კარიერის დასაწყისში მსოფლიოს უძლიერესი ლიგის მეორე სნაიპერი, უბრალოდ, კარგ მოთამაშედ განიხილებოდა და მასში განსაკუთრებულ ნიჭს ვერ ხედავდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, კარლ მელოუნმა თითქმის 37 000 ქულა დააგროვა, გახდა სტაბილურობის ეტალონი და მიიღო მეტსახელი The Mailman ("ფოსტალიონი"). რა თქმა უნდა, ეს მეტსახელი მელოუნმა თავის გვართან მსგავსებით მიიღო, მაგრამ სხვა მიზეზიც იყო – ის ორი ათწლეულის განმავლობაში დაუჯერებელი სტაბილურობით ათავსებდა ბურთს მეტოქის კალათში.
მოკლედ, "იუტასთვის" მელოუნი კარგი შენაძენი იყო, მაგრამ საერთო ჯამში, ეს გახლდათ საშუალო დონის მოთამაშე, როგორიც ნებისმიერ გუნდში მოიძებნება. ასეთი მოთამაშეების (თუ ისინი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობენ) ხვედრია - ეფექტის შექმნა სამწამიან ზონასთან, სტაბილურად ბრძოლა მოხსნებისთვის და საშუალოდ 10-15 ქულის დაგროვება. კარლისგან კარიერის სტარტზე მეტს არ ითხოვდნენ.
სტატისტიკის მიხედვით, "ფოსტალიონის" პირველი სეზონი სოლტ-ლეიკ-სიტიში ზუსტად ასეთი გამოვიდა: მელოუნმა საშუალოდ მატჩში 15 ქულაზე ოდნავ ნაკლები და 9 მოხსნა დააგროვა, მაგრამ, საერთო ჯამში, კარლმა შეცვალა საკუთარ თავზე სპეციალისტების წარმოდგენა: ფრენკ ლეიდენის გუნდში ჩატარებული რამდენიმე მატჩის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს ძლიერი და ამავდროულად, ძალიან მობილური ფორვარდი კარგად დაყენებული საშუალო ტყორცნით სულაც არ არის ჩვეულებრივი მოთამაშე, არამედ დიდი ნიჭიც გააჩნია.
თუმცა კარიერის დასაწყისში მელოუნს საშუალო ტყორცნა კარგად ჰქონდა დაყენებული დინამიკაში. სტატიკაში კი, პირიქით, ის ძალიან ცუდი იყო, რის გამოც გულშემატკივრები დიდი ხანი ნაღვლიანად უყურებდნენ მის შესრულებულ საჯარიმოებს. უფრო მეტიც, 1985-86 წლების სეზონში "ფოსტალიონის" ნებისმიერი გამოსვლა საჯარიმოს ხაზზე ნამდვილი თავგადასავალი იყო.
რაზეა ლაპარაკი, როცა საჯარიმოების დაახლოებით მესამედი air-ball-ის კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ოკეანის გაღმა, ტრადიციულად, ასე უწოდებენ ბურთს, რომელიც არც ფარს და არც კალათს ეხება. თანაც, მსგავსი ტიპის აცილება საჯარიმოს შესრულებისას განსაკუთრებით სამარცხვინოდ მიიჩნევა. ამერიკაში კიდევ უფრო დიდ სირცხვილად მხოლოდ გაფუჭებული დანკი ითვლება.
ასე რომ, 1985-86 წლების სეზონში, ასეთი გაფუჭებული ტყორცნების მიხედვით, მელოუნი ულაპარაკო ჩემპიონი იყო. მას დასცინოდა მთელი ქვეყანა. ასე გრძელდებოდა ერთი წელი, მეორე... სწორედ ამდენი ხანი დასჭირდა კარლს იმისთვის, რომ სტატიკაში სროლა წესრიგში მოეყვანა. როგორც ჩანს, ის შინაგანად გრძნობდა, რომ საჯარიმოები მის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა.
ის დღე და ღამე ვარჯიშობდა და საბოლოოდ, მიაღწია შედეგს. NBA-ს საუკეთესო მოთამაშეებს შორის არავის, ჯამში, არ გაუტარებია საჯარიმოს ხაზზე იმდენი დრო, რამდენიც "იუტას" სიმბოლოს.
თავის სადებიუტო სეზონში ლიგაში საჯარიმოების აბსოლუტურად უარესი შემსრულებელი (48 პროცენტი რეალიზაცია), ერთი წლის შემდეგ უკვე ბევრს უსწრებდა ამ კომპონენტში (60 პროცენტი), კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი უკვე 70 პროცენტს გადასცდა. 80-იანი წლების ბოლოს კი კარლის ამ ნაკლს უკვე აღარავინ იხსენებდა, რადგან "იუტას" ლიდერი თავის მეტოქეებს ჯარიმებისთვის 75-პროცენტიანი სიზუსტით სჯიდა.
კარიერის დასასრულს, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ჯარიმების რეალიზაციის საბოლოო პროცენტი სწორედ ამ მაჩვენებელზე გაჩერდა.
მთავარი ნაკლის მოშორების შემდეგ "ფოსტალიონი" თანდათან გადაიქცა მოთამაშედ ნაკლის გარეშე. მსოფლიოს უძლიერესი ლიგისთვისაც კი უნიკალური ძალა შეხამებული იყო საკმაოდ მაღალ სისწრაფესთან, რისი წყალობითაც, კარლი მცველების მსგავსად გარბოდა კონტრშეტევაში. იქ კი, მეტოქის ფართან, ის ხშირად რჩებოდა მეურვის გარეშე, რადგან მისი უშუალო ვიზავი ვერ ასწრებდა დაცვაში ჩამოსვლას, ხოლო მასზე გაბარიტებით ნაკლებ კალათბურთელს კი არ შეეძლო მძლავრი "ჯაზმენის" აყვანა. "იუტას" საუკეთესო სნაიპერი, უბრალოდ, გადაუვლიდა მას.
გარდა ამისა, წლებთან ერთად, მელოუნმა განავითარა თავისი ისედაც დახვეწილი საშუალო ტყორცნა, რომელიც ფაქტობრივად, შორეულ სროლად ტრანსფორმირდა. და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე იარაღი, რადგან "ფოსტალიონის" წინააღმდეგ სამწამიან ხაზთან ახლოს ბრძოლის სურვილი მაქსიმუმ ექვს-შვიდ კალათბურთელს ჰქონდა. დანარჩენ ფორვარდებს ერჩივნათ, კარლი დისტანციაზე აეყვანათ და შეგნებულად იხევდნენ ერთი მეტრით უკან ენერგიისა და ჯანმრთელობის დასაზოგად.
"იუტას" ვარსკვლავს კი მეტი არც სჭირდებოდა: მეტოქეს ჯერ ბურთს აჩვენებდა და შემდეგ ელეგანტურად ასრულებდა მოძრაობას, რომელსაც ამერიკულ ენაზე კომენტატორები let it fly-ს უწოდებენ. და, როგორც წესი, ნახევარ შემთხვევაში "ფოსტალიონი" ზუსტი იყო.
დაბოლოს, მელოუნს გააჩნდა უნიკალურად კარგი ჯანმრთელობა, რომელიც მუდმივად მოედანზე გასვლის საშუალებას აძლევდა. მის კარიერაში იყო ხანგრძლივი მონაკვეთი (1989-99), როცა ის მხოლოდ იშვიათი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა თამაშებს.
ამ კარგი თვისებების მიუხედავად, საჭირო იყო მათი სწორად გამოყენება და ამისთვის კარლს თითქმის ორი წელი დასჭირდა.
ამ მხრივ, გარდამტეხი იყო 1986 წლის პლეი ოფი, რომლის წინ "იუტამ" მოულოდნელად დაკარგა თავისი მთავარი მექულე ედრიან დენტლი – მან ტრავმა მიიღო. შედეგად, ლიდერის როლი დაეკისრა სრულიად ახალგაზრდა მელოუნს, რომელმაც დაამტკიცა, რომ სტაბილურად შეუძლია, წინ გაუძღვეს პარტნიორებს.
მართალია, "ჯაზმა" ულაპარაკოდ წააგო "დალასთან" მერვედფინალი, სამაგიეროდ, პირველი ვიოლინოს როლი "ფოსტალიონს" საბოლოოდ გადაეცა, რადგან მალე დენტლიმ დატოვა სოლტ-ლეიკ-სიტი: 1986 წლის ზაფხულში "იუტამ" ის ტრეიდით გაუშვა "დეტროიტში".
ვინ არის მთავარი "იუტაში"? ამ საკითხზე ბოლო ეჭვების მოხსნაში კარლს გარკვეული პერიოდი ხელს უშლიდა საჯარიმოები, მაგრამ 1986-87 წლების სეზონის ფინიშზე ეს საკითხიც მოგვარებული იყო. ასევე მოგვარდა საკითხი - ვინ იქნებოდა "ჯაზის" საუკეთესო სნაიპერი მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში: მომდევნო 15 წელი ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მელოუნი, რომლის ოსტატობა შეტევის დასკვნით ფაზაში უჩვეულოდ ეხამებოდა "იუტას" პლეიმეიკერის, ჯონ სტოქტონის პასების დარიგების ოსტატობას. ალბათ, თავისი 37 ათასი ქულის ნახევარი "ფოსტალიონმა" სწორედ ჯონის გადაცემებით მიითვალა.
ამ ვარსკვლავური დუეტის წყალობით, "იუტა" 80-იანი წლების ბოლოს თანდათან გადაიქცა საშუალო გუნდიდან NBA-ში მოდის ერთ-ერთ კანონმდებლად. თუმცა ეს სტატუსი, ძირითადად, რეგულარული ჩემპიონატის მატჩებზე ვრცელდებოდა და არა პრესტიჟული პლეი ოფის შეხვედრებზე. გავარდნებზე მატჩებში "ჯაზი" დიდად არ ბრწყინავდა: იქ ჯერი სლოუნის გუნდის სტაბილურობა, რომლის კომბინაციები ერთი და იგივე იყო სეზონიდან სეზონამდე და თამაშის პრინციპები თითქოს არასოდეს იცვლებოდა, პლეი ოფში სადღაც ქრებოდა.
სწორედ ეს არ აძლევდა "ჯაზმენებს" თითქმის ათი წლის განმავლობაში ფინალში გასვლის საშუალებას. "იუტას" პირველ რაუნდში გავარდნები გაცილებით მეტი დაუგროვდა, ვიდრე წარმატებული მცდელობები.
მაგრამ მელოუნმა და სტოქტონმა მაინც ითამაშეს ფინალში (ორჯერ), რაც უდიდესი შრომის შედეგი იყო: NBA-ს "ოქროს ხანაში", დასავლეთი კონფერენციის მრავალრიცხოვანი ვარსკვლავებიდან ისინი ყველაზე ბოლოს ჩამოვიდნენ სცენიდან. სხვა საქმეა, რომ პლეი ოფის გადამწყვეტ სერიაში მონაწილეობისთვის "ჯაზმა" აშკარად ცუდი მომენტი შეარჩია: ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სლოუნის გუნდს დაუმარცხებელ "ჩიკაგოსთან" მოუწია თამაში და ორჯერ წააგო.
როცა 1999 წლის ზამთარში "ჩიკაგოს" უნიკალური შემადგენლობა დაიშალა, "იუტას" დროც ჩავლილი იყო: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მობერებული კარლისა და ჯონის მონდომება მხოლოდ იმისთვის იყო საკმარისი, რომ გუნდი ჩვეულ დონეზე დარჩენილიყო.
2003 წლის ივლისში "ჯაზის" ლიდერთა გზები მაინც გაიყარა - ერთ გუნდში 18 სეზონის შემდეგ. სტოქტონმა კარიერა დაასრულა, მელოუნმა კი გადაწყვიტა, სხვა კლუბში ეცადა ბედი და საჩემპიონო ბეჭედი "ლეიკერსის" შემადგენლობაში მოეპოვებინა.
მაგრამ კალიფორნიულ კლუბში ბრწყინვალე შემსრულებელთა ანსამბლის მიუხედავად, "ფოსტალიონის" ოცნებას ასრულება არ ეწერა. საბოლოოდ, ის დამარცხებული დარჩა: მესამედ წააგო ფინალი და მიიღო კარიერაში პირველი და უკანასკნელი ტრავმა. გარდა ამისა, კარლმა ვერ განაახლა კარიერაში ქულების რეკორდი - ვერ გაუსწრო ქარიმ-აბდულ ჯაბარს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
როგორ იქმნებოდა და თამაშობდა 1992 წლის "დრიმ თიმი"