პოლ პირსი: დერონ უილიამსი MVP გახდება

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეტსის" ვეტერანი ახალწვეული პოლ პირსი ლაპარაკობს "ნიუ იორკთან" ურთიერთობაზე, "ბოსტონში" სიტუაციაზე, საყვარელ ფილმებზე, დერონ უილიამსსა და თავის ახალ კლუბზე...

- გასაოცარია, რომ თქვენ მხოლოდ ახლა შეიცვალეთ კარიერაში პირველად გუნდი...
- მართლაც, ჩემთვის ყველაფერი ახალია. ამიტომაც ხშირად ჩამოვდივარ ნიუ იორკში. ამ ზაფხულს უკვე მესამედ ვარ აქ.

- რამდენად ხშირად გაქვთ კონტაქტი ჯეისონ კიდთან?
- რამდენიმე კვირაა, არ გვილაპარაკია - ჩვენი საპრეზენტაციო პრესკონფერენციის შემდეგ. თუმცა მანამდე ხშირი კონტაქტი გვქონდა. ვაპირებ, საბოლოოდ გადავიდე ნიუ იორკში. ეს სექტემბრის დასაწყისში მოხდება. მინდა საწვრთნელ ბანაკამდე
დავუახლოვდე მომავალ თანაგუნდელებს.

- როგორ ფიქრობთ, რა დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოოდ შეთამაშდეთ ახალ პარტნიორებთან?
- კონკრეტული ვადის განსაზღვრა რთულია. ჯერ ის უნდა გავიგო, როგორი ატმოსფეროა გუნდში. მაგალითად, თავის დროზე მე, გარნეტი და ალენი "ბოსტონში" ძალიან მალე შევთამაშდით. ვისურვებდი იგივე სიტუაციის გამეორებას, მაგრამ ახლა შეიძლება ყველაფერი სხვანაირად მოხდეს. ურთიერთგაგება ის მცნებაა, რაც თავისთავად მოდის, გარეშე ჩარევის გარეშე.

- ბოლო წლებში დერონ უილიამსი სამართლიანად მიიჩნევა NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად. თუმცა მას დღემდე არ ჰყოფნის სტაბილურობა. მიგაჩნიათ, რომ თქვენ და გარნეტი ხელს შეუწყობთ მის პროგრესს, როგორც ეს რაჟონ რონდოს შემთხვევაში მოხდა?
- დიახ, ეჭვგარეშეა. დერონი – გუნდის საუკეთესო მოთამაშეა. ვფიქრობ, ახალ სეზონში ის MVP-ის ტიტულისთვის იბრძოლებს. შევეცდებით, ხელი შევუწყოთ მას იმაში, რომ გახდეს NBA-ს საუკეთესო გამთამაშებელი. ჩემმა და გარნეტის მონდომებამ მისი თამაში ახალ დონეზე უნდა აიყვანოს.

- საინტერესოა, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?
- ის, უბრალოდ, უფრო ხშირად უნდა იყოს ჩვენ გვერდით, გაეცნოს ჩვენს ჩვევებს, რისი წყალობითაც მივაღწიეთ საჩემპიონო ბეჭდებამდე. უნდა ვანახოთ მას, როგორ მოემზადოს ყოველი მატჩისთვის. და, რა თქმა უნდა, არ დავივიწყოთ ის სარგებლობა, რომელიც შეგვიძლია მოვიტანოთ მოედანზე. იმისთვის, რომ გუნდს დავეხმაროთ, ჩვენთვის აუცილებელი არ არის ბურთის ფლობა.

- გქონდათ ურთიერთობა მიხაილ პროხოროვთან?
- დიახ, მოგვეცა საშუალება, მას პრესკონფერენციაზე შევხვედროდით. "მაგარი ბიჭის" შთაბეჭდილებას ტოვებს. მას მოსწონს გუნდი და აპირებს საჩემპიონო ბეჭდებამდე მისვლას. ამისთვის არის შექმნილი ეს გუნდი. შეიძლება თქვენ თქვათ, რომ "ნეტსს" კიდევ 20 წელი დასჭირდება, რათა "ბულზთან", "ლეიკერსთან", "სელტიქსთან", "ნიქსთან" და სხვებთან ერთ დონეზე დადგეს. ვგულისხმობ არა სათამაშო ასპექტს, არამედ ავტორიტეტს, აღიარებას. მიმაჩნია, რომ "ბრუკლინს" ამისთვის 10 წელიც ეყოფა.

- სასიამოვნოა, რომ საკუთარ თავს ასეთ მიზნებს უსახავთ...
- სხვანაირად არ იქნება. როგორც კი საჩემპიონო ბეჭდებს მოიპოვებ, უკვე სხვა ამოცანას საკუთარ თავს აღარ დაუსახავ. ამასთან, ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ამ კონკრეტულ მომენტში წარმატების მიღწევა, არამედ მომავალი გამარჯვებებისთვის საფუძვლის მომზადება.

- ჯეისონ კიდი ამბობს, რომ დამატებითი მოტივაციისთვის თავის შეგირდებს ფილმებს ჩაურთავს...
- დიახ, ბევრი მწვრთნელი იქცევა ასე.

- თქვენ რომ იყოთ მწვრთნელი და მოთამაშეების მოტივირება დაგჭირდეთ, რა ფილმს ჩაურთავდით?
- ეს იქნებოდა კლასიკა. მიყვარს ძველი ფილმების ყურება. პირველ რიგში, ალბათ, "როკი". ეს არის ყველა დროის ფილმი. ხანდახან ვუსმენ სიმღერას - Eye of the Tiger-ს უშუალოდ მატჩის წინ. შემდეგ, ალბათ, ჩავურთავდი ფილმს - "გუნდი ინდიანას შტატიდან". ეს არის ორი სურათი, რომელზეც მე ვიზრდებოდი.

- ყოველთვის მაინტერესებდა, რას უსმენენ NBA-ს მოთამაშეები მატჩის წინ...
- განსაკუთრებულს არაფერს. დამოკიდებულია განწყობაზე. თუ მე არ მომწონს ის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც უნდა ვითამაშო, რაიმე აგრესიულს ვრთავ.

- გამოდის, რომ "მედისონ სკვერ გარდენის" გვირაბში...
- ... ასევე ჩავრთავ აგრესიულ მუსიკას.

- თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება "ნიქსის" მიმართ ყოველთვის თვალშისაცემი იყო...
- დიახ, ეს ასეა. "ბოსტონისა" და "ნიუ იორკის" დაპირისპირება ერთგვარი დერბი იყო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ახლა ჩვენ ერთ ქალაქში უნდა ვითამაშოთ. ადრე "კლიპერსისა" და "ლეიკერსის" დაპირისპირებას პრინციპული არ ეთქმოდა, მაგრამ ამჟამად "კლიპერსი" თანდათან იხვეჭს პატივისცემას. ასევეა "ნეტსის" შემთხვევაში. ის თანდათან ახალ დონეზე გადის, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ინტერესს "ნიქსის" და "ბრუკლინის" თამაშების მიმართ.

- სულ ახლახან გამოქვეყნდა კალენდარი ახალი სეზონისთვის. უკვე შემოხაზეთ წითელი ფანქრით რომელიმე თარიღი?
- სიმართლე გითხრათ, ჯერ კალენდარს კარგად არ გავცნობივარ.

- ალბათ, რეგულარულ ჩემპიონატში ბოსტონში დაბრუნება ძალიან ემოციური იქნება...
- რა თქმა უნდა. ჩემი ცხოვრების ნახევარი ამ ქალაქში გავატარე. მეგობრებიც იქნებიან ტრიბუნებზე, ასევე, სეზონური აბონემენტების მფლობელები. მე ბევრ მათგანს ვიცნობ.

- ზოგიერთი ჟურნალისტი წერს იმის შესახებ, რომ დოკ რივერსმა, უბრალოდ, მიაგდო "სელტიქსი". თქვენ რა აზრი გაქვთ ამაზე?
- მე ვიცნობ სიტუაციას. ბევრი რამ ჟურნალისტების მიერ არის გაბუქებული, მაგრამ, საერთო ჯამში, დოკი ამბობდა, რომ არ სურდა, გუნდის გარდაქმნის ნაწილი გამხდარიყო. სეზონის დასრულების შემდეგ "ბოსტონის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სხვა მიმართულებით განვითარება. გვერდიდან შეიძლება ისე ჩანდა, თითქოს რივერსმა ყველაფერი მიატოვა და გუნდი მიაგდო, მაგრამ სინამდვილეში, ეს ორმხრივი პროცესი იყო.

იგივე ითქმის ჩემი და გარნეტის სიტუაციაზე. არც ერთს არ გვინდოდა "სელტიქსის" გარდაქმნაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ იმდენი გავაკეთეთ გუნდისთვის, რომ საბოლოოდ, "სელტიქსმა" ჩვენი დახმარება გადაწყვიტა. დოკი ლოს ანჯელესში წავიდა, ჩვენ კი "ბრუკლინში" ჩემპიონობის იმედად გადავედით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლებრონ ჯეიმსი კონკურენტებმა შეაშინეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეგა ლოლ :D
cotne
15:51 03-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული