"ბოსტონ სელტიქსის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა 36 წლის ბრედ სტივენსი, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ექვსწლიანი და 22-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება Yahoo! Sports. ამ სპეციალისტმა "კელტების" დამრიგებლის პოსტზე უნდა შეცვალოს დოკ რივერსი, რომელიც "ლოს ანჯელეს კლიპერსში" გადავიდა სამუშაოდ.
სტივენსმა ბოლო ექვსი წელი სტუდენტური ლიგის წევრის - ბატლერის უნივერსიტეტის მთავარ მწვრთნელად იმუშავა და ეს გუნდი ორჯერ გაიყვანა NCAA-ის ჩემპიონატის ფინალში. გარდა ამისა, ის ერთხელ აღიარეს სტუდენტურ ლიგაში წლის საუკეთესო მწვრთნელად. ეს 2011 წელს მოხდა.
"მე და ბრედს ერთნაირი ღირებულებები გვაქვს. მართალია, ის ახალგაზრდაა, მაგრამ მასში ლიდერს ვხედავ, რომელსაც უნაკლო ხასიათი გააჩნიაა. მისი გუნდები ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებიან მოედანზე. ბრედი - ეს არის მწვრთნელი, რომელმაც უკვე მიაღწია დიდ წარმატებას და მე მოუთმენლად ველოდები ჩვენს ერთობლივ მუშაობას", - განაცხადა "ბოსტონის" საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა დენი ეინჯმა.
სტივენსი NCAA-ის ყველა მწვრთნელს შორის რეკორდსმენია სამწვრთნელო კარიერის პირველ ექვს წელიწადში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით. მისი ხელმძღვანელობით ბატლერის უნივერსიტეტმა 166 თამაში მოიგო და 49-ჯერ დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:რაზე ჭორაობენ NBA-ში: გულუხვი წინადადება ტაირიკ ევანსს, კევინ მარტინი იცვლება