ბრენდონ ჯენინგსი კლუბში სცემეს

AutoSharing Option
უსიამოვნო ისტორია შეემთხვა "დეტროიტის" ახალწვეულს, ბრენდონ ჯენინგს. კალათბურთელი საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში და როცა ჯენინგსი ერთ მომენტში დიდი ხნით შეყოვნდა მიკროფონთან, მას პირდაპირ სახეში მოხვდა მუშტი.

ბრენდონმა ეს დარტყმა ცნობილი რეპერისგან მიიღო, რომელიც ცნობილია The Game-ის ფსევდონიმით. როგორც აღმოჩნდა, მას მუშტიც ძლიერი ჰქონია, რაზეც მეტყველებს დიდი სისხლჩაქცევა კალათბურთელის სახეზე.

მუსიკოსი ლოს ანჯელესში დაიბადა და ხშირად სტუმრობს კლუბს, რომელშიც ინციდენტი მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მას არ მოეწონა კალათბურთელის ზედმეტი აქტიურობა, კერძოდ, მიკროფონში ბევრი ლაპარაკი. The Game-მა ჯერ რამდენიმე
სიტყვა უთხრა ჯენინგსს, შემდეგ კი სახეში დაარტყა.

კონფლიქტი კლუბის დაცვამ მოაგვარა, როცა ორივე საპატიო სტუმარი ქუჩაში გააძევა.

ჩხუბი "ტვიტერში"
"მაიამი ჰიტისა" და "ოკლაჰომა-სიტის" ვარსკვლავები - დუეინ უეიდი და კევინ დურანტი "ტვიტერის" სოციალურ ქსელში წაეკიდნენ ერთმანეთს, - წერს The South Florida Sun-Sentinel-ი. ამის მიზეზი გახდა ჟურნალ Sports Illustrated-ის მიერ შედგენილი 10 საუკეთესო მოთამაშის რეიტინგი.

ყველაფერი დაიწყო CineSport-ის მიერ მომზადებული ვიდეორგოლით, რომელშიც დურანტმა აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საუკეთესო ათეულში არ აღმოჩნდა მისი ყოფილი თანაგუნდელი ჯეიმს ჰარდენი და დუეინ უეიდის ნაცვლად მისი სიაში შეყვანის წინადადებით გამოვიდა. უეიდმა მალე გასცა პასუხი დურანტს - მოსთხოვა მას, პატივის სცეს დუეინის ადგილს ისტორიაში. ამაზე "ოკლაჰომას" ლიდერმა უპასუხა:

"დამიმტკიცე ეს მოედანზე და არა "ტვიტერში".

ტორონტოს პირველი "ოლ სტარი"
როგორც ცნობილია, 2014 წელს "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ნიუ ორლეანში გაიმართება, 25 სექტემბერს კი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა 2015 და 2016 წლების "ოლ სტარების" მასპინძელი ქალაქები.

2015 წელს "ყველა ვარსკვლავის უქმეებს" ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენი" მიიღებს. ასეთი რამ ისტორიაში მეოთხედ მოხდება. ბოლოს ლეგენდარულმა არენამ "ოლ სტარს" დიდი ხნის წინ, 1998 წელს უმასპინძლა.

რაც შეეხება 2016 წლის "ოლ სტარს", მისი ორგანიზატორი კანადის ქალაქი ტორონტო იქნება. ტორონტო იმ ექვსი ქალაქის (ბრუკლინი, მემფისი, ოკლაჰომა-სიტი, პორტლენდი და საკრამენტო) სიაში შედის, რომლებსაც არასოდეს მიუღიათ "ყველა ვარსკვლავის უქმეები".

უესტბრუკი ჯერ ვერ ვარჯიშობს
"ოკლაჰომა-სიტის" გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა ჯერ ვერ მიიღო ექიმებისგან სრულფასოვანი ვარჯიშების განახლების უფლება.

გუნდის გენერალური მენეჯერის, სემ პრესტის სიტყვებით, უესტბრუკი საწვრთნელ ბანაკში ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს. პრესტიმ ვერ დაასახელა თარიღი, როდის შეუერთდება "ოკლაჰომას" ლიდერი გუნდურ ვარჯიშებს.

უესტბრუკმა გასული რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს მიიღო ტრავმა – მენისკი გაიწყვიტა და სამკურნალოდ ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შაკილ ო'ნილი "საკრამენტო კინგზს" ყიდულობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული