"ლეიკერსში" შანსი ყველას მიეცემა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ'ენტონიმ ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია გუნდის შემადგენლობის როტაცია 2013-14 წლების სეზონში.

"შემდეგ სეზონში, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან სტივ ნეში, კობი ბრაიანტი და პაუ გასოლი. რაც შეეხება დანარჩენ ორ ადგილს, აქ სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი. ახლა, დარწმუნებით რაიმეს თქმა არ შეიძლება. ჯორჯ ჰილმა ბევრი გამოტოვა ტრავმების გამო, ამიტომაც უნდა დავაკვირდეთ - რა მდგომარეობაში იქნება ის. არ უნდა დავივიწყოთ კრის კამანი, აგრეთვე ნიკ იანგი. არც ერთის გამორიცხვა არ შეიძლება. დადებითი მხარეა ის, რომ ჩვენთან დიდი
კონკურენციაა და მოთამაშეები იბრძოლებენ შემადგენლობაში მოსახვედრად.

ჯორდან ფარმარი შეეცდება თავის გამოჩენას. სტივ ბლეიკი გასულ სეზონში ძალიან კარგი იყო. ახლა, არ შემიძლია იმის თქმა, ბლეიკი სათადარიგო იქნება თუ ძირითადი. ჩვენ, მაგალითად, შეგვიძლია კობი მესამე ნომრად გადავიყვანოთ, ბლეიკი კი ნეშთან წყვილში იმოქმედებს. ბევრი ვარიანტი არსებობს, მანამდე კი ბიჭები შემადგენლობისთვის იბრძოლებენ.

საერთო ჯამში, როტაციაში 11 ადამიანს ვხედავ. 11 კალათბურთელი მიიღებს ბევრ სათამაშო დროს, აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი მოედანზე. ეს საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ მაღალი ტემპი და ზეწოლა მოვახდინოთ მეტოქეზე"
, - მოუყვა დ'ენტონი ESPN-ს.

ჩარლზ ბარკლი: მე საუკეთესო ვიყავი!
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარულმა მოთამაშემ ჩარლზ ბარკლიმ კომენტარი გაუკეთა "ჩიკაგო ბულზის" ლიდერის დერიკ როუზის სიტყვებს, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე - "ვინ არის დღეს NBA-ის საუკეთესო მოთამაშე?" - ასეთი პასუხი გასცა: "დერიკ როუზი".

"მისი პასუხი სრულიადაც არ მეხამუშა. მისგან სხვა პასუხს არ ველოდი. რატომ თამაშობ თუ სხვებზე უპირატესობას არ გრძნობ? არ მოგატყუებთ: როცა NBA-ში ვთამაშობდი, ვფიქრობდი, რომ მაიკლ ჯორდანზე უკეთესი ვიყავი. კარლ მელოუნიც ფიქრობდა, რომ პატრიკ იუინგზე, ჯორდანზე და სხვებზე უკეთესი იყო. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ მაიკლი მხოლოდ იმის გამო იმარჯვებდა, რომ უკეთესი პარტნიორები ჰყავდა. ის არ იყო ჩემზე უკეთესი.

ჩემთვის მაკჰეილი და პერიში რომ მოეცათ, მეც ისევე გავხდებოდი ჩემპიონი, როგორც ლარი ბერდი. იგივეს ვიტყვი მეჯიქ ჯონსონზე. მე არ მექნებოდა არანაირი პრობლემა, ერთ გუნდი ქარიმ აბდულ-ჯაბართან, მაიკლ კუპერთან და ჯეიმს უორთისთან ერთად რომ მეთამაშა. ინდივიდუალურად, მე უკეთ ვთამაშობდი, ვიდრე ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი"
, - განაცხადა ბარკლიმ.

ლებრონი პროფკავშირს ჩაიბარებს?
"მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა, შესაძლოა, თავისი კანდიდატურა წამოაყენოს NBA-ის მოთამაშეთა პროფკავშირის ახალი პრეზიდენტის არჩევნებზე.

ამ ზაფხულს, ვადა ეწურება ამჟამინდელი პრეზიდენტის დერეკ ფიშერის კონტრაქტს. ვეტერანის სათამაშო კარიერა დასასრულს მიუახლოვდა, თან მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა პროფკავშირების ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბილი ჰანტერმა.

ტელეარხი Fox Sports იტყობინება, რომ ლებრონ ჯეიმსი გრძნობს - ორგანიზაციაში გარდაქმნის დრო მოვიდა, მათ შორის NBA-ის კომისრისა და აღმასრულებელი დირექტორის შეცვლა. გარდა ამისა, ჯეიმსს თავისი მკაფიო აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ვითარდებოდეს პროფკავშირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლებრონი: მინდა, ყველა დროის საუკეთესო ვიყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული