მატჩის წინ გაიმართა "ჰიტის" მოთამაშეებისთვის საჩემპიონო ბეჭდების დარიგების ცერემონია; აგრეთვე, არენის თაღზე აღმართეს შარშანდელი ჩემპიონობის აღმნიშვნელი ბანერი. რაოდენ გასაკვირიც იყო, ფლორიდული კლუბის მთავარი ვარსკვლავები - ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი წინააღმდეგნი იყვნენ ასეთი ცერემონიის, რადგან ამას შეიძლებოდა გაეფანტა
მათი შეშფოთება სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა. არც ისე კარგი სტარტის შემდეგ, მასპინძლებმა პირველი მეოთხედის ბოლოსა და მეორის დასაწყისში ნოკაუტში გაგზავნეს მეტოქე - 31:5. ასეთი სპურტის შემდეგ "ჩიკაგოს", ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა თამაშის მოგების იმედი. მეოთხე მეოთხედის ბოლოსკენ იყო ერთი მომენტი, როცა კარლოს ბუზერის აქტიურობით "ბულზმა" სხვაობა რვა ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ეს უფრო "მაიამის" მოდუნების ბრალი იყო, ვიდრე ტომ ტიბოდოს გუნდის წარმატება.
მიუხედავად იმისა, რომ "მაიამის" რიგებში ვერ ვიხილეთ ახალბედები - მაიკლ ბიზლი და გრეგ ოდენი, აგრეთვე ჯოელ ენტონი და რაშარდ ლუისი, ერიკ სპოელსტრას გუნდმა მაინც სოლიდური დახმარება მიიღო რეზერვისტებისგან. "ჰიტის" სათადარიგოებმა 42 ქულა დააგროვეს, სულ კი გამარჯვებული გუნდის რიგებში შვიდმა კალათბურთელმა მიითვალა მინიმუმ ათი ქულა.
ამასთან, ლებრონ ჯეიმსს თამაშიდან მხოლოდ 11 ტყორცნის შესრულება დასჭირდა, უეიდის ანგარიშზე კი 13 სროლა იყო.
რა თქმა უნდა, ამ თამაშის მთავარი ინტრიგა იყო წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ "ჩიკაგოს" ლიდერის, დერიკ როუზის დაბრუნება. ამ დღეს მთელი საკალათბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდა. "ბულზის" ფანებისთვის სამწუხაროდ, დაბრუნება ტრიუმფალური არ გამოდგა. როუზმა თამაში სამწამიანში საფირმო შესვლით დაიწყო, რითაც დიდი იმედი გაუჩინა ბევრს, მაგრამ... 34 წუთში გამთამაშებლის მონაგარი იყო 12 ქულა (თამაშიდან - 4/15, სამქულიანები - 1/7), 4 შედეგიანი პასი და 5 შეცდომა.
ჩიკაგოელებისთვის მხოლოდ ერთი რამ იყო გასახარი: კარლოს ბუზერმა, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრს აკრიტიკებდნენ, ამჯერად ძალიან კარგად ითამაშა. მის ანგარიშზე იყო 31 ქულა (თამაშიდან - 13/18) და მატჩის საუკეთესო სნაიპერის სტატუსი.
მაიამი-ჩიკაგო 107:95
17:15, 37:18, 24:25, 29:37
მ: ჯეიმსი (17+8 პასი+6 მოხსნა), ბოში (16+6 მოხსნა+3 დაფარება), ბატიე (14), ჩელმერსი (13+5 ჩაჭრა+4 პასი), უეიდი (13+3 პასი), კოული (11+7 მოხსნა+3 პასი), ალენი (11+7 პასი).
ჩ: ბუზერი (31+7 მოხსნა), ბატლერი (20+5 ჩაჭრა+3 პასი), როუზი (12+4 პასი), გიბსონი (10+8 მოხსნა+3 პასი), დანლივი (10).
კობი საჭირო არ არის
ისევე, როგორც "ჩიკაგოსა" და მისი ლიდერის, დერიკ როუზის შემთხვევაში, ბევრს ელოდნენ "ინდიანასგან" "ორლანდოსთან" საშინაო შეხვედრაში. მატჩის შემდეგ "პეისერსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ფოგელმა აღიარა, რომ მისმა გუნდმა საუკეთესოდ ვერ ითამაშა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა ორნიშნა უპირატესობის მოსაპოვებლად.
მასპინძლების სასტარტო გაქცევის (12:2) მიუხედავად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მოედანზე ორი თანაბარი კლასის გუნდი იმყოფებოდა. კალათბურთელთა მოქმედებაში ბევრი ქაოსი იყო, ზედმეტად ინდივიდუალური თამაში...
"ინდიანამ" მხოლოდ მესამე მეოთხედში აჩვენა თავისი პოტენციალის ნაწილი, როცა 21:4 სპურტი მოახერხა. მასპინძელთა რიგებში გამოირჩეოდნენ პოლ ჯორჯი და ლენს სტივენსონი. ამ უკანასკნელის შთამბეჭდავმა თამაშმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა "ინდიანას" შემადგენლობაში დენი გრეინჯერის ყოფნის აუცილებლობა.
ამ მატჩში იყო ერთი ღირსშესანიშნავი მომენტი: როცა პირველი მეოთხედის შუაში მოედანზე გამოვიდა "ორლანდოს" დებიუტანტი ვიქტორ ოლადიპო, მთელი დარბაზი მას ფეხზე ამდგარი, ოვაციით შეეგება. ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ გულშემატკივრები მაისურებით, რომლებზეც კალათბურთელის გვარი ეწერა.
საინტერესოა, რომ ეს აღფრთოვანება ეკუთვნოდა მეტოქე გუნდის კალათბურთელს. საქმე ისაა, რომ ოლადიპო ადგილობრივი უნივერსიტეტის ვარსკვლავი იყო და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საკალათბურთო შტატში დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
თუმცა, პუბლიკისგან ასეთი მხარდაჭერის მიუხედავად, ოლადიპომ განსაკუთრებული ვერაფერი აჩვენა: ის მუდმივად მომართული იყო სროლისთვის და რამდენიმე ეფექტური დაფარებაც ვიხილეთ... მის წინააღმდეგ.
* * *
დღის ბოლო მატჩი ლოსანჯელესური დერბი იყო, რომელშიც მომძლავრებულ "კლიპერსს" აშკარა ფავორიტად მიიჩნევდნენ კობი ბრაიანტის გარეშე მოთამაშე "ლეიკერსის" წინააღმდეგ.
სამი მეოთხედის შემდეგ "კლიპერსი" ოთხი ქულით იყო დაწინაურებული. მეოთხე 12-წუთეულში "ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ’ენტონიმ მოედანზე შეუშვა ხუთეული, რომელიც მთლიანად რეზერვისტებისგან შედგებოდა, მათგან სამი კალათბურთელი გასულ სეზონში საერთოდ არ ირიცხებოდა "ლეიკერსში". და ამ შემადგენლობამ სასტიკი დღე აყარა მეზობლებს, კრის პოლისა და ბლეიკ გრიფინის ხელმძღვანელობით.
გასაოცარია, მაგრამ ფაქტია: დოკ რივერსი ყოველთვის განთქმული იყო ხარისხიანი თამაშით, მაგრამ მისმა გაწვრთნილმა "კლიპერსმა" ბოლო მეოთხედში 41 ქულა გაუშვა! და ეს გააკეთა "ლეიკერსმა", რომელშიც არ იყო კობი ბრაიანტი.
სუპერვარსკვლავის შემცვლელმა ჯოდი მიქსმა ბოლო მეოთხედში 9 ქულა დააგროვა, ქსავიერ ჰენრიმ კი, რომელიც ბოლო ორი წელი "მემფისსა" და "ნიუ ორლეანში" ვერ ბრწყინავდა, კიდევ 12 ქულა დაუმატა. როგორც ჩანს, რივერსმა იჩქარა, როცა "ლეიკერსის" საჩემპიონო ბანერების დაფარვა ბრძანა. ამით მან "ლეიკერსი" ძალიან გააბრაზა.
ინდიანა-ორლანდო 97:87
23:18, 17:26, 29:20, 28:23
ი: ჯორჯი (24+6 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), სტივენსონი (19+7 მოხსნა+5 პასი), უესტი (13+5 დაფარება+5 მოხსნა+3 პასი), ჰიბერტი (8+16 მოხსნა+7 დაფარება).
ო: ნიკოლსონი (18), ჰარკლესი (14), ნელსონი (12+7 პასი+5 მოხსნა), ოლადიპო (12), ვუჩევიჩი(8+10 მოხსნა+3 პასი).
ლეიკერსი-კლიპერსი 116:103
28:30, 27:27, 20:22, 41:24
ლ: ჰენრი (22+6 მოხსნა), ფარმარი (16+6 პასი), გასოლი (15+13 მოხსნა+4 პასი), მიქსი (13), იანგი (13), ჰილი (12+8 მოხსნა), კამანი (10+8 მოხსნა+2 დაფარება).
კ: გრიფინი (19+7 მოხსნა+3 პასი), ჯორდანი (17+11 მოხსნა+3 დაფარება+3 ჩაჭრა), პოლი (15+11 პასი+6 მოხსნა+5 ჩაჭრა), კროუფორდი (15+3 პასი), რედიკი (13+3 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"