NBA. რეგულარული ჩემპიონატი: აიზია ტომასი ბოლო მეოთხედში საუკეთესოა

AutoSharing Option
მეოთხე მეოთხედის მოთამაშე, კლივლენდის კრიზისი, გამოცოცხლებული ფილადელფია და მაიამი

აიზია ტომასმა დაამტკიცა, რომ მეოთხე მეოთხედის საუკეთესო მოთამაშეა ლიგაში. "დეტროიტთან" მატჩამდე, "ბოსტონის" მცველი დასკვნით 12-წუთეულში საშუალოდ 10.0 ქულას აგროვებდა, გუშინ კი თავისი 41 ქულიდან 24 ბოლო მეოთხედში აიღო.

აიზიამ ზედიზედ 32 მატჩში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა და ჯონ ჰავლიჩეკის რეკორდამდე (40 მატჩი) ბევრი არ უკლია. ტომასმა ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ ჩააგდო 20 ქულაზე ნაკლები. და კიდევ, ეს იყო მისი მეოთხე მატჩში მიმდინარე რეგულარულში, როცა მან მეოთხე მეოთხედში მინიმუმ 20 ქულა აიღო.

* * *
"კლივლენდის" პრობლემები გრძელდება. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა წააგო ცოტა ხნის წინ დასავლეთის მთავარ აუთსაიდერთან "დალასთანაც", რაც ბოლო 10 მატჩში მეექვსე მარცხი იყო. "მავერიქსი" კი უკვე აღარ ხუმრობს. ბოლო ათ შეხვედრაში მან შვიდი მოიგო და მხოლოდ სამი მოგებით ჩამორჩება პლეი ოფის ზონას. თან ბოლო ორ მატჩში ჯერ სტუმრად დაამარცხა "სან ანტონიო" და ამას მოჰყვა ჩემპიონის ძლევა.

ლებრონ ჯეიმსს მორიგი სტატისტიკური მიღწევა ჰქონდა. წინა დღეს, ის გახდა "კლივლენდის" პირველი მოთამაშე ისტორიაში, ვინც 20 ათასი ქულა დააგროვა. გუშინ კი ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გაუსწრო კარიერაში ნათამაშები წუთების რაოდენობით - 48 512.

* * *
მაიკ კონლიმ კარიერის რეკორდი დაამყარა 38 ქულით, "მემფისმა" კი 16 სამქულიანი ჩააგდო და 115:96 დაამარცხა "ფინიქსი".

კონლიმ ათიდან შვიდი სამქულიანი მოათავსა კალათში და ზედიზედ მეორე მატჩში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა. "მემფისმა ამ სეზონში 24-ე მატჩში ჩააგდო მინიმუმ 10 სამქულიანი.

"ფინიქსმა" ზედიზედ მეოთხედ წააგო.

* * *
"ფილადელფიამ" მორიგი მატჩი ჩაატარა ჯოელ ემბიდის გარეშე, მაგრამ მაინც მოიგო შინ "საკრამენტოს" წინააღმდეგ. არადა, მეორე მეოთხედის მსვლელობისას, 16 ქულით იყო ჩამორჩენილი.

* * *
მინესოტელმა ენდრიუ უიგინსმა ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე გაათანაბრა ანგარიში და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც კიდევ ექვსი ქულა დააგროვა და მატჩის გმირი გახდა.

* * *
"მაიამის" შეჩერება სულ უფრო რთული ხდება. ფლორიდელებმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგეს და ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვთ ლიგაში."ჰიტი" სულ რაღაც ოთხი მოგებით ჩამორჩება პლეი ოფის ზონას.

ჰარდენის მეორე 50
უესტბრუკისა და ჰარდენის მორიგი მიღწევები, ოლ სტარის შემადგენლობები და სხვა ამბები კვირის მიმოხილვაში

სერია
გამოსწორების გზაზეა "მაიამი". როგორც ჩანს, ერიკ სპოელსტრას შეგირდებმა ჩათვალეს, რომ "ფილადელფიაზე" არაფრით ნაკლებები არ არიან და ბოლო სამ სეზონში პირველად მოიგეს ზედიზედ შვიდი მატჩი. მართალია, მეტოქეებს შორის უმეტესობა აუთსაიდერი იყო, მაგრამ "ჰიუსტონთან" და "გოლდენ სტეიტთან" მოგებები ნამდვილად უნდა ჩაიწეროს ფლორიდელთა აქტივში.

მატჩი
"გოლდენ სტეიტმა" შეწყვეტილი მოგებათა სერიის გამო, ჯავრი "კლიპერსზე" იყარა. ამ გუნდის რიგებში ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ბლეიკ გრიფინი, რომელიც ორი სულელური წაგების მონაწილე გახდა. თავდაპირველად, დოკ რივერსის შეგირდებმა 19-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს "ფილადელფიასთან" მატჩში იმის მიუხედავად, რომ მეტოქეს ჯოელ ემბიდი არ ჰყავდა. ამას მოჰყვა სტეფ კარის გუნდის მხრიდან შემუსვრა.

თავად გრიფინი ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე. ის გახდა ერთადერთი მოთამაშე "კლიპერსის" რიგებში, ვინც 20 ქულა დააგროვა. იმ საღამოს "გოლდენ სტეიტი" ყველაფერს აგდებდა. განსაკუთრებით მონდომებული იყო სტივენ კარი, რომელიც დააუჯერებელ სამქულიანებს ყრიდა. საბოლოოდ, "კლიპერსმა" 144 ქულა გაუშვა და 46 ქულით წააგო, "გოლდენ სტეიტმა" კი თამაშიდან 62 პროცენტის სიზუსტით ისროლა.

უესტბრუკი
თუ კვირას "კლივლენდთან" წაგებას არ ჩავთვლით, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ გასული კვირა რასელ უესტბრუკისთვის და "ოკლაჰომასთვის" წარმატებული იყო. მცველმა სამი სამმაგი დუბლი შეასრულა და გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო პირდაპირ კონკურენტთან "იუტასთან" შეხვედრაში. "თანდერმა" ეს სამივე შეხვედრა მოიგო. "ნიუ ორლეანთან" მატჩის შემდეგ, უესტბრუკმა სამმაგი დუბლების რაოდენობით გაუსწრო ლარი ბერდს და ახლა, TOP5-ში იკავებს ადგილს. მისი შემდეგი სამიზნე უილტ ჩემბერლენია.

ჰარდენი
ჯეიმს ჰარდენი რამდენადმე ჩამორჩა "ოკლაჰომას" გამთამაშებელს, სამაგიეროდ, სამმაგი დუბლების ხარისხით, მას ვერავინ შეედრება. "ჰიუსტონის" ლიდერი პირველი კალათბურთელია ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში ორი 50-ქულიანი სამმაგი დუბლი შეასრულა. გასულ კვირას ერთ-ერთი ასეთი სამმაგი დუბლი "ფილადელფიასთან" ჰქონდა.
სხვა საქმეა, რომ "ჰიუსტონმა" ოდნავ მოუკლო და მას ცხრილში მიუახლოვდნენ "კლიპერსი" და "იუტა".

ოლ სტარი
მწვრთნელებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს და ოფიციალურად დაასრულეს "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემადგენლობების ფორმირება. ამჯერად, სიურპრიზი ცოტა იყო და "ოლ სტარის" მიღმა დარჩა ძალიან ცოტა კალათბურთელი, რომელიც სერიოზულად იმსახურებდა ნიუ ორლეანში მგზავრობას. ვიღაცეებს ტრავმებმა შეუშალეს ხელი (კრის პოლი, ბლეიკ გრიფინი), ვიღაცას ცუდმა სატურნირო მდგომარეობამ (ჯოელ ემბიდი, კარლ-ენტონი თაუნსი). პირველად ითამაშებენ "ოლ სტარზე": კემბა უოკერი, გორდონ ჰეივორდი და დეანდრე ჯორდანი.

კონფლიქტი
"ჩიკაგოში", როგორც ჩანს, ქაოსის დრო მოვიდა. გუნდების ლიდერებმა ვერ გამონახეს ერთმანეთში საერთო ენა და ბოლო დროს, მორიგი წაგებების შემდეგ, აქტიურად ავრცელებდნენ ნეგატივს პრესასა და სოციალურ ქსელებში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რაჟონ რონდომ "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა "ბოსტონის" ყოფილი თანაგუნდელების ფოტო შეტყობინებით, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობდა - "ჩიკაგოში" სათანადო ლიდერობა არ არსებობს. ფრედ ჰოიბერგს ისე მობეზრდა ეს არეულობა, რომ "მაიამისთან" მატჩში სეზონში პირველად არ გაიყვანა სასტარტოში არც ერთი მოთამაშე ცნობილი ტრიოდან.

ტრავმა
ენეს კანტერი გასულ კვირას თავისმა ფიცხმა ხასიათმა დააღალატა. "დალასთან" მატჩში რამდენიმე წარუმატებელი მოქმედების შემდეგ, "ოკლაჰომას" თურქმა ცენტრმა ჯავრი სკამზე იყარა და ხელი მოიტეხა. კანტერმა უკვე მოუბოდიშა გუნდს, რომელსაც მომავალი ორი თვე თავისი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული კალათბურთელის გარეშე მოუწევს თამაში.

რეკორდი
მარკ გასოლი თავის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და აბსოლუტურად დამსახურებულად მოხვდა "ყველა ვარსკვლავის მატჩზე". ესპანელი ცენტრი კარიერაში პირველად აგროვებს თამაშში საშუალოდ 20 ქულაზე მეტს და შედეგიანობის პირადი რეკორდის განახლება დროის ამბავი იყო. ასეც მოხდა: "ტორონტოსთან" მატჩში მემფისელმა 42 ქულა დააგროვა და გადამწყვეტი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში.

იუბილე
შესაძლოა, რთული დასაჯერებელია, მაგრამ საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს ვინს კარტერს 40 წელი შეუსრულდა. ის გახდა მხოლოდ 25-ე კალათბურთელი ისტორიაში, ვინც ლიგაში თამაშისას მიაღწია ამ ასაკს.

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "მაიამი ჰიტის" წევრი დიონ უეიტერსი. გასულ კვირას, ფლორიდულმა კლუბმა ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო, უეიტერსის საშუალო მონაგარი კი 23.3 ქულას, 5.0 შედეგიან პასსა და 4.5 მოხსნას შეადგენდა. მაიამელი 48 პროცენტის სიზუსტით (25-დან 12) ისროდა სამქულიანებს. მათ შორის იყო გამარჯვების მომტანი შორეული ტყორცნა "გოლდენ სტეიტთან" მატჩში, რომელშიც უეიტერსმა 33 ქულით შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

დასავლეთში საუკეთესოდ დაასახელეს დემარკუს კაზინსი. მისმა "საკრამენტომ" ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, კალათბურთელმა კი 27.8 ქულა, 14.5 მოხსნა, 6.0 შედეგიანი პასი, 1.5 ჩაჭრა და 1.25 დაფარება დააგროვა. "კლივლენდთან" ოვერტაიმში მოგებულ მატჩში, კაზინსს ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა სამმაგ დუბლამდე.

ფილადელფია-საკრამენტო 122:119
21:35, 27:20, 42:30, 32:34
ფ: კოვინგტონი (23+10 მოხსნა), შარიჩი (17+6 პასი), სტაუსკასი (16), ჰენდერსონი (15), ოკაფორი (15), ნოელი (12), ილიასოვა (10), მაკონელი (9+11 პასი).
ს: კაზინსი (46+15 მოხსნა), კოული-სტაინი (17), ბარნსი (16), ლოუსონი (4+11 პასი).

მაიამი-ბრუკლინი 104:96
28:32, 28:20, 28:25, 20:19
მ: დრაგიჩი (20+8 პასი), უეიტერსი (19+9 პასი), ჯ. ჯონსონი (17), მაკგრუდერი (13), უაიტსაიდი (12+9 მოხსნა).
ბ: ბოგდანოვიჩი (16), ლოპესი (14), ბეკერი (13+8 მოხსნა), უაიტჰედი (13), დინუიდი (10), ჰოლის-ჯეფერსონი (4+11 მოხსნა).

ბოსტონი-დეტროიტი 113:109
26:25, 28:21, 25:24, 34:39
ბ: ტომასი (41+8 პასი), კრაუდერი (21+8 მოხსნა), სმარტი (13+8 პასი), ჰორფორდი (13+6 პასი), ჟერებკო (3+10 მოხსნა).
დ: დრამონდი (28+22 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (18), ჰარისი (15), მორისი (13), ჯექსონი (12+6 პასი), სმიტი (12).

მინესოტა-ორლანდო 111:105 (ო)
26:23, 26:28, 28:28, 18:19, 13:7
მ: უიგინსი (27), თაუნსი (23+12 მოხსნა+7 პასი), რუბიო (22+8 მოხსნა+8 პასი), ლავინი (11), მუჰამადი (10), ჯენგი (5+14 მოხსნა).
ო: პეიტონი (21), უიგინსი (18), იბაკა (17+10 მოხსნა), ვუჩევიჩი (13+11 მოხსნა), გორდონი (12), გრინი (10).

დალასი-კლივლენდი 104:97
26:29, 29:21, 26:20, 23:27
დ: ბარნსი (24+11 მოხსნა), მეტიუზი (21), ფერელი (19), სეტ კარი (16), პაუელი (14+8 მოხსნა).
კ: ჯეიმსი (23+9 მოხსნა+9 პასი), ირვინგი (18), ფრაი (13+7 მოხსნა), ჯეფერსონი (11), მაკრეი (11).

ფინიქსი-მემფისი 96:115
28:31, 20:28, 22:29, 26:27
ფ: ბუკერი (22), კრისი (20), ბლედსოუ (14), ბუკერი (11).
მ: კონლი (38+9 პასი), მარკ გასოლი (18), რენდოლფი (18).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 47 32 15 68.1
2. ბოსტონი 48 30 18 62.5
3. ტორონტო 48 29 19 60.4
4. ატლანტა 48 28 20 58.3
5. ვაშინგტონი 47 27 20 57.4
6. ინდიანა 47 25 22 53.2
7. ჩიკაგო 49 24 25 49.0
8. შარლოტი 48 23 25 47.9
9. მილუოკი 47 21 26 44.7
10. დეტროიტი 48 21 27 43.8
11. ნიუ იორკი 49 21 28 42.9
12. მაიამი 49 19 30 38.8
13. ფილადელფია 47 18 29 38.3
14. ორლანდო 50 19 31 38.0
15. ბრუკლინი 48 9 39 18.8

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 48 41 7 85.4
2. სან ანტონიო 47 36 11 76.6
3. ჰიუსტონი 51 35 16 68.6
4. კლიპერსი 48 30 18 62.5
5. იუტა 49 30 19 61.2
6. ოკლაჰომა 48 28 20 58.3
7. მემფისი 50 29 21 58.0
8. დენვერი 46 21 25 45.7
9. პორტლენდი 49 21 28 42.9
10. საკრამენტო 48 19 29 39.6
11. ნ. ორლეანი 48 19 29 39.6
12. მინესოტა 48 19 29 39.6
13. დალასი 48 18 30 37.5
14. ლეიკერსი 50 16 34 32.0
15. ფინიქსი 48 15 33 31.3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული