NBA. პლეი ოფი: დიდი ტრიოს ზედიზედ მესამე ფინალი

AutoSharing Option
"მაიამისა" და "ინდიანას" მატჩის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა 5.9 მილიონი დოლარი (!) დადო "მაიამის" მოგებაზე შვიდი ან მეტი ქულის სხვაობით.

შედარებისთვის, ეს თანხა თითქმის ორჯერ მეტია "ინდიანას" ერთ-ერთი ლიდერის, პოლ ჯორჯის ხელფასზე. ამით პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა მოკრივემ გააღვივა მატჩისადმი ისედაც დიდი ინტერესი.

საერთო ჯამში, მეივეზერს მხოლოდ პირველ მეოთხედში და მეორის დასაწყისში მოუწია ნერვიულობა, შემდეგ კი ბოლომდე მატჩის მსვლელობას "ჰიტი" აკონტროლებდა.

ახალგაზრდა და კარგი გაგებით "თავხედმა" "ინდიანამ" ამ პლეი ოფში იმაზე გაცილებით მეტს მიაღწია,
ვიდრე ელოდნენ. უკვე სასწაული იყო ის, რომ ფრენკ ფოგელის შეგირდებმა "მაიამისთან" სერია მეშვიდე მატჩამდე მიიყვანეს, მაგრამ სუპერსასწაული არ მოხდა. "ჰიტის" "დიდი ტრიო" ისევ ფინალშია - ზედიზედ მესამედ იმ მომენტიდან, როცა "მაიამის" ხელმძღვანელობამ ერთად შეკრიბა ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი და კრის ბოში.

როგორც გითხარით, სტუმრებმა შეხვედრას ინტრიგა მხოლოდ პირველ მეოთხედში შეუნარჩუნეს და ერთხელ ექვსი ქულითაც დაწინაურდნენ. უკვე მეორე მეოთხედის შუაში გახდა გასაგები, რომ იმ საღამოს "ინდიანას" კარგი არაფერი ელოდა. ამ მატჩისთვის "მაიამის" ყველა კალათბურთელმა იპოვა თავისი თამაში. ასეთ შემთხვევაში კი ეს გუნდი დაუმარცხებელია.

"მაიამის" მაქსიმალური უპირატესობა 28 ქულას შეადგენდა. გასაკვირი არ არის, რომ მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ ბოლო მეოთხედის შუაში მოხსნა თამაშიდან ძირითადი შემადგენლობა. ამასთან, ლებრონი, რომელიც აპლოდისმენტების ქვეშ ტოვებდა მოედანს, დევიდ ბექჰემთან მივიდა და ხელი ჩამოართვა.

შეგახსენებთ, რომ 2012-13 წლების სეზონის MVP კარიერაში მეოთხედ გავიდა ფინალში. "მაიამიმდე" მან ფინალურ სერიაში ათამაშა "კლივლენდი" (2007 წელს), რომელიც "მშრალი" ანგარიშით დამარცხდა... "სან ანტონიოსთან".

გამოცდილი ტექსასელები, გრეგ პოპოვიჩის, ტიმ დანკანის, ტონი პარკერისა და მანუ ჯინობილის მეთაურობით, ისევ ელიან ფინალში ლებრონსა და კომპანიას, თუმცა ამჯერად "კომპანია" სრულიად განსხვავებულია და ჯეიმსიც გაცილებით გამოცდილი, ვიდრე ექვსი წლის წინ იყო. ფინალის სტარტი ხუთშაბათს მაიამიშია.

2007 წლის სერიისგან განსხვავებით, ახლა ფავორიტის სტატუსი "სან ანტონიოს" არ ეკუთვნის, თან საკუთარი მოედნის უპირატესობა "მაიამის" გააჩნია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "სპურსი" განწირულია. ამის თქმა არ შეიძლება იმ გუნდზე, რომელმაც "ლეიკერსთან", "გოლდენ სტეიტთან" და "მემფისთან" სერიებში მხოლოდ ორი მატჩი წააგო და დღევანდელ მწვრთნელთან ერთად მოგებული აქვს ოთხიდან ოთხი ფინალი.

მაიამი-ინდიანა 99:76
19:21, 33:16, 24:18, 23:21
მ: ჯეიმსი (32+8 მოხსნა+4 პასი), უეიდი (21+9 მოხსნა), ალენი (10).
ი: ჰიბერტი (18+8 მოხსნა), უესტი (14+6 მოხსნა), ჰილი (13), სტივენსონი (10+6 მოხსნა+5 პასი).
სერია: 4-3

ეს იყო 2007 წელს
როგორც Yahoo! Sports იხსენებს, 2007 წელს, "სან ანტონიოსა" და "კლივლენდს" შორის ფინალური სერიის დასრულების შემდეგ ("სპურსმა" 4:0 მოიგო), ტექსასელთა ცენტრმა ტიმ დანკანმა პრესკონფერენციაზე მიმავალი ლებრონ ჯეიმსი შეაჩერა, რომელიც მაშინ "კლივლენდის" ლიდერი იყო.

"მალე ეს ლიგა შენი საკუთრება იქნება", - დააიმედა დანკანმა ჯეიმსი.

ხუთშაბათს ტიმი და ლებრონი წლევანდელი ფინალური სერიის პირველ მატჩში წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: ლებრონი საკმარისი არ არის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული