ადრე გუნდის გენერალურმა მენეჯერმა დენი ეინჯმა განაცხადა, რომ პლეიმეიკერი მოასწრებდა ტორონტოში სასტარტო მატჩისთვის აღდგენას, მაგრამ ახლა" სელტიქსის" ლიდერის დაბრუნება შეიძლება გაურკვეველი ვადით გადაიდოს.
"მწვანეების" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ბრედ სტივენსმა განაცხადა, რომ ვერავინ გაბედავს, მოთამაშეს სარეაბილიტაციო პროცესის ფორსირება მოსთხოვოს: რონდო მოედანზე მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, როცა ასი პროცენტით იქნება მზად. ასევე, მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ "კელტებს" ბევრი რამ გამოუვათ
"ხოლო, როცა ის დაბრუნდება, ჩვენ იოლად მოვახდენთ რონდოს ჩართვას უკვე მზა სათამაშო სქემებში", - მიაჩნია სპეციალისტს.
* * *
"ბოსტონთან" დაკავშირებული კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ხელმძღვანელობამ შემადგენლობიდან დაითხოვა ფორვარდი დონტე გრინი. შეგახსენებთ, რომ გრინი "ბოსტონში" გასულ თვეში გადავიდა "მემფისთან" გაცვლის შედეგად.
როგორც კალათბურთელის აგენტი ამბობს, დონტე კარიერას ჩინეთის ერთ-ერთ კლუბში გააგრძელებს.
დერიკ როუზს ნაკრებში მოუნდა
"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელი დერიკ როუზი აშშ-ის ნაკრებში დაბრუნებას გეგმავს და 2014 წელს, ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს იმედოვნებს.
"თუ 2014 წლისთვის ნაკრებში მიწვევას მივიღებ, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. აუცილებლად შევუერთდები გუნდს, თუ მაიკ კრჟიჟევსკი ჩემს ხილვას ისურვებს შემადგენლობაში", - განაცხადა კალათბურთელმა.
როუზმა, რომელმაც 2010 წელს თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო, 2012-13 წლების სეზონი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა.
უფრო ადრე აშშ-ის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ როუზს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ "ბულზის" ლიდერის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა დიდწილად დამოკიდებული იქნება კალათბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სურვილზე.
ბაინუმი სტარტისთვის მზად იქნება
როგორც FOX Sports-ი წერს, ლიგის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი ენდრიუ ბაინუმი შორს არის სრული გამოჯანმრთელებისგან და გამოტოვებს 2013-14 წლების სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს. მიუხედავად ამისა, "კლივლენდის" ცენტრი გუნდს რეგულარული ჩემპიონატის სტარტზე შეუერთდება და შესაძლოა, 30 ოქტომბერს, "ბრუკლინის" წინააღმდეგ გახსნის მატჩშიც ითამაშოს.
გასულ სეზონში ბაინუმს არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია "ფილადელფიას" რიგებში მუხლების ტრავმის გამო.
"კლიპერსმა" არენასი მიიწვია
ვებგვერდ Hoopsworld-ის მიმომხილველმა ალექს კენედიმ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი გილბერტ არენასი მიწვეულია "ლოს ანჯელეს კლიპერსის" საწვრთნელ ბანაკში.
"გავიგე, რომ არენასი კარგად გამოიყურებოდა ამ ზაფხულს ვარჯიშებზე. "კლიპერსმა" შეიძლება ის შემადგენლობაში მიიწვიოს", - დაწერა თავის "ტვიტერზე" კენედიმ.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის არენასი ჩინური "შანხაი შარქსის" მოთამაშეა. 31 წლის კალათბურთელი ბოლოს NBA-ში 2011-12 წლების სეზონში თამაშობდა - "მემფისის" რიგებში ირიცხებოდა და რეგულარული ჩემპიონატის მხოლოდ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ მოედანზე 12 წუთს ატარებდა.
ჯეფრიზმა კარიერა დაასრულა
"ვაშინგტონ უიზარდისის" ყოფილმა ფორვარდმა ჯარედ ჯეფრიზმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მან 11 წელი გაატარა NBA-ში და ახლა დათანხმდა ადმინისტრაციულ როლს "დენვერ ნაგეტსში".
31 წლის კალათბურთელმა, რომელმაც კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა "დენვერის" გენერალურ მენეჯერთან ტიმ კონელისთან (ვისთან ერთადაც "ვაშინგტონში" 2002-06 წლებში მუშაოდა), გუნდში სკაუტის ფუნქციებს შეასრულებს.
აღვნიშნავთ, რომ 2002 წელს ჯეფრიზი "ვაშინგტონმა" დრაფტში მე-11 ნომრად აირჩია. გასულ სეზონში ის "პორტლენდის" ღირსებას იცავდა, 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 1.2 ქულა დააგროვა.
"ლეიკერსმა" ლენდრი გაიფორმა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ მარკუს ლენდრისთან. კონტრაქტის დეტალები არ დასახელებულა.
აღვნიშნავთ, რომ 27 წლის ფორვარდი, რომელიც "საკრამენტოს" მოთამაშის, კარლ ლენდრის უმცროსი ძმაა, "ლეიკერსში" NBA-ს საზაფხულო ლიგაზე თამაშობდა. მარკუსმა ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 15.2 ქულა და 4.2 მოხსნა დააგროვა.
2012-13 წლების სეზონში ლენდრი D ლიგაში კლუბ "რენო ბიგჰორნსში" თამაშობდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მან მოასწრო პუერტო რიკოს, ჩინეთისა და ვენესუელას ლიგებში თამაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პოლ პირსი: დერონ უილიამსი MVP გახდება