შაკილ ო'ნილი: 5000 გაფუჭებულ საჯარიმოს ვნანობ

AutoSharing Option
კარიერის დასრულების შემდეგ შაკილ ო'ნილის ხილვა ყველგან შეიძლება, თუნდაც მანჰეტენზე საყოველთაოდ ცნობილ "რაკერ-პარკზე". ლეგენდარულ კალათბურთელს იქ ჟურნალ SLAM-ის ჟურნალისტი გაესაუბრა...

- აქამდე ინტერესდებოდით სტრიტბოლით?
- დიახ, მე ყოველთვის დიდი ფანი ვიყავი ქუჩის კალათბურთის. საიდუმლოს გაგანდობთ - ექსპერიმენტიც კი ჩავატარე საკუთარ ვაჟზე: ჯერ სტრიტბოლის ანბანი შევასწავლე და შემდეგ შევუდექით უფრო ფუნდამენტალური რაღაცების სწავლას. ყოველთვის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი ამ თამაშის - მის ნებისმიერ გამოვლინებაში, უბრალოდ, არასოდეს მქონდა შესაძლებლობა ბევრი მეთამაშა ქუჩის მოედნებსა და პარკებში.

- მიუხედავად იმისა, რომ დაასრულეთ მოთამაშის კარიერა, თქვენზე
მოთხოვნა ისევ დიდია. მიგყავთ შოუ ტელევიზიაში, რეკლამას უკეთებთ სპორტულ ფეხსაცმელებს, სასმელებს და ბევრ სხვას...
- მეჯიქ ჯონსონისგან მეწარმეობას ვსწავლობ. თუ მე მაქვს ბიზნესმენისთვის საჭირო თვისებები და აზარტი, რატომ უნდა ვთქვა ამაზე უარი?!

- ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც "ლეიკერსში" გამოსვლისას ისწავლეთ?
- ალბათ. მე ვსწავლობდი სპეციალურ სკოლაში, მივიღე მაგისტრის ხარისხი, შემდეგ დოქტორის. ბევრს არ ესმის, რა არის ბიზნესი, თუმცა აქვს ამის შესახებ წარმოდგენა. ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ სიმპათიური ფეხსაცმელი – ეს კარგია, მაგრამ გაცილებით უკეთესია, თუ მე საკუთარი ხაზი და ცნობადი ბრენდი მექნება.

- ტკბებით ცხოვრებით კარიერის დასრულების შემდეგ?
- ადამიანები ხშირად მეკითხებიან – მოვიწყინე თუ არა კალათბურთის გარეშე. არავითარ შემთხვევაში! არაფერი მენატრება.

- რამეს ხომ არ ნანობთ?
- მხოლოდ იმას, რომ კარიერაში 350 მატჩის გამოტოვება მომიწია და ხუთი ათასზე მეტი საჯარიმო ავაცილე. სხვანაირად, ახლა ყველა დროის ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზე ვიქნებოდი.

- კარიერის განმავლობაში ექვსი კლუბი გამოიცვალეთ. მათ შორის რომელში იღებდით თამაშისგან ყველაზე დიდ სიამოვნებას?
- "ლეიკერსში". იმიტომ, რომ სწორედ იქ შეიქმნა სახელი - შაკილ ო’ნილი. "მაიამიშიც" კარგი იყო თამაში, მაგრამ ლოს ანჯელესი კონკურენციის გარეშეა.

- თქვენ მოგიწიათ ბრაიანტთან, უეიდთან და ჯეიმსთან ერთად თამაში, როცა თითოეული კარიერის ზენიტში იმყოფებოდა. შეგიძლიათ მათი შედარება?
- მათი შედარება რთულია. ისინი დიადი კალათბურთელები არიან, მაგრამ ერთმანეთს არ გვანან. "შავ მამბას" აქვს უპირატესობა მხოლოდ იმის გამო, რომ ხუთი საჩემპიონო ბეჭედი გააჩნია, მაგრამ ეს არ არის ის ფაქტორი, რომლის გამოც ის სხვებზე მაღლა უნდა დავაყენოთ. მხოლოდ ის შემიძლია ვაღიარო, რომ სამივესთან თამაშის მხრივ გამიმართლა. ლებრონთან ერთად ხშირად თამაში არ მომიწია ჩემი ტრავმების გადამკიდე, მაგრამ "კლივლენდში" ორი-სამი სეზონი ერთად რომ გვეთამაშა, ტიტულს აუცილებლად მოვიგებდით.

- ლებრონი ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენი გზები გაიყო?
- რა თქმა უნდა. მან ძალიან მოუმატა. ჯეიმსი სნაიპერი, ლიდერი და რკინის ნერვების მქონე ადამიანია. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდა აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში, "ინდიანას" წინააღმდეგ მეექვსე მატჩში. მაშინ, ინტერვიუს დროს, მე მას თვალებში ჩავხედე. არ დაიჯერებთ, მაგრამ მასში შიშის ნატამალი არ იყო. მან უკვე იცოდა, რომ "ჰიტისთვის" გადამწყვეტ შეხვედრას მოიპოვებდა.

- მიგაჩნიათ, რომ დამაჯერებლობა და საკუთარი ემოციების კონტროლი სწორედ ის არის, რაც მას "კლივლენდში" აკლდა?
- სავსებით შესაძლებელია. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, სადმე უნდა წაიფორხილო. ლებრონს ასეთი მომენტები მრავლად ჰქონდა. გაიხსენეთ თუნდაც, როგორ ითამაშა მან "ოკლაჰომას" წინააღმდეგ ფინალში მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე წააგო "დალასთან". ეს იყო სავსებით განსხვავებული ლებრონი, ბოლომდე თავის თავში დარწმუნებული. "სან ანტონიოსთან" წლევანდელ სერიაში კი ის კიდევ უფრო გამოცდილი ჩანდა. ვფიქრობ, ლებრონი კიდევ ერთ ან ორ საჩემპიონო ბეჭედს მოიგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლეიკერსმა" შაკილ ო'ნილი დააფასა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული