებისთვის. იმედია, სათანადო შედეგს მივაღწევთ და ისევ და ისევ ღონისძიებაზე მოსვლისკენ მოგიწოდებთ, თქვენს მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება".
წყარო: superleague.ge