ევრობასკეტი 2013: ესპანელებმა ტონი პარკერი ვერაფრით გააჩერეს

AutoSharing Option
20 სექტემბერი
1/2 ფინალი
ლიტვა-ხორვატია 77:62
24:19, 16:18, 21:8, 16:17
ლ: კალნეიტისი (18+4 პასი), სეიბუტისი (2+4 პასი), მაციულისი (23+6 მოხსნა), კლეიზა (22+11 მოხსნა), დ. ლავრინოვიჩი (2), ვალანჩიუნასი (6+5 მოხსნა+5 დაფარება), იავტოკასი (4), კუზმინსკასი, მოტეიუნასი, პოციუსი.
ხ: უკიჩი (1+7 მოხსნა+5 პასი), სიმონი (9), ბოგდანოვიჩი (15), მარკოტა (5), ტომიჩი (7+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ზორიჩი (8+5 მოხსნა), დრეპერი (5), რუდეზი (5), სარიჩი (4), ანდრიჩი (3).
ორქულიანები: 18/41 (43,9%) - 20/45 (44,4%)
სამქულიანები: 9/23 (39,1%) - 3/20 (15%)
საჯარიმოები: 14/18 (77,8%) - 13/20 (65%)
მოხსნები: 38-43;
პასები: 14-12; შეცდომები: 10-13

გადამწყვეტი მომენტი: ლიტველები დიდ შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ (40:37). მესამე ათწუთეულის დასაწყისში ბალტიისპირელებმა 18:3 გაქცევა მოაწყვეს, რომლის დროსაც სამი სამქულიანი ჩააგდეს და 58:40 დაწინაურდნენ. მას მერე ხორვატია 14-ზე მეტი სხვაობით ვერ მიუახლოვდა.
მატჩის გმირი: იონას მაციულისმა 23 ქულა ჩააგდო, გამოიყენა 3 სამქულიანი და ამგარიშზე 6 მოხსნა ჩაიწერა. იგი დაცვაშიც ძალიან სასარგებლო იყო.
სტატისტიკა არ ტყუის: ლიტვამ ხორვატიას თამაშიდან მხოლოდ 35.4 პროცენტიანი სიზუსტით ატყორცნინა, სამქულიანებში სიტუაცია კიდევ უფრო სავალალო იყო - 15 პროცენტი. ხორვატებმა მესამე პერიოდში თამაშიდან 15-ჯერ ისროლეს და ერთხელ ჩააგდეს.

ვინც თამაშს უყურა, დაგვეთანხმება, რომ ლიტველები ხორვატებთან შედარებით ენერგიულად გამოიყურებოდნენ. ამის მიზეზის საძიებლად საკმარისია უკან გავიხედოთ: ხორვატიამ ესპანეთთან სადებიუტო წაგების შემდეგ საქართველოსთან დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით მოიგო, შემდეგ პოლონეთთან ოვერტაიმი ითამაშა, ამას მოჰყვა ასევე დამატებითი დრო სლოვენიასთან და მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ორი დამატებითი ხუთწუთიანი მონაკვეთი საბერძნეთთან.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ხორვატებს პირველსა თუ მეორე ეტაპზე ლიტველებთან შედარებით გაცილებით რთული მეტოქეები შეხვდნენ...

"ლიტვამ მოგება დაიმსახურა. ეს გუნდი პირველივე წუთებიდან ჩვენზე სწრაფად, ძლიერად გამოიყურებოდა და ხორვატიაზე მეტი ენერგიაც ეტყობოდა.

შესაძლოა, ჩემს ბიჭებზე დიდი ემოციური გავლენა მოახდინა 18 წლის შემდეგ პირველად გასვლამ ნახევარფინალში",
- განაცხადა ნამატჩევს ხორვატთა დამრიგებელმა ჟასმინ რეპეშამ, რომლის გუნდსაც ისტორიული მიღწევის გაუმჯობესება წლეულს აღარ უწერია.

ხორვატებს ესპანეთთან მესამე ადგილისთვის მატჩი ელით და მოგების შემთხვევაში გაიმეორებენ 1993 და 1995 წლებში ნაჩვენებ შედეგს, დაიკავებენ მესამე ადგილს.

რაც შეეხება ლიტვას, მეტოქეზე აგრესიულად გამოიყურებოდა, მეტად კონცენტრირებული იყო და საფეხბურთო ტერმინი რომ გამოვიუყენოთ, პირველივე წუთებიდან პირველ ნომრად თამაშობდა.

ლიტველებს 22 სექტემბერს, ფინალში შანსი მიეცემათ მეოთხედ მოიპოვონ ევროპის №1 ნაკრების წოდება. ეს მათ შორეულ 1937, 1939 და ახლო 2003 წელს მოახერხეს.

"მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ ევრობასკეტზე შანსი არ გვქონდა, ვერაფერს მივაღწევდით... მაგრამ ვიპოვეთ თამაშის რიტმი და დღეს ფინალის საგზური მოვიპოვეთ. ოქროს მოგება რეალურად შეგვიძლია"
, - განაცხადა ლიტველთა მწვრთნელმა იონას კაზლაუსკასმა.

ესპანეთი-საფრანგეთი 72:75 ო.ტ.
18:14, 16:6, 15:23, 16:22, 7:10
ე: რუბიო (2+4 შეცდომა), კალდერონი (4), ფერნანდესი (17), კლავერი (3), გასოლი (19+9 მოხსნა+3 დაფარება+6 შეცდომა), როდრიგესი (11+6 მოხსნა+9 პასი), ლული (6), სან ემეტერიო (5), აგილარი (3), რეი (2), მუმბრუ.
ს: პარკერი (32+6 მოხსნა+5 შეცდომა), ჟელაბალი (7+5 მოხსნა), ბატუმი (3), დიაო (8+8 მოხსნა), აჟინკა (3+6 მოხსნა), დიო (10), პიეტრუსი (5+8 მოხსნა), დე კოლო (3), პეტრო (2), ლოვერნი (2), კაუდი.
ორქულიანები: 16/36 (44,4%) - 17/43 (39,5%)
სამქულიანები: 7/22 (31,8%) - 9/21 (42,9%)
მოხსნები: 36-40. პასები: 16-11. შეცდომები: 18-15

გადამწყვეტი მომენტი: საფრანგეთი 69:67-ს იგებდა, როცა ესპანელმა ვიქტორ კლავერმა სამქულიანი ტყორცნა მიზანს ააცილა და ტონი პარკერზე დაჯარიმდა. სანანტონიოელმა ორივე საჯარიმო გამოიყენა და ოვერტაიმის დამთავრებამდე 42 წამით ადრე ფრანგები 4 ქულით წინ გავიდნენ - 71:67.
მატჩის გმირი: პირველ ტაიმში უსუსტესი თამაშის მიუხედავად ფრანგებს სჯეროდათ, რომ პარკერს შეეძლო მათი შველა. მან 32 ქულა ჩააგდო და ევრობასკეტის ისტორიაში ვიცე-ბომბარდირად იქცა.
სტატისტიკა არ ტყუის: ციფრთა შეფარდება ორივე გუნდს თითქმის თანაბარი ჰქონდა. მხოლოდ მოხსნებში იგრძნობოდა ფრანგების მცირე უპირატესობა - 40:36. გადამწყვეტი მაინც პარკერისა და მისი თანაგუნდელების მიერ ჩაგდებული 17-დან 14 საჯარიმო აღმოჩნდა.

საფრანგეთს ევროპის ჩემპიონატებზე ლიტვასთან შედარებით მოკრძალებული შედეგი აქვს, ოქრო ერთხელაც არ მოუგია, ხოლო ფინალში ორჯერ ითამაშა: 1949 წელს ქაიროში ეგვიპტესთან დამარცხდა, ხოლო 2011 წელს ლიტვაში - ესპანეთთან.

მათ პირენეელებთან გუშინაც მძიმე ბრძოლა გადაიტანეს და პირველი ტაიმის შემდეგ ბევრმა, ალბათ, იფიქრა - ფრანგებმა "ჩაილურის წყალი" დალიესო, რადგან 20 წუთში ზუსტად 20 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული და ჯერ კიდევ მოქმედ ევროპის ჩემპიონებს 14 ქულის სხვაობით ჩამორჩებოდნენ.

მთელი თამაშის განმავლობაში ესპანელებს არ აღმოაჩნდათ კალათბურთელი, რომელიც ტონი პარკერს შეაკავებდა. სწორედ მისი წინამძღოლობით "ლურჯებს" ჯერ თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნდათ, შემდეგ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო ოვერტაიმში გადამწყვეტი ოთხი საჯარიმო ტყორცნა სწორედ პარკერმა შეასრულა ზუსტად. თან ისეთი მშვიდი და მომღიმარი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ეზოში, ნაყინზე ეთამაშებოდა მეზობელ უბანში მცხოვრებ ესპანელებს.

თავის მხრივ, პირენეელთა მწვრთნელმა გადამწყვეტ მომენტში თამაშის წარმართვა დაავალა სერხიო როდრიგესს, რომელმაც მანამდე თითქმის უშეცდომოდ ითამაშა. თუმცა ბოლო წამებზე იმდენად ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღო (პასებს ვერ იმეტებდა), ესპანელთა დამრიგებელი ხუან ორენგა შესაძლოა, ნანობს კიდეც მატჩის ჩამთავრება რიკი რუბიოს რომ არ მიანდო.

ასეა თუ ისე, მოქმედმა ჩემპიონებმა ზედიზედ მესამე ოქროსთვის ბრძოლა ნახევარფინალში დაასრულეს და ისღა დარჩენიათ ისტორიაში მესამე ბრინჯაოსთვის იბრძოლონ.

V-VIII ადგილებისთვის
იტალია-უკრაინა 58:66
17:13, 17:22, 14:16, 10:15
ი: ჩინჩარინი (3+4 პასი), ბელინელი (7+6 მოხსნა), არადორი (15+9 მოხსნა), დატომე (11), კუზინი, ჯენტილე (10), მელი (8), დინერი (2), მაგრო (2).
უ: ჯეტერი (20+4 პასი+3 ჩაჭრა), გლადირი (5+6 მოხსნა), ლიპოვოი (4), კორნიენკო (3+6 მოხსნა), ნატიაჟკო (6), მიშულა (8), პუსტოზვონოვი (8), კრავცოვი (6+6 მოხსნა+6 დაფარება), ზაიცევი (3+5 მოხსნა), ზაბირჩენკო (3).
ორქულიანები: 11/34 (32,4%) - 19/41 (46,3%)
სამქულიანები: 10/32 (31,3%) - 5/20 (25%)
საჯარიმოები: 6/10 (60%) - 13/19 (68,4%)
მოხსნები: 44-40; პასები: 11-8; შეცდომები: 13-12

გადამწყვეტი მომენტი: საწყისი 30 წუთის განმავლობაში ანგარიშში სხვაობა 6 ქულას არ გასცილებია. მეოთხე პერიოდის საწყის ხუთ წუთში კი იტალიელებმა შეტევაში თამაში ვერ დაალაგეს, ქულა ვერ ჩააგდეს, 0:8 წააგეს და უკრაინა 59:48 დაწინაურდა. ეს იყო და ეს, მაიკ ფრატელოს გუნდმა გამარჯვება გაიფორმა.
მატჩის გმირი: პუხ ჯეტერმა უკრაინას გადამწყვეტ მომენტში არაერთი ზუსტი ტყორცნა შეაშველა და მატჩში ყველაზე მეტი, 20 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
სტატისტიკა არ ტყუის: იტალიამ უკრაინას მოხსნებში 44:40 კი აჯობა, მაგრამ ამ კომპონენტში მეორე ტაიმში უპირატესობა არ ჰქონია. პირველი ნახევრის შემდეგ იტალიელთა თამაშიდან ტყორცნების პროცენტული მაჩვენებელი 44-დან 32 პროცენტამდე დაეცა. უკრაინელებმა იტალიას საგრძნობლად მოუგეს სამწამიანი ზონიდან ჩაგდებულ ქულებში - 22:10.

როგორც აღმოჩნდა, ლიტვასთან მეოთხედფინალურ მატჩს იტალიელებმა დიდი ენერგია შეალიეს და უკრაინასთან საკლასიფიკაციო მატჩში, როცა თამაშის სადავეების ხელში ჩაგდება გახდა საჭირო, "ცხენი" გაექცათ.

იტალიელებს უკრაინასთან ისევე დაემართათ, როგორც ლიტვასთან - მეოთხე პერიოდის საწყის 5 წუთში ქულა ვერ ჩააგდეს. ამას კი არათუ უკრაინა, ფინეთი და ავსტრიაც არავის პატიობს.

უკრაინელებმა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ენერგია ბოლომდე გამოიზოგეს და მიაღწიეს თავისთვის ისტორიულ შედეგს - მოიპოვეს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება, რომელიც ესპანეთში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის საგზურს ევრობასკეტის საუკეთესო ექვსი გუნდი მიიღებს. უკრაინამ კი "სკუადრა აძურას" ძლევით სწორედ ექვსეულში შეაღწია.

რადგან ესპანეთი მასპინძელია, მას მსოფლიოზე მოხვედრა წინასწარ აქვს დაბევებული და ევროპის წლევანდელი ჩემპიონატიდან მეშვიდე გუნდიც მიიღებს ესპანეთი-2014-ის საგზურს. ასე რომ, იტალიას კიდევ დარჩა მუნდიალზე მოხვედრის შანსი, რაშიც სერბეთი შეეცილება.

მაიკ ფრატელოს გაწვრთნილი გუნდისთვის წლევანდელ ევრობასკეტზე წარმატებული თამაში უკრაინული კალათბურთის წინსვლისთვის აშკარად სასარგებლოა, რადგან 2015 წელს სწორედ უკრაინა უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს და მანამდე ქვეყანაში საკალათბურთო აფეთქება მომავალ ევროპის ჩემპიონატს კიდევ უფრო მეტ ინტერესს შესძენს.

21 სექტემბერი
VII ადგილისთვის
19:30 იტალია-სერბეთი

V ადგილისთვის
23:00 სლოვენია-უკრაინა

22 სექტემბერი
III ადგილისთვის
19:30 ესპანეთი-ხორვატია

ფინალი
23:00 ლიტვა-საფრანგეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2013: ხორვატია - პირველად 1995 წლის შემდეგ...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპაში რაც კალათბურთს უყურებ ასეთი თამაში არ მიყურებია, საღოლ პარკერს და ესპანეთს შეეტყო რომ ლიდერები აკლდათ... მოკლედ ვისიამოვნე ნაღდად.
PARFIUMER
11:34 21-09-2013
0

სიახლეები პოპულარული