სიაში 18 კალათბურთელია, მათ შორის - 10 მცველი, 5 ფორვარდი და სამი ცენტრი. წინასწარ იყო ცნობილი, რომ რუსეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება ორი გამოცდილი მოთამაშე – ანდრეი კირილენკო და ვიქტორ ხრიაპა. სამაგიეროდ, გუნდში არიან NBA-ს ლეგიონერები – მცველი ალექსეი შვედი (“მინესოტა”) და ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი (“დენვერი”).
ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის მეტოქეები იქნებიან: ფინეთი, საბერძნეთი, იტალია, შვედეთი და თურქეთი.
ევრობასკეტისთვის რუსების გაფართოებული შემადგენლობა
მცველები: იგორ ვიალცევი, ვიტალი ფრიძონი, დმიტრი ხვოსტოვი (ყველა – “ხიმკი”), სერგეი ბიკოვი, მაქსიმ გრიგორიევი (ორივე – “ლოკომოტივი-ყუბანი”), ევგენი ვორონოვი, ანტონ პონკრაშოვი (ორივე - ცსკა), სერგეი კარასიოვი (“ტრიუმფი”), დმიტრი კულაგინი (“კრასნიე კრილია”), ალექსეი შვედი (“მინესოტა”);
ფორვარდები: სემიონ ანტონოვი (“ნიჟნი ნოვგოროდი”), ნიკიტა ბალაშოვი (“კრასნიე კრილია”), ანდრეი ვორონცევიჩი (ცსკა), ვალერი ლიხოდეი (“ლოკომოტივი-ყუბანი”), სერგეი მონია (“ხიმკი”);
ცენტრები: ალექსეი ჟუკანენკო (“ხიმკი”), ტიმოფეი მოზგოვი (“დენვერი”), დმიტრი სოკოლოვი (ცსკა).
კობიმ დაბრუნება დაგეგმა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი, რომელმაც აპრილის შუაში გაწყვეტილ აქილევსის მყესზე ოპერაცია გადაიტანა, 2013-14 წლების სეზონის დასაწყისში იმედოვნებს მოედანზე დაბრუნებას.
"იმედია, მომავალი სეზონის სტარტისთვის დავბრუნდები. ეს გამოწვევაა ჩემთვის.
როცა ლაპარაკობენ ჩემს ტრავმაზე, აქ ყველაფერი საკმარისად მარტივი და გასაგებია. არსებობს გარკვეული პერიოდი, რომელიც აღდგენას უნდა მიუძღვნა - ამას ვერ გაექცევი, მაგრამ ადრე თუ გვიან დადგება დღე, როცა ექიმები გეტყვიან: "ყველაფერი წესრიგშია, შეგიძლია წახვიდე და ისეთი მონდომებით ივარჯიშო, როგორც თავად გსურს". ეს კარგი დღე იქნება", - ამბობს ბრაიანტი ESPN Los Angeles-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
გალინარის თებერვლამდე ვერ ვნახავთ
“დენვერ ნაგეტსის” იტალიელი ფორვარდი დანილო გალინარი, რომელმაც ტრავმა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მიიღო, უახლოეს ხანში გაიკეთებს ოპერაციას, - წერია NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. მას მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაუდგინეს. იტყობინებიან, რომ კალათბურთელს დაახლოებით რვა თვე დასჭირდება აღდგენისთვის. ასე რომ, გალინარი თებერვლამდე ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
2012-13 წლების სეზონში იტალიელმა 71 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 16.2 ქულა, 5.2 მოხსნა და 2.5 შედეგიანი პასი დააგროვა.
ჯეი არ სმიტი ბაზარზე გადის
"ნიუ იორკ ნიქსის" მცველმა ჯეი არ სმიტმა ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა გადაწყვიტა, - იტყობინება ESPN New York. სმიტის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც კალათბურთელს ამის უფლებას აძლევს.
სმიტი თავისი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად 30 ივნისამდე გამოაცხადებს. ვარაუდობენ, რომ 2012-13 წლების სეზონის საუკეთესო "მეექვსე მოთამაშე" ისევ "ნიუ იორკთან" გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას.
მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მომდევნო სეზონში ჯეი არმა 2.9 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"