"მაიამის" ბოლოდროინდელი გმირობა უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ანომალიური მიღწევა. გუნდმა, რომელსაც არც ერთი სუპერვარსკვლავი არ ჰყავს და მოგება/წაგების პროცენტი 33 აქვს, ზედიზედ 13 მატჩის მოგება შეძლო და მაქსიმალურად მიუახლოვდა პლეი ოფის ზონას.
შესაბამისად, "ჰიტი" გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც მოგება/წაგების უარყოფითი მაჩვენებლით შეძლო მიჯრით 13 მატჩის მოგება. ამ გარღვევის წყალობით, ერიკ სპოელსტრას გუნდი მეათე ადგილზე გადავიდა აღმოსავლეთ კონფერენციაში და ძალიან მიუახლოვდა მერვე ადგილისთვის მებრძოლ "დეტროიტსა" და "შარლოტს".
რაც შეეხება სერიას, ის "ფილადელფიასთან" მატჩში დასრულდა. გორან დრაგიჩის (30
მატჩი
"ოკლაჰომა-სიტის" გულშემატკივრები განსაკუთრებული მოუთმენლობით ელოდნენ თავიანთი ყოფილი კერპის კევინ დურანტის სტუმრობას. და წლის ვიზიტი შედგა. პლაკატები, მრავალფეროვანი მაისურები, უცენზურო შეძახილები და ყვირილი მთელი 48 წუთის განმავლობაში - დურანტმა სრულად შეიგრძნო თავისი ყოფილი გუნდის ფანების სიძულვილი.
თუმცა, ამ ყველაფერს მცირე გავლენა ჰქონდა სპორტულ მხარეზე. ისევე როგორც ამ გუნდების პირველ მატჩში, რომელიც ოკლენდში გაიმართა, აქაც კონკურენცია მინიმალური იყო. გადამწყვეტი გახდა მეორე მეოთხედი, რომელშიც "გოლდენ სტეიტმა" 43 ქულა ჩააგდო. და პირველ ტაიმში მოპოვებული ჰანდიკაპი (23 ქულა) საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ინტრიგა საფინალო სირენამდე დიდი ხნით ადრე გამქრალიყო.
რაც შეეხება შეხვედრის ორ მთავარ გმირს, მათ არ დააღალატეს მაყურებელი. დურანტმა სეზონში მეორედ ყოფილ გუნდს 30-ზე მეტი ქულა ჩაუგდო, უესტბრუკს კი სამი ქულა დააკლდა 50-მდე და ორი შედეგიანი პასი - სამმაგ დუბლამდე.
უესტბრუკი
"ოკლაჰომამ" ერთი ფავორიტის დამარცხება მაინც მოახერხა. პარასკევს ის შინ იღებდა "კლივლენდს", რომელმაც ბოლო დროს გამოასწორა თამაში წარუმატებელი სერიის შემდეგ. ამ შეხვედრაში უესტბრუკმა თავის პარტნიორებზე მოახდინა კონცენტრაცია, თუმცა ნორმა - 24 ტყორცნაზე მეტი - აქაც შეასრულა. თავისი ლიდერის არც ისე მაღალი რეალიზაცია შეავსეს ვიქტორ ოლადიპომ და სტივენ ადამსმა, რომლებმაც, შესაბამისად, 23 და 20 ქულა დააგროვეს. ლებრონ ჯეიმსსა და კევინ ლავს თამაში არ წაუვიდათ და კაირი ირვინგის მონდომება (28 ქულა) "კლივლენდისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა - 109:118.
ამ მატჩში უესტბრუკის მიერ გაფორმებული სამმაგი დუბლი 26-ე იყო სეზონში. ახლა, "თანდერის" მცველისთვის აქტუალურია ორიენტირები უილტ ჩემბერლენის (31 სამმაგი დუბლი 1967-68 წლების სეზონში) და ოსკარ რობერტსონის (41 სამმაგი დუბლი 1961-62 წლების სეზონში) სახით.
სამმაგი-დუბლი
ნამდვილი სასწაული მოახდინა გასულ კვირას დრეიმონდ გრინმა. "გოლდენ სტეიტის" ფორვარდი გახდა პირველი კალათბურთელი ისტორიაში, ვინც ქულების გარეშე შეაგროვა სამმაგი დუბლი - 12 მოხსნა, 10 პასი და 10 ჩაჭრა!
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "მემფისის" წინააღმდეგ მატჩში, გრინს დაფარებაც უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე ქულა - ხუთი ოთხის წინააღმდეგ. იმედია, ეს კალათბურთელი მიაღწევს ოთხმაგ დუბლამდე, რომელიც NBA-ში 20 წელზე მეტია არ შესრულებულა.
ტრავმა
გასულ კვირას ნაღვლიანი ამბებიც იყო. ჯაბარი პარკერმა კარიერაში მეორედ გაიწყვიტა ჯვარედინი მყესები და ეს 21 წლის ასაკში მოხდა. არადა, "მილუოკი" საკმაოდ ახლოს იყო პლეი ოფის ზონასთან და შეეძლო მერვე ადგილისთვის ბრძოლა. პარკერს თითქმის ერთწლიანი მკურნალობა და რეაბილიტაცია მოუწევს თამაშში დასაბრუნებლად, თუმცა, მასზე ხაზის ბოლომდე გადასმა ნადრევია, რადგან ბევრი სპორტსმენი წარმატებით დაბრუნებულა მსგავსი საშინელი დაზიანებების შემდეგ.
გაცვლა
ნიკოლა იოკიჩის ბოლოდროინდელმა წარმატებებმა აიძულა "დენვერის" ხელმძღვანელობა - გაეცვალა კიდევ ერთი ბალკანელი ცენტრი იუსუფ ნურკიჩი. ტრეიდი "პორტლენდთან" შედგა, რომელმაც დათმო მეისონ პლამლი და 2018 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლება. "ბლეიზერსმა" კი ნურკიჩის გარდა, 2017 წლის დრაფტის პირველ რაუნდის პიკი მიიღო. ასე რომ, წლევანდელ დრაფტზე, "პორტლენდს" პირველ რაუნდში სამი კალათბურთელის არჩევის უფლება ექნება.
მიღწევა
როგორც იქნა, "კლივლენდში" კაილ კორვერი დაუბრუნდა სამქულიანების რეალიზაციის ძველ პროცენტს. "კავალიერზში" კორვერი 50 პროცენტის სიზუსტით ისვრის შორეულ ტყორცნებს, ხოლო "ატლანტაში" ეს მაჩვენებელი 41 პროცენტს შეადგენდა.
გასაკვირი არ არის, რომ ამ დღეებში, "კლივლენდის" შემტევმა მცველმა გაუსწრო ჯეისონ კიდს კარიერაში რეალიზებული სამქულიანების რაოდენობით და ყველა დროის სიაში მეშვიდე ადგილზე გადავიდა. რიგში შემდეგნი არიან - ვინს კარტერი და ჯამალ კროუფორდი.
კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესოა "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 25.5 ქულა, 11.3 შედეგიანი პასი და 5.8 მოხსნა დააგროვა. ამ ოთხი შეხვედრიდან "კლივლენდმა" სამი მოიგო. "ვაშინგტონთან" 140:135 მოგებულ მატჩში, ლებრონმა კარიერის რეკორდი დაამყარა 17 შედეგიანი პასით. გასულ კვირას, ფორვარდმა სამ მატჩში დააგროვა მინიმუმ 25 ქულა, შეასრულა ორი ორმაგი დუბლი, თამაშიდან 58 პროცენტის სიზუსტით ისროლა და სამქულიანების 60 პროცენტი მოათავსა კალათში.
დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ლოს ანჯელეს კლიპესის" ფორვარდი ბლეიკ გრიფინი. მისმა გუნდმა სამიდან ორი მატჩი მოიგო, კალათბურთელის საშუალო სტატისტიკა კი 26.0 ქულა, 10.3 მოხსნა და 8.0 შედეგიანი პასი იყო. არადა, გრიფინი სულ რაღაც ორი კვირაა, რაც ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ფორვარდმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ტორონტოსთან" მატჩში, რომელშიც სამმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი (კარიერის რეკორდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"