14-წლამდელთა შორის თბილისის ჩემპიონი "აკადემია" გახდა

AutoSharing Option
დედაქალაქში 14-წლამდელთა საუკეთესო გუნდი "აკადემიაა". გელა წულაძის, ვასილ სომხიშვილისა და ავთო აფრიდონიძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა თბილისის პირველობის ფინალურ მატჩში კლუბი "ოვერტაიმი" 98:74 დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.

აკადემიელებს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა ქუთაისელი ლუკა ლიკლიკაძე, რომელიც თბილისურ გუნდში ამ სეზონის წინ გადმოვიდა და უმალ გუნდის ლიდერად იქცა. ლიკლიკაძემ 33 ქულით გამორჩეული შედეგი დააფიქსირა, რომელმაც მატჩის მესამე პერიოდში განსაკუთრებით იაქტიურა და მებრძოლი "ოვერტაიმი" საბოლოოდ გატეხა.

საჩემპიონო ტიტულისთვის მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ოვერტაიმელები საკმაოდ კარგად ირჯებოდნენ და მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ, მაგრამ ძალები ბოლომდე არ
შერჩათ. მესამე პერიოდში აკადემიელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და ზურა და გიორგი რაზმაძეების გაწვრთნილი "ოვერტაიმი", დიდი ბრძოლის მიუხედავად, წაგებას ვერ ასცდა.

მაყურებელთა სიმპათიის პრიზი ორმა კალათბურთელმა მიიღო - არმიელმა ნიკა კაკუბერმა და "ოვერტაიმის" წევრმა ტრისტან ტურაშვილმა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აკადემიელი ლუკა ლიკლიკაძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი ლევან წულაიამ გადასცა.

ბოლო აკორდი საჩემპიონო თასის გადაცემა გახლდათ. "აკადემიის" კაპიტან ლუკა კალატოზიშვილს თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.

მესამე ადგილისთვის მატჩში "არმიამ" დაძაბულ ბრძოლაში - 65:61 დაამარცხა "მაკაბი" და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული