"ლეიკერსის" ჰოლივუდური ღამეები

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" თავისი ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომელსაც "ჰოლივუდის ღამეები" ჰქვია. ეს მოვლენა დიდი ხანია იგეგმებოდა და ახლა, ეს სიახლე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ფორმა ძალიან ეფექტურია: შავ ფორმაზე თეთრ წარწერას იასამნისფერ-ოქროსფერი კონტური დასდევს. სამწუხარო კი ის არის, რომ კალიფორნიული გრანდი ფორმის ამ ვარიანტს ძალიან იშვიათად გამოიყენებს. ჟურნალისტებისთვის ეს გასაკვირია, რადგან ეს ფორმა გაცილებით სიმპატიურია, ვიდრე თეთრი "კომბინაცია".

* * *
ამასობაში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" რიგებში გადასვლაზე უარი თქვა "ინდიანას" ერთ-ერთმა ლიდერმა პოლ ჯორჯმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კალიფორნიაში თვით კობი
ბრაიანტი იწვევდა. ჯორჯი, რომელმაც გასულ სეზონში უდიდესი პროგრესი განიცადა, პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ "ინდიანასთან" მრავალწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. "პეისერსის" პრეზიდენტმა ლარი ბერდმაც დაადასტურა, რომ ურთიერთობა სწორედ ახალი კონტრაქტის გაფორმებისკენ მიდის. ცნობისთვის, ჯორჯი წარმოშობით კალიფორნიიდან არის.

"ინდიანას" ლიდერმა ადრე აღიარა, რომ მშობლიური მხარიდან თვით ბრაიანტის წინადადებაზე უარის თქმა გაუჭირდება, მაგრამ, ახლა, ფორვარდმა გადაწყვიტა პირადად დაუსვას წერტილი ჭორებს: "არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ მე დავტოვებ ინდიანაპოლისს? არა. მე აქ ყველაფერი მომწონს და მინდა ამ გუნდის ნაწილი ვიყო დიდი ხნით".

დერონის ტრავმა არასერიოზულია
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდები აქტიურად ემზადებიან ახალი სეზონისთვის. შემაშფოთებელი ინფორმაცია მიიღეს "ბრუკლინის" გულშემატკივრებმა: ერთ-ერთ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო წამყვანმა გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა. მისთვის საბედნიეროდ, მუხლის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მცველი მალე ჩადგება მწყობრში.

როგორც ამერიკული პრესა წერს, "ბრუკლინის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი დიდ მოთხოვნებს უყენებს უილიამსს და მას ახალ სეზონში MVP-ის ტიტულს უწინასწარმეტყველებს. და თუ ბოლო დროს გავრცელებული ფოტოებია ვიმსჯელებთ, დერონი მართლაც მონდომებულია: პრაქტიკულად არ გამოდის დარბაზიდან და თავდაუზოგავად ვარჯიშობს. თუმცა მისი მხრიდან სიზარმაცე დიდი დანაშაული იქნებოდა, რადგან ხუთ წელიწადში თითქმის 100 მილიონ დოლარს უხდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტომ ტიბოდო "ხარებს" გაუნაწყენდა?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული