დერიკ როუზს პირველივე მატჩში ვნახავთ

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ლიდერი დერიკ როუზი, რომელმაც მთელი გასული სეზონი მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტისთვის გამოტოვა, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ სრულად გამოჯანმრთელდა და პირველივე წინასასეზონო მატჩში აპირებს მოედანზე გასვლას.

"ასი პროცენტით მზად უნდა ვიყო სეზონის სასტარტო მატჩისთვის. თამაში ძალიან მომენატრა. შემიძლია ჩემს ამჟამინდელ ფიზიკურ მდგომარეობას თითქმის იდეალური ვუწოდო. აუცილებლად უნდა ვითამაშო პირველ მატჩში. ჩვენ ხომ პირველად ჩავდივართ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში. ეს იქნება დიდი მატჩი არა მხოლოდ "ჩიკაგოსთვის", არამედ მთელი NBA-თვის", - ამბობს როუზი.

შეგახსენებთ, რომ გამთამაშებელს ამა წლის თებერვალში უწინასწარმეტყველებდნენ დაბრუნებას, მაგრამ ექიმებმა
კალათბურთელს ბოლომდე გამოჯანმრთელება ურჩიეს.

ახალი იტალიელი, მშვიდობა "ნიქსში" და სხვა ამბები
გასულ დღეს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ რამდენიმე გარიგება განხორციელდა.

ფორვარდმა მეტა უორლდ პისმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "ნიუ იორკ ნიქსთან". მხარეები ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ. ეს ინფორმაცია თავად კალათბურთელმა დაადასტურა. პირველ წელს, უორლდ პისი 1.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ უორლდ პისი ბოლო სამი სეზონი "ლეიკერსში" თამაშობდა, რომელმაც ამ ზაფხულს კალათბურთელის გაშვება გადაწყვიტა.

* * *
დრაფტის ყოფილი პირველი ნომერი ელტონ ბრენდი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ატლანტა ჰოქსში" გადადის სათამაშოდ. კონტრაქტი ერთწლიანი იქნება, ფორვარდი კი ვეტერანის მინიმალურ ხელფასს მიიღებს.

გასულ სეზონში 34 წლის კალათბურთელი "დალასის" რიგებში თამაშობდა და საშუალოდ 7.2 ქულასა და 6.0 მოხსნას აგროვებდა.

* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ ვესლი ჯონსონთან. 26 წლის ყოფილ ფინიქსელთან ხელშეკრულება ერთ წელზეა გათვლილი.

შარშანდელ რეგულარულში ჯონსონი საშუალოდ მოედანზე 19.1 წუთს ატარებდა და ამ დროის განმავლობაში 8.0 ქულითა და 2.8 მოხსნით ეხმარებოდა თავის გუნდს.
* * *

ამასობაში, NBA-ში კიდევ ერთი იტალიელი კალათბურთელი გამოჩნდა. გუშინ, "დეტროიტ პისტონზმა" ორი წლით გაიფორმა აპენინელი ფორვარდი ლუიჯი დატომე. ეს კალათბურთელი ორი სეზონის განმავლობაში 3.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

გასულ წელს, დატომე რომის "ლოტომატიკაში" თამაშობდა და კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. ის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა, საშუალო სტატისტიკა კი 16.4 ქულას, 4.3 მოხსნასა და 1.7 შედეგიანი გადაცემას უდრიდა.

სმიტი ბევრს გამოტოვებს
"ნიუ იორკ ნიქსის" მცველი ჯეი არ სმიტი, სავარაუდოდ, ვერ შეურთდება თავის გუნდს სექტემბერსა და ოქტომბერში წინასასეზონო შეკრებების დროს. კალათბურთელს მენისკი აქვს გაწყვეტილი და ოპერაცია ესაჭიროება, რომლის შემდეგაც აღდგენითი პროცესი 12-დან 16 კვირამდე გაგრძელდება.

2012-13 წლების სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშემ ამ ზაფხულს ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ნიქსთან" და ჯამში 24 მილიონს გამოიმუშავებს.

შაკი კობის ხუთ წელს აძლევს
ლეგენდარულ ცენტრს შაკილ ო'ნილს მიაჩნია, რომ "ლეიკერსში" მისი ყოფილი თანაგუნდელი კობი ბრაიანტი კიდევ ხუთ წელს დაჰყოფს NBA-ში.

"კობის უყვარს, როცა მასში ეჭვი ეპარებათ. რა თქმა უნდა, 35 წელი იმაზე ლაპარაკობს, რომ მისი დღეები დათვლილია, მაგრამ ბრაიანტი კიდევ დაანახებს ყველას, რომ შეუძლია 40 წლამდე უმაღლეს დონეზე თამაში", - ამბობს ო'ნილი ESPN.com-თან კომენტარში.

"ტორონტო" კლეიზას უშვებს
ჩრდილოამერიკული პრესა ირწმუნება, რომ "ტორონტო" გამოისყიდის ფორვარდ ლინას კლეიზას კონტრაქტს და ლიტველი თავისუფალი აგენტი გახდება. კლეიზას კონტრაქტი კიდევ ერთი წელი იყო ძალაში და კალათბურთელს 2013-14 წლების სეზონში 4.6 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

ბალტიისპირელი კანადაში 2010 წელს გადაბარგდა, მაგრამ განვლილ სამ სეზონში უფრო მეტად ტრავმებს მკურნალობდა, ვიდრე თამაშობდა. წინა რეგულარულ ჩემპიონატში კლეიზამ მხოლოდ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 7.4 ქულა და 2.6 მოხსნა მიითვალა.

ვარაუდობენ, რომ ლინასი კარიერას ევროპაში გააგრძელებს. ფორვარდის ხელში ჩაგდების ერთ-ერთ პრეტენდენტად თურქეთის "გალათასარაი" სახელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA-ის გეოგრაფია იზრდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული