ვისი გმირობა უფრო მაგარია?: ჩემბერლენის 100 vs ბრაიანტის 81

AutoSharing Option
1962 წლის 2 მარტს, უილტ ჩემბერლენმა ჰერშიში, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ 100 ქულა დააგროვა. რეკორდი, რომელიც დღემდე ხელუხლებელია და შედეგი, რომელიც კალათბურთის დღევანდელი დაცვითი სქემების გათვალისწინებით, ალბათ, კიდევ დიდხანს შერჩება ისტორიას, როგორც რაღაც მიუწვდომელი, სათუთად გასაფრთხილებელი და უკვდავი.

2006 წლის 22 იანვარს კობი ბრაიანტმა "ტორონტო რეპტორზს" 81 ქულა ჩაუგდო და დიდი უილტის შემდეგ, ლიგის ისტორიაში ერთ მატჩში უხვქულიანობით მეორე ადგილზე დამკვიდრდა. კობიზე მეტი არც "მის უჰაერესობას" მაიკლ ჯორდანს, არც ჯერი უესტს, არც ლარი ბერდს, არც ელჯინ ბეილორს და არც მის
დიდი ხნის მეწყვილეს შაკილ ო'ნილს მოუპოვებია.

პარალელი გავავლოთ ჩემბერლენისა და ბრაიანტის ფენომენალურ შედეგებს შორის, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, გაგახსენებთ, რომ კობის დენვერში ვიღაც ქალის გაუპატიურების შემდეგ, მტრები მოუმრავლდა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ "ლეიკერსის" მეგავასკვლავი ვერ გაუძლებდა ზეწოლას და იმ ინციდენტის მერე "ჩაიფუშებოდა".

კობის პასუხი? იმ გაუგებრობის მერე, ბრაიანტმა თითქოსდა ახალი, მანამადე არნახული მოტივაცია მიიღო და როდესაც კობის 81 ქულასა და ჩემბერლენის 100 ქულას ადარებენ, ბევრის პასუხი ასეთია: "ლეიკერსის" კაპიტნის მიღწევა უილტის ასქულიან ნიშნულზე დიდია.

* * *
არავინ დავობს, რომ უილტი ფენომენი იყო, მაგრამ მაშინდელ კალათბურთში დაცვა პრაქტიკულად არ არსებობდა. იმ პერიოდში დიდ მცველად მხოლოდ "ბოსტონის" ცენტრი ბილ რასელი მოაზრებოდა. ეს ის რასელია, რომლის წინააღმდეგ მატჩებშიც, ჩემბერლენი თავის პირველ ოთხ რეგულარულში მხოლოდ 23.5 ქულას აგროვებდა.

"ნიუ იორკთან" ისტორიულ შეხვედრაში ჩემბერლენმა 32 საჯარიმოდან 28 გამოიყენა, არადა, კარიერაში უილტს საჯარიმოების ოდენ 51 პროცენტი ჰქონდა ჩაგდებული. თამაშიდან ჩემბერლენმა 63-ჯერ სცადა ბედი და 36 სროლა ზუსტად შეასრულა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემბერლენი იმ სეზონში საშუალოდ 50.4 ქულასა (!) და 25.7 მოხსნას უყრიდა თავს.

მაშინდელი კალათბურთი დღევანდელზე ბევრად სწრაფი და დინამიური იყო, გუნდებს კი გაცილებით მეტი შეტევის საშუალება ეძლეოდათ, ვიდრე - დღეს. თავად დაფიქრდით - ჩემბერლენის მაშინდელი გუნდი, სეზონში თამაშიდან სროლების მხოლოდ 43 პროცენტს ასრულებდა ზუსტად და ამასთან ერთად, გუნდის საშუალო შედეგიანობა 125.4 ქულა იყო. მაშინდელი გუნდებიდან ყველაზე დაბალშედეგიანები, დღევანდელი ლიგის ყველაზე უხვქულიან გუნდებსაც გადაასწრებდნენ.

იმ მატჩში, რომელშიც ბრაიანტმა 81 ქულა დააგროვა, "ლეიკერსმა" "ტორონტოს" 99-ჯერ შეუტია. არ გაინტერესებთ, რამდენი შეტევა გაკეთდა 1962 წლის საღამოს? უილტმა და მისმა "ფილადელფიამ" 152 (!) იერიში განახორციელეს, ხოლო ჯამური მაჩვენებელი კი 282 გახლდათ.

კობის ისტორიული სეზონისას, გუნდებს საშუალოდ 85.2 შეტევა ჰქონდათ, ხოლო პირველ ადგილზე კი იმყოფებოდა "ფინიქსი" თავისი ზესწარფი კალათბურთითა და 95.1 შეტევით..

* * *
ლეგენდარული ამერიკელი ჟურნალისტის გარი ემ პომერანცი უილტის მაშინდელ 100-ქულიან თამაშზე ასე წერს:

"მთელი შეხვედრის განმავლობაში "ფილადელფია უორიორზი" სწრაფი ფოლის ხარჯზე ცდილობდა "ნიქსის" შეტევის შეჩერებას. მიზანი ერთადერთი იყო - ბურთი უილტამდე მაქსიმალურად სწრაფად უნდა მისულიყო და ჩემბერლენის ირგვლივ მისი არც ერთი თანაგუნდელი არ იდგა. უილტს ერთი-ერთზე უნდა მოეპოვებინა უპირატესობა. უკანასკნელ ექვს წუთში უილტმა თამაშიდან ოთხი სროლა რომ გააფუჭა, "ნიუ იორკის" მწვრთნელებმა ცენტრი "დაასვენეს". როდესაც ჩემბერლენმა სამი სროლა გამოიყენა, "დასვენებული" ცენტრი მოედანზე დააბრუნეს და მან უილტზე ეგრევე სამი ჯარიმა აიკიდა".

კობის 81 ნამდვილად არ არის 100, მაგრამ "ნიუ იორკისგან" განსხვავებით, "რეპტორზი" "ლეიკერსის" ვარსკვლავს მჭიდროდ იყვანდა, ჯალენ როუზმა კი ერთხელ სახეშიც კი ჩაარტყა იდაყვი ბრაიანტს.

თავდაპირველად, "ტორონტოს" მწვრთნელი სემ მიტჩელი კობის წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერ ინდივიდუალურ დამცველს მაიკ ჯეიმსს ათამაშებდა, ხოლო მესამე მეოთხედში კი ბრაიანტის მეურვე უკვე მორის პიტერსონი იყო.

გავიხსენოთ ისიც, რომ "ნიუ იორკისა" და "ფილადელფიის" შეხვედრის დაწყებამდე, უეცრად ფეხი იტკინა "ნიქსის" ძირითადმა ცენტრმა ფილ ჯორდანმა და ჩემბერლენის წინააღმდეგ, "ნიქსმა" რატომღაც თავიდანვე ახალბედა ფორვარდი დარალ იმჰოფი შეუშვა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩააგდებდა უილტი იმჰოფს...

კვლავ გარი ემ პომერანცს მოვუსმინოთ: "ორი დღის შემდეგ, "ნიუ იორკი" "ბოსტონს" ხვდებოდა და დარალ იმჰოფი დარბაზის ავტოსადგომზე ახალი "კადილაკით" მივიდა. იმჰოფს ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდა და რაც მთავარია, მანქანის ტარებაც კი არ იცოდა.

დარალს კარი მძღოლმა გაუღო. სწორედ იმჰოფმა შეატარა ჩემბერლენი სამწამიანში უკანასკნელი ორი ზუსტი სროლისას, ხოლო, როდესაც ჩემბერლენმა მეასე ქულა დააგროვა, დარბაზში ნაღდი ჯოჯოხეთი დაიწყო. და ამ არაულობაშიც კი ჩემმა მეგობარმა დააფიქსირა მომენტი, როცა ჩემბერლენი იმჰოფს მომღიმარი სახით რაღაცას ეუბნება. იმჰოფი არ მისულა უილტთან წარმატების მისალოცად, არამედ ჩემბერლენი მივიდა მასთან.

საინტერესოა, რა საერთო ჰქონდათ ლეგენდარულ მოთამაშესა და ყველასთვის უცნობ ტიპს, რომელიც არც მანამდე და არც იმ შეხვედრის შემდეგ, კალათბურთის სამყაროში არ დამკვიდრებულა. უილტი 60-70 ქულას კი აგროვებდა, მაგრამ მასზე გაცილებით დაბალი, მაგრამ ბევრად ძლიერი დამცველის, ბილ რასელის წინააღმდეგ, ჩემბერლენი ყოველთვის სერიოზულ პრობლემებს აწყდებოდა.

რასელს ასის თუ არა, 50-60 ქულის დაგროვება უპრობლემოდ შეეძლო, თუმცა ბილი ყოველთვის გუნდურ ინტერესებს იცავდა და ამიტომაც გახდა ასეთი ტიტულოვანი და შეუდარებელი".

გავიხსენოთ ისიც, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, "ნიუ იორკისა" და "ფილადელფიის" შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხოლო "ლეიკერსისთვის" და "რეპტორზისთვის" კობის საგმირო მატჩს, საფლეიოფო თვალსაზრისით, ინტრიგა ნამდვილად გააჩნდა.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირველი ნახევრის შემდეგ, "რეპტორზი" 14 ქულას იგებდა. მესამე მეოთხედში კანადელთა უპირატესობამ 18 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც დაიწყო "კობის ფესტივალი".

* * *
ფილ ჯექსონმა კობის 81 ქულა პროფესიული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ღირშესანიშნავ მიღწევად მიიჩნია: "ბევრ დიდ მოთამაშესთან მიმუშავია და ვთვლი, რომ კობის 81 ქულა, NBA–ს ისტორიაში ყველაზე დიდი, მასშტაბური მაჩვენებელია. მაიკლ ჯორდანს უამრავი ზღაპრული შეხვედრა აქვს ჩატარებული, სკოტი პიპენის გარეშე "ბულზი" ამდენჯერ ჩემპიონი ვერ გახდებოდა და ჩემი მწვრთნელობისას, ერთ მატჩში 60 ქულაზე მეტი შაკმაც დააგროვა. მე არ ვამბობ, რომ კობი ამ მოთამაშეებზე დიდია, უბრალოდ, ინდივიდუალური მიღწევის მხრივ, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებულია.

კობიმ შეიძლება ვერასოდეს გააკეთოს ერთ თამაშში 100 ქულა, ვერასოდეს დაეწიოს ქარიმს კარიერაში ქულათა მონაგარით, ვერ გახდეს რასელივით 11-გზის ჩემპიონი და ჯორდანივით, ყველა ინდივიდუალური ჯილდოს მომგები, მაგრამ "ტორონტოსთან" შეხვედრაში ბრაიანტმა ისტორია გადაწერა. არა მგონია, უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში, რომელიმე მოთამაშე კობის იმ მიღწევას ახლოსაც რომ გაეკაროს."

ბრაიანტმა მეორე ნახევარში 55 (!) ქულა დააგროვა, "ლეიკერსმა" თამაშში გარდატეხა შეიტანა და ვინც კი ამ მატჩს უყურა, ეჭვს ვერავინ შეიტანდა იმაში, რომ კობის 81 ქულა დაგეგმილი იყო.

"როდესაც ხალხი ბოლო დეკადის უდიდეს მოთამაშეებზე საუბრობს, ყველაზე მეტად შაკს, დანკანს, გარნეტს ახსენებენ და მერე მოდის კობი. მას იმ სამი მოთამაშისგან განსხვავებით, ჯერაც არ მოუგია MVP–ს ჯილდო, მაგრამ არასწორია ბრაიანტის სხვის ჩრდილში მოქცევა. "ლეიკერსი" ზედიზედ სამჯერ რომ გაჩემპიონდა, ამაში შაკზე არანაკლებ დიდი როლი ბრაიანტმა ითამაშა. კობი მსოფლიო სპორტის უდიდესი შენაძენია და ამას მაშინ მივხვდებით, როდესაც ბრაიანტი კარიერას დაასრულებს", - ამბობდა მაშინ ლეგენდარული ლენი უილკენსი, რომელსაც პროფესიული კალათბურთის ისტორიაში, მწვრთნელის რანგში ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ამერიკულ პროფესიულ კალათბურთში რატომღაც ხშირია შემთხვევები, როდესაც რეგულარულის ბოლო დღეს, ესა თუ ის მოთამაშე საუკეთესო მექულე ხდება.

1994-ში, დევიდ რობინსონმა "კლიპერსთან" მატჩში 71 (!) ქულა დააგროვა და მცირედით აჯობა მაშინ ჯერ კიდევ "ორლანდოში" მყოფ ნორჩ შაკილ ო'ნილს.
"სან ანტონიოს" კიდევ ერთ ლეგენდას, ჯორჯ გერვინს ბოლო შეხვედრაში საუკეთესო მექულეობისთვის 53 ქულა სჭირდებოდა და "აისმენმა" ზუსტადაც რომ ამდენი ქულით დაასრულა შეხვედრა.

კობის 81 ქულა ბოლო მატჩში არ გაუკეთებია და ეს მაშინ მოახერხა, როდესაც მის გუნდს არა მისი 81 ქულა, არამედ, ყველაზე მეტად სწორედ გამარჯვება ესაჭიროებოდა.

ეს არ იყო ცირკი, არამედ მაგალითი იმისა, რომ ერთმა კაცმა ძალიან მოინდომა და თავის გუნდს მოაგებინა. უბრალოდ, ამისათვის მას 81 ქულის დაგროვება დასჭირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საკითხავი ის არის1962 წელს საერთოდ სამქულიანი ირიცხებოდა თუ არა?ვტ როგორც მახსოვს მაშინ მხჯლოდ ორქულიანი იყო თამაშიდან შესრულებული ყველა ტყორცნა. ამიტომ შედარებისას კარგი იქნება თუ მხოლოდ ქულებს არ გავაანალიზებთ. საჭიროა დაიწეროს ამ ორთაგან ვინ რამდენი საჯარიმო (1 ქულიანი) და რამდენი თამაშიდან ტყორცნა შეასრულა და ამათგან რამდენი იყო შედეგიანი. კარგი იქნება თუ ამ სტატისტიკას მოგვაწვდით. ძალიან საინტერესოა.
aburjga
04:57 21-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული