NBA. პლეი ოფი: "კლივლენდის" შვიდიდან შვიდი

AutoSharing Option
რვა ტექნიკური შენიშვნა, სამი გაძევება, უამრავი ურთიერთპრეტენზია, ხელის კვრა და სხვა უსიამოვნო ინციდენტები - სწორედ ასეთია "ბოსტონისა" და "ვაშინგტონის" სერიის არასპორტული სტატისტიკა. "სელტიქსის" ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, დედაქალაქურმა კლუბმა ბრჭყალები გამოაჩინა, თან ისე, რომ აიზია ტომასი და კომპანია ნოკაუტში გაუშვა.

ზედიზედ მესამედ, "უიზარდსმა" მძლავრად დაიწყო შეხვედრა, მაგრამ წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, უპირატესობა არ გაანიავა, პირიქით გაზარდა ის. მასპინძლების ლიდერი, როგორც ყოველთვის, ჯონ უოლი იყო. დიდი წვლილი შეიტანეს მოგებაში ოტო პორტერმა და ბოიან ბოგდანოვიჩმა - მათ 19-19 ქულა აიღეს, მარცინ გორტატს
ორმაგი დუბლი ჰქონდა - 13 ქულა და 16 მოხსნა.

"ვაშინგტონმა" მოიგო მოხსნები (60:50), ნაკლები შეცდომა დაუშვა (9:16) და შეძლო ტომასის შეჩერება (გამთამაშებელმა 30 წუთში მხოლოდ 13 ქულა ჩააგდო).

ჯონ უოლმა მინიმუმ 20 ქულა და შვიდი შედეგიანი პასი პლეი ოფის ზედიზედ მეათე შეხვედრაში აიღო. ბოლოს ასეთი რამ მაიკლ ჯორდანმა შეძლო 1992-93 წლების სეზონში.

* * *
დღევანდელ "ტორონტოს" არ შესწევს ძალა - შეაჩეროს "კლივლენდი". კანადურმა კლუბმა სცადა ამის გაკეთება მესამე მატჩში, სამი მეოთხედი კარგად იბრძოდა, მაგრამ მეოთხეში დანებდა ლებრონ ჯეიმსს - 17:36 ბოლო 12-წუთეულში. მასპინძლები ვერ გადაარჩინა დემარ დეროზანის 37 ქულამ (რაც მისი პირადი რეკორდი გახდა პლეი ოფში). "კავალიერსის" რიგებში ისევ ბრწყინავდა ლებრონი (35 ქულა). ამ მატჩის შემდეგ, ჯეიმსმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა პლეი ოფში თამაშიდან ჩაგდებული ბურთებით. მას 2047 ზუსტი ტყორცნა დაუგროვდა და შაკილ ო'ნილს გაუსწრო.

"ტორონტოს" კი აკლდა კაილ ლაური, რომელმაც წინა მატჩში ტრავმა მიიღო.
მიმდინარე პლეი ოფში "კლივლენდს" შვიდიდან შვიდი მოგება აქვს. დასავლეთიდან ფინალისკენ ასეთივე სტატისტიკით მიიწევს "გოლდენ სტეიტი".

* * *
"სან ანტონიომ" და "ჰიუსტონმა" მორიგი დაძაბული მატჩი უჩვენეს მაყურებელს. ამისთვის არც ტონი პარკერის ტრავმას შეუშლია ხელი. როგორც იცით, ფრანგი პლეი ოფის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან. ტონიმ პირველად გამოტოვა პლეი ოფის მატჩი 2001 წლიდან. ის ზედიზედ 221 მატჩში გადიოდა მოედანზე, რაც NBA-ის რეკორდია.

გრეგ პოპოვიჩის გუნდს დაეხმარა გაღვიძებული ლამარკუს ოლდრიჯი. სერიის პირველ ორ მატჩში მან მხოლოდ 19 ქულა დააგროვა, მესამეში კი - ერთბაშად 26! "სან ანტონიომ" გადამწყვეტი გაქცევა მეოთხე მეოთხედში შეასრულა და "როკეტსმა" ვერ გადაარჩინა სიტუაცია, ბოლო წამებზე ჰარდენის დაუჯერებელი სამქულიანების მიუხედავად.

ტორონტო-კლივლენდი 94:115
24:28, 28:21, 25:30, 17:36
ტ: დეროზანი (37), ვალანჩუნასი (19+8 მოხსნა), პაუელი (13), იბაკა (12).
კ: ჯეიმსი (35+8 მოხსნა+7 პასი), ირვინგი (16), ლავი (16+13 მოხსნა), კორვერი (14), ტომპსონი (9+12 მოხსნა).
სერია: 0-3

ვაშინგტონი-ბოსტონი 116:89
39:17, 24:23, 32:29, 21:20
ვ: უოლი (24+8 პასი), ბოგდანოვიჩი (19+10 მოხსნა), პორტერი (19+8 მოხსნა), გორტატი (13+16 მოხსნა), ბილი (11), მარკიფ მორისი (10).
ბ: ჰორფორდი (16), კრაუდერი (14+7 მოხსნა), ტომასი (13).
სერია: 1-2

ჰიუსტონი-სან ანტონიო 92:103
21:19, 18:24, 27:29, 26:31
ჰ: ჰარდენი (43), არიზა (17), კაპელა (12+16 მოხსნა+5 დაფარება).
ს-ა: ლენარდი (26+10 მოხსნა+7 პასი), ოლდრიჯი (26+7 მოხსნა+4 დაფარება), მილსი (15), პ. გასოლი (12+9 მოხსნა), გრინი (11).
სერია: 1-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული