საბოლოო სხვაობა 20 ქულაზე მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ "მეომრების" მწვრთნელმა მარკ ჯექსონმა ბოლო მეოთხედში როტაციას მიმართა, ამ 12-წუთეულის წინ კი სტუმრები 33 ქულით იყვნენ წინ. ყველაზე მეტად მოინდომა ანდრე იგუოდალამ, რომელმაც თავის ყოფილ კლუბს 32 ქულა ჩაუგდო. თუმცა მისი შედეგიანობა დაჩრდილა სტივენ კარიმ - მან სულ რაღაც 29 წუთში კარიერაში მეორე სამმაგი-დუბლი შეასრულა. და კიდევ,
* * *
ასევე პირველად წააგო ახალ რეგულარულში "ჰიუსტონმა". ტექსასელებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა "კლიპერსთან" გასვლა. მასპინძლებმა საშუალო და შორი მანძილებიდან ტყორცნებით დაიწყეს და შესანიშნავი სასტარტო სპურტი გამოუვიდათ - 20:6. ამასობაში ორი პერსონალური მიიღო "ჰიუსტონის" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, რითაც "კლიპერსმა" სამწამიანშიც თავისუფალი მოქმედების საშუალება მიიღო.
მარტო პირველ ნახევარში მასპინძლებმა 78 (!) ქულა ჩაუგდეს მეტოქეს. იყო ინდივიდუალური მიღწევებიც. მაგალითად, კრის პოლმა კარიერაში 51-ედ შეძლო შეხვედრაში მინიმუმ 15 შედეგიანი პასის დაგროვება. მოქმედი კალათბურთელებიდან მასზე წინ მხოლოდ სტივ ნეშია (59 მატჩი).
"ფილადელფიას", "მინესოტასა" და "ჰიუსტონის" დამარცხებების შემდეგ რეგულარულ ჩემპიონატში ერთადერთი წაუგებელი გუნდი "ინდიანა პეისერსია".
* * *
ჯერჯერობით მოგება არ აქვს "ბოსტონს", არადა, ეს გუნდი ძალიან ახლოს იყო სეზონში პირველ გამარჯვებასთან. "კელტები" სტუმრად "მემფისის" წინააღმდეგ ექვს ქულას იგებდნენ ბოლო 12-წუთეულის წინ, მაგრამ "სელტიქსი" წელს საშინლად თამაშობს ბოლო მეოთხედში - ოთხი მატჩის განმავლობაში, თამაშის ამ მონაკვეთში მან 109 ქულა გაუშვა და მხოლოდ 66 დააგროვა.
"ბოსტონის" იმედები ბეილესმა დაასამარა - მან ბოლო მეოთხედში 15 ქულა დააგროვა. შედეგად, "სელტიქსმა" სეზონი ზედიზედ ოთხი წაგებით დაიწყო. ბოლოს ასეთი რამ 1969-70 წლების სეზონში მოხდა, გუნდიდან ბილ რასელის წასვლის შემდეგ.
კლივლენდი-მინესოტა 93:92
31:23, 24:15, 21:23, 17:31
კ: მაილსი (19+5 მოხსნა), ირვინგი (15+8 მოხსნა+6 პასი), ვარეჟაო (12+6 მოხსნა+4 პასი), ტომპსონი (12+11 მოხსნა), ბაინუმი (10+3 დთფარება).
მ: მარტინი (23), ლავი (17+13 მოხსნა+5 პასი), ბრიუერი (13+6 ჩაჭრა), უილიამსი (13), პეკოვიჩი (8+12 მოხსნა).
ფილადელფია-გ. სტეიტი 90:110
22:36, 20:30, 23:32, 25:12
ფ: ტერნერი (18+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), კარტერ-უილიამსი (18+6 მოხსნა), როტენი (14).
გ-ს: იგუოდალა (32+3 ჩაჭრა), კარი (18+12 პასი+10 მოხსნა+5 ჩაჭრა), ლი (18+7 მოხსნა), ტომპსონი (15).
მემფისი-ბოსტონი 95:88
27:24, 19:26, 20:22, 29:16
მ: კონლი (15+8 პასი), რენდოლფი (15+7 მოხსნა), ბეილესი (15), გასოლი (14+8 მოხსნა).
ბ: გრინი (22+5 მოხსნა), სალინჯერი (16+5 მოხსნა), ბრედლი (14), კროუფორდი (12+3 ჩაჭრა).
კლიპერსი-ჰიუსტონი 137:118
42:25, 36:41, 26:23, 33:29
კ: რედიკი (26), პოლი (23+17 პასი), კროუფორდი (21), გრიფინი (18+7 მოხსნა), დადლი (15), მალენსი (12), ჯორდანი (11+9 მოხსნა).
ჰ: კასპი (19+9 მოხსნა), ჰარდენი (15+5 პასი), ლინი (14+8 პასი), პარსონსი (14), გარსია (14), ჰოვარდი (13+9 მოხსნა), სმიტი (12+7 მოხსნა).
კვირის ლაურეატები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის პირველი ლაურეატები დაასახელა. გასული შვიდი დღის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ: აღმოსავლეთში მაიკლ კარტერ-უილიამსი ("ფილადელფია") და დასავლეთში - კევინ ლავი ("მინესოტა").
ლავი გასულ კვირას საშუალოდ 29.7 ქულას, 14.7 მოხსნას და 3.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ის 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა თამაშიდან და 38.1 პროცენტის სიზუსტით იყენებდა სამქულიანებს.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი დებიუტანტ კარტერ-უილიამსის მისამართით. ის გახდა პირველი ახალბედა შაკილ ო'ნილის შემდეგ, ვინც პირველივე კვირას მოიპოვა საუკეთესო მოთამაშის სტატუსი.
გარდა ამისა, "ფილადელფიას" გამთამაშებელი ერთ-ერთი საუკეთესო დებიუტანტი გახდა გადაცემების რაოდენობით: კარტერ-უილიამსმა" პირველ მატჩში 12 შედეგიანი პასი მიითვალა. უფრო მეტი (14) სადებიუტო მატჩში მხოლოდ ერნი დიგრეგორიოს ("ბაფალო") ჰქონდა შორეულ 1973 წელს. გარდა ამისა, სადებიუტო მატჩში 9 ჩაჭრა - აბსოლუტური რეკორდია!
გასული კვირის სამ მატჩში მაიკლმა 20.7 ქულა, 4.7 მოხსნა, 9.0 შედეგიანი პასი და 4.3 ჩაჭრა დააგროვა. თამაშიდან და პერიმეტრიდან სროლის სიზუსტე 46.8 და 47.1 პროცენტს უდრიდა.
ლებრონი ხუთასიანებში შევა
"მაიამი ჰიტის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ისტორიული მიღწევის მიჯნაზეა. "ტორონტოსთან" მატჩში "მეფეს" შეუძლია ზედიზედ 500 მატჩამდე აიყვანოს სერია, რომლის დროსაც ის მინიმუმ 10 ქულას აგროვებს შეხვედრაში. ლიგაში ასეთი შედეგით მხოლოდ ოთხ კალათბურთელს შეუძლია დაიკვეხნოს: ქარიმ აბდულ-ჯაბარს (ორჯერ, 787 და 508 მატჩი ზედიზედ), მაიკლ ჯორდანს (866), კარლ მელოუნსა (575) და მოზეს მელოუნს (526).
ბოლოს ლებრონმა 10-ზე ნაკლები ქულა 2007 წლის 5 იანვარს, "მილუოკისთან" მატჩში დააგროვა. პლეი ოფის შეხვედრების გათვალისწინებით, ჯეიმსმა კარიერაში ჩატარებული 907 მატჩიდან მხოლოდ ცხრაში მოიხვეჭა 9 ან ნაკლები ქულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის ტრიუმფალური დაბრუნება