სტივ ნეში: გამარჯვება მთავარი არ არის

AutoSharing Option
გაგებული გექნებათ ის ამბავი, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანმა გამთამაშებელმა სტივ ნეშმა მილანის" ინტერის" ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა. საერთო ჯამში, ამას ნამდვილი ვარჯიში არ ეთქმოდა - ეს უფრო მედიისთვის განკუთვნილი შოუ იყო, რის შემდეგაც კალათბურთელმა ინტერვიუში ილაპარაკა ფეხბურთზე, საკალათბურთო ფილოსოფიაზე, "ლეიკერსის" მომავალზე, NBA-ის ფინალურ სერიაზე, დუაიტ ჰოვარდსა და სხვა უამრავ თემაზე...

- უკვე მიიღეთ წერილები "ინტერის" ფანებისგან? შემადგენლობაში მოხვედრას ხომ არ აპირებთ?
- საქმე ისაა, რომ ფეხბურთში შეიძლება 18 მოთამაშე იყოს განაცხადში. ისინიც კი, ვინც სათადარიგოთა სკამზე ვერ მოხვდნენ, გუნდის სრულუფლებიან
წევრებად ითვლებიან. ასე რომ, ეს გარკვეულ შანსს მაძლევს.

- რა არის თქვენი მთავარი საფეხბურთო თვისება?
- ალბათ, გადაცემების დარიგება.

- რა ამოცანა გაქვთ ვარჯიშებზე? ცნობილია, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი ხართ.
- თუმცა ამ ბიჭების ფონზე საკმაოდ მოკრძალებულად გამოვიყურები. ამოცანა - გუნდში მოხვედრაა (იცინის). მეორე მიზანი - თავი არ შევირცხვინო. და მაინც, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩემთვის მოინახება ადგილი შემადგენლობაში.

- შევეშვათ ფეხბურთს. ბევრს მოსწონს, როცა თქვენ კალათბურთზე ლაპარაკობთ, რადგან მუდმივად ახსენებთ გუნდის შექმნის პროცესს, ურთიერთგაგებას მოთამაშეებს შორის და ა. შ. დღეს ასეთი დიალოგი - დიდი იშვიათობაა. რატომ აღელვებთ ადამიანების უმრავლესობას მხოლოდ სამი საკითხი: ვინ მოიგო? ვინ წააგო? ვინ მოიპოვა საჩემპიონო ბეჭედი? თქვენ საიდან გაქვთ წვრილმანებისადმი სიყვარული?
- ზუსტად არ შემიძლია გიპასუხოთ. ალბათ, უბრალოდ მიყვარს გუნდის შემადგენელ ნაწილად ყოფნა. და ყოველთვის მიყვარდა. მქონდა ბედნიერება ისეთ გუნდებში მემუშავა, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობდი. სტატისტიკაზე და შედეგებზე შეშლილი სპორტული სამყარო, აგრეთვე 24-საათიანი საინფორმაციო ციკლები, ადრე თუ გვიან, გამაღიზიანებელი ხდება. ამის გამო, ყურადღება გადადის უფრო მნიშვნელოვან თემებზე. მაგალითად, როგორ ითამაშა გუნდმა? როგორ ათამაშებდა ბურთს შეტევაში? ესმით თუ არა კალათბურთელებს ერთმანეთი დაცვაში? დღეს ჩრდილოამერიკულ სპორტში იმას მივაღწიეთ, რომ მნიშვნელოვანია ერთი რამ: მოიგე თუ წააგე. არ მგონია, რომ ეს ჰგავს იმ დროს, როცა მე ლიგაში მოვედი.

- მართლა ასე ფიქრობთ?
- არასოდეს მიფიქრია, რომ ნებისმიერ ფასად უნდა მომეგო. მაგრამ დღეს, პრესის წყალობით, აუცილებლად უნდა იყოს გამოცდა, თავბრუდამხვევი ისტორიები... უნდა არსებობდეს ტრიუმფატორი და დამარცხებული. ყველაფერი იყოფა შავად და თეთრად. მაგრამ სხვა საინტერესო დეტალებიც არსებობს.

- შეიძლება ამიტომაც არის, რომ ზოგიერთი მოთამაშის ნადირობა საჩემპიონო ბეჭედზე აშკარად გაღიზიანებს. ჯერი უესტმა ბევრი ფინალური სერია წააგო იქამდე, სანამ ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ მას ყველა ადიდებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლებოდა არ მოგეპოვებინა ჩემპიონობა, მაგრამ მაინც მიგეღო ხალხისგან აღიარება და ვარსკვლავის სტატუსი. დღეს კი ეს პრაქტიკულად შეუსრულებელი მისიაა.
- მეც ამაზე ვლაპარაკობ. არ ვიცი, ეს საიდან მოვიდა. როცა ლიგაში თამაში დავიწყე, ყველაფერი სხვანაირად იყო. თუ წააგებდი, ამას გაგებით ეკიდებოდნენ. დიახ, არსებობდა ჩემი ჩემპიონობის შანსი, მაგრამ რაღაც ისე არ აეწყო. მაგრამ არ ყოფილა შავად და თეთრად დაყოფა. უფრო საინტერესო იყო დეტალებში ქექვა.

- ფინალში "სან ანტონიოს" გულშემატკივრობდით? მაინც გამოცდილი გუნდია, თან დიაოსთან მეგობრობთ.
- დიახ, ოდნავ ვღელავდი მათ გამო. მინდოდა, რომ დიაოს მოეგო. და, რა თქმა უნდა, უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ გრეგ პოპოვიჩის მიმართ. ის ბრწყინვალე მწვრთნელია და ყოველთვის ვუჭერ მხარს. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს, რადგან "სპურსმა" ბევრჯერ გადაუღობა გზა იმ გუნდებს, რომლებშიც მე ვთამაშობდი.

- შეიძლებოდა თუ არა გასულ სეზონში "ლეიკერსისგან" კარგი გუნდი გამოსულიყო, წამყვან კალათბურთელებს ტრავმები რომ აეცილებინათ თავიდან? შესაძლებელი იყო მაიკ დ'ენტონის სათამაშო სქემების ამოქმედება გასოლისა და ჰოვარდის ხელში?
- არ მგონია, რომ თუნდაც თეორიულად გამოგვეყენებინა ის სტრატეგია, რომელმაც მაიკს "ფინიქსში" წარმატება მოუტანა, რადგან ჩვენ არ გვყავდა სნაიპერები, რომლებიც მეტოქის დაცვას დაშლიდნენ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ გასოლისა და ჰოვარდის წყვილი საკმაოდ სპეციფიკური იყო. გარდა ამისა, არ მგონია, რომ თავად დ'ენტონი ცდილობს "ლეიკერსში" ის კალათბურთი დანერგოს, რომელსაც "სანზში" იყენებდა. მას უბრალოდ სურდა, რომ სწრაფად გვემოქმედა, აქტიურად გაგვეთამაშებინა კომბინაციები. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ისე ვათამაშებდით ბურთს, როგორც საჭირო იყო. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ამაში დამნაშავეა ტრავმების ეპიდემია, თუმცა სხვა მიზეზებიც არსებობს.

- ნერვიულობდით იმის გამო, რომ კობი ბრაიანტთან ერთ გუნდში უნდა გეთამაშათ? წინა გუნდში ხომ უფრო ხშირად თქვენ გქონდათ ბურთი...
- ამის გამო არ ვნერვიულობდი, ეს ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნდა. ვიცოდი, რომ ახალ ადგილზე სულ სხვა თამაში მელოდა. როცა კობისთან ერთად გამოდიხართ, იცით, რომ შეტევის დიდი ნაწილი ბურთი მას უნდა ჰქონდეს - ეს სამართლიანია.

- მაგრამ, ამავდროულად, გასულ სეზონში თქვენ ხშირად გქონდათ შეტევის საშუალება ბურთის მიღებისთანავე...
- თუმცა ეს ყოველთვის კარგად არ გამოდიოდა. შევეცდები, ახალ სეზონში მოვუმატო ამ კომპონენტში. "ფინიქსში" ასეთი შანსები პრაქტიკულად არ მქონდა. ამის გამო, შარშან თავს არც ისე კომფორტულად ვგრძნობდი.

- დიახ, მაგრამ ეს ხომ ყველაზე მარტივი ტყორცნაა?
- მართალი ხართ, მაგრამ, როცა წლების განმავლობაში მიჩვეული ხართ დრიბლინგის შემდეგ სროლას, ძალიან რთულია გადაეწყო ბურთის მიღებისთანავე სროლაზე. თუმცა ვმუშაობ ამაზე.

- თქვენთვის აქვს მნიშვნელობა იმას, რომ თქვენი ტყორცნა ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული ისტორიაში? საერთოდ, მოთამაშეები აქცევენ ყურადღებას სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც თამაშიდან სროლის სიზუსტე 50 პროცენტი უნდა იყოს, სამქულიანების - 40 პროცენტი და საჯარიმოების - 90 პროცენტი?
- გვიხდება ამისთვის ყურადღების მინიჭება, რადგან ხალხი ამაზე ხშირად ლაპარაკობს. მაგრამ, საერთო ჯამში, ყოველთვის მინდოდა მაღალი პროცენტით შეტევა, რათა დამაჯერებლობა გადამეცა თანაგუნდელებისთვის. ყოველთვის ვიცოდი: თუ ეფექტურად ვისროდი, არ მომიწევდა ხშირი შეტევა. მწვრთნელები ხშირად მთხოვენ უფრო მეტი შევუტიო. მაგრამ, ამავდროულად, თანაგუნდელებმა იციან, რომ რამდენადაც წარმატებით არ უნდა ვისროდე, მაინც გავუნაწილებ მათ ბურთს. ეს აღმაფრენას მაძლევს.

- არ შეიძლება გვერდი ავუაროთ დუაიტ ჰოვარდს. მოდით, ვილაპარაკო შეხვედრაზე, რომელიც მასსა და "ლეიკერსს" შორის გაიმართა. თქვენ უბრალოდ იჯექით საკონფერენციო დარბაზში და ელოდით, როდის მოვიდოდა?
- მე ის იქამდე ვნახე, სანამ დარბაზში შევიდოდი. ერთი წუთი ვილაპარაკეც კიდეც.

- ჯიმ ბასიც იქ იყო?
- დიახ.

- როგორ მიმდინარეობდა ეს შეხვედრა?
- ჩვენ გვქონდა გეგმა. თავიდან დუაიტი გაეცნო არასაკალათბურთო მხარეს. მოგვიანებით კი მაიკი, კობი, მე, მიტჩი, ჯიმი და ტიმ ჰარისი ვლაპარაკობდით მხოლოდ სპორტულ მხარეზე.

- კობიმ მართლა გამოიყენა სიტყვა - "ვასწავლი"? ამგვარ კონტექსტში - "მე მათ გამარჯვებას ვასწავლი"?
- შესაძლოა. უკვე აღარ მახსოვს სიტყვა სიტყვით.

- თქვენი აზრით, ვინ არის ლიგაში საუკეთესო მცველი პიკ-ნ-როლების წინააღმდეგ?
- რთული შეკითხვაა. იყო დრო, როცა გარნეტი მართლაც კარგად გამოიყურებოდა ამ მხრივ. ალბათ, ის დღესაც კარგია.

- ერთხელ თქვით, რომ გამთამაშებლის ამპლუაში არის ისეთი რამ, რისი სწავლაც შეუძლებელია. დღესაც ასე ფიქრობთ?
- დიახ. თუ არ მეთანხმებით, მაგალითი მომიყვანეთ.

- ამასწინ, ბრენდონ ნაითის თამაშს ვაკვირდებოდი. შევამჩნიე, რომ ის უბრალოდ ვერ ასწრებდა ყველაფერის შემჩნევას და შეტევას იწყებდა იქამდე, სანამ კომბინაციის ყველა დეტალი თავის ადგილზე აღმოჩნდებოდა. შეიძლება დროთა განმავლობაში ამ ნაკლის გამოსწორება?
- ნაწილობრივ, შეიძლება. მაგრამ ძალიან რთულია. ხალხს, ალბათ, არ ესმის, რა რთულია მოედნის კარგად ხედვის შესწავლა. ეს ითხოვს ვარჯიშების დიდ რაოდენობას, კომბინაციების ათვისებას, ვიდეოჩანაწერების განხილვას. იმისთვის, რომ ეს ისწავლო, აუცილებელია სხვანაირად ფიქრს შეეჩვიო. ამის გამო, ზოგიერთ პლეიმეიკერს შეცდომის უფლებას აძლევენ და ისინი დროთა განმავლობაში პროგრესირებენ თამაშის გაგების მხრივ.

- ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ჯონ უოლის დასახელება. ის ვერ დაიკვეხნის მოედნის კარგი ხედვით, მაგრამ სწრაფია, ათლეტური, გუნდი კი მას იმდენად დიდ დროს უთმობს, რომ პროგრესი გარდაუვალია...
- იგივეა უესტბრუკთან, როუზთან და სხვებთან მიმართებაში. არ მგონია, რომ სკოლაში მათზე ვინმეს ეთქვას: "ეს ბიჭები კარგად გრძნობენ თამაშს და პასებით ამარაგებენ პარტნიორებს". მაგრამ, დროთა განმავლობაში, ისინი ამ მხრივ უკეთესები გახდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლეიკერსში" შანსი ყველას მიეცემა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული