NBA. პლეი ოფი. კონფერეციათა ფინალები: 36-ქულიანი ანტიგმირი

AutoSharing Option
აღმოსავლეთის ფინალი ახარებს მაყურებელს დაძაბული მატჩებით.

მას შემდეგ, რაც პირველ შეხვედრაში ბრძოლის ბედი ოვერტაიმის ბოლო წამზე გადაწყდა, მეორე მატჩშიც ინტრიგა ბოლომდე ცოცხალი იყო, თუმცა თამაშის სცენარი სხვანაირად ვითარდებოდა. პირველ ნახევარში სტუმრები კარგად იყენებდნენ უპირატესობას სიმაღლესა და ძალაში და მათ "მაღლებს" ხშირად ჰქონდათ თავის გამოჩენის საშუალება. შედეგად, "ინდიანას" უპირატესობამ 13 ქულას მიაღწია, იმ დროს, როცა "მაიამის" ლიდერობა მხოლოდ 15 წამი გრძელდებოდა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ "ჰიტი" თავისი შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობდა. მიუხედავად ამისა, ფლორიდელებმა მეორე ტაიმში დაიწყეს თანდათან ჩამორჩენის გაბათილება. თუ მესამე
მეოთხედის დებიუტში სხვაობა 9 ქულა იყო, მეოთხე 20-წუთეულის დასაწყისში ის სამ ქულამდე შემცირდა. შემდეგ "მაიამიმ" საფირმო დაცვა აჩვენა, "ინდიანამ" სამი წუთის განმავლობაში ქულა ვერ აიღო და ჩემპიონები ოთხი ქულით გავიდნენ წინ - 88:84.

ტრიბუნები მეორე მატჩის მოგების მოლოდინში გამოცოცხლდნენ, მაგრამ მათ იმედებს ასრულება არ ეწერა. ფრენკ ფოგელის შეგირდებმა შეხვედრა 13:5 გაქცევით დაასრულეს, რომლის დროსაც, წინა მატჩის გმირმა ლებრონ ჯეიმსმა უარყოფილი კუთხით დაგვამახსოვრა თავი. თამაშის მსვლელობისას ლებრონი ჩვეულებრივ ბრწყინვალე იყო - 36 ქულა (თამაშიდან - 14/20), 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. მაგრამ ის უფრო იმით დაგვამახსოვრდა, თუ როგორ განავითარა თავისი გუნდის ბოლო ორი შეტევა.

ბოლო წუთი თანაბარი ანგარიშით დაიწყო, რის შემდეგაც ორი ზუსტი საჯარიმო ჩააგდო ჯორჯ ჰილმა. საპასუხო შეტევაში ბურთი ჯეიმსმა მიიღო, რომელმაც შესვლისას არაზუსტი გადაცემა გააკეთა და ბურთი დაკარგა. იქვე "მაიამიმ" კარგად დაიცვა თავი და "ინდიანამ" 24 წამში სროლა ვერ მოასწრო. საფინალო სირენამდე 17.6 წამით ადრე, მასპინძლებმა კვლავ ჯეიმსს მიანდეს ბოლო შეტევა და მისი შესვლა კვლავ სავალალოდ დასრულდა - დაცვას ვერაფერი მოუხერხა და უკან პასი გადაწყვიტა, მაგრამ ბურთი უესტმა ჩაჭრა. საბოლოოდ, იმავე ჰილმა 8.3 წამით ადრე, ორი ზუსტი საჯარიმოთი წერტილი დაუსვა შეხვედრას.

მაიამი-ინდიანა 93:97
22:28, 25:25, 27:23, 19:21
მ: ჯეიმსი (36+8 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), ბოში (17+5 მოხსნა), უეიდი (14+6 მოხსნა+5 პასი).
ი: ჰიბერტი (29+10 მოხსნა), ჯორჯი (22+6 პასი), ჰილი (18+5 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), უესტი (13+7 მოხსნა+3 პასი), სტივენსონი (10+8 მოხსნა+5 პასი).
სერია: 1-1

* * *
ქალაქმა მემფისმა პირველად უმასპინძლა "გრიზლისის" ისტორიაში კონფერენციის ფინალს. და თავიდან, ადგილობრივ გულშემატკივართა განწყობა კიდევ უფრო საზეიმო გახდა, რადგან მემფისელები მაქსიმალურად კონცენტრირებულნი გავიდნენ მოედანზე და მერვე წუთისთვის სოლიდური ჰანდიკაპი შექმნეს - 19:5. თუმცა იმ მომენტისთვის ვერავინ იტყოდა, რომ საქმე გაკეთებული იყო.

მართლაც, გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა ყურადღება არ მიაქციეს პირველ მეოთხედში ჩავარდნას და მეთოდურად მიყვებოდნენ თავიანთი მწვრთნელის სათამაშო გეგმას, რამაც დროთა განმავლობაში შედეგი მოიტანა. შეცდომების რაოდენობის შემცირებითა და შეტევაში თამაშის დალაგებით, სტუმრებმა თანდათან შეამცირეს სხვაობა და ბოლო მეოთხედის სტარტისთვის წინ გავიდნენ.

მეოთხე 12-წუთეული თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - 86:86. ბოლო 30 წამის განმავლობაში ჯინობილიმ და კონლიმ ვერ გამოიყენეს თავიანთი გუნდების დაწინაურების შანსი.

ზედიზედ მეორედ ამ სერიაში დაინიშნა ოვერტიამი. და კვლავ, დამატებით დროში დაიბრწყინა ტიმ დანკანმა. პირველ ორ შეტევაში 37 წლის ვეტერანმა 5 ქულა დააგროვა, მისი გუნდი დაწინაურდა და ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვია. სულ კი სტურებმა ოვერტაიმში 10-დან 8 ტყორცნა გამოიყენეს, რამაც გადაწყვიტა მათი წარმატება.

დანკანმა კი 24 ქულითა და 10 მოხსნით პლეი ოფში 144-ე ორმაგი დუბლი შეასრულა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გადავიდა NBA-ის ისტორიაში. მან უკან ჩამოიტოვა უილტ ჩემბერლენი და მხოლოდ მეჯიქ ჯონსონს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 157 ორმაგი დუბლია.

მემფისი-სან ანტონიო 93:104 (ო)
29:13, 15:27, 21:24, 21:22, 7:18
მ: კონლი (20+5 ჩაჭრა+4 პასი), მ. გასოლი (16+14 მოხსნა+5 პასი), პონდექსტერი (15), რენდოლფი (14+15 მოხსნა), ალენი (12+7 მოხსნა+3 პასი).
ს-ა: პარკერი (26+5 პასი+3 ჩაჭრა), დანკანი (24+10 მოხსნა+5 პასი), ჯინობილი (19+7 მოხსნა+5 პასი), სპლიტერი (11+6 მოხსნა), ლეონარდი (4+11 მოხსნა).
სერია: 0-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლით მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული