აგვისტოში "მემფისმა" "მეორეწლიანი" ტონი როტენი "სიქსერზში" გაუშვა დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის სანაცვლოდ. 14 ნოემბერს ამ წყვილმა საკუთარ მოედანზე ოვერტაიმში შეძლო ჯეიმს ჰარდენის გარეშე მოთამაშე "ჰიუსტონის" დამარცხება.
როტენმა თავის ანგარიშზე სამმაგი დუბლი ჩაიწერა, რითაც პირველი მოთამაშე გახდა ბოლო 43 წლის განმავლობაში, ვინც სასტარტო ხუთეულში სადებიუტო გამოჩენა ასეთი მიღწევით აღნიშნა. ანდერსონმა კი თამაშიდან 12 ბურთი (16-დან) ჩააგდო და 36 ქულას მოუყარა თავი.
მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე თანაბარი თამაში მიდიოდა.
დამატებით დროში ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა დუაიტ ჰოვარდმა, "ფილადელფიამ" კი მნიშვნელოვან მომენტებში ზუსტად ისროლა საჯარიმოები და მოიგო.
"ადრე არასდროს, არც ერთ დონეზე - დაწყებით კლასებში, სკოლაში ან კოლეჯში არ შემისრულებია სამმაგი დუბლი. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს კარიერაში", - განაცხადა როტენმა.
ფილადელფია-ჰიუსტონი 123:117 (ო)
28:31, 32:26, 20:33, 26:16, 17:11
ფ: ანდერსონი (36+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტერნერი (23+7 მოხსნა+5 პასი), როტენი (18+10 მოხსნა+11 პასი), ჰოიესი (18+9 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ტ. იანგი (15+8 მოხსნა), მორისი (10).
ჰ: ლინი (34+5 მოხსნა+12 პასი), ჰოვარდი (23+15 მოხსნა+6 პასი+6 დაფარება), პარსონსი (22+6 მოხსნა+7 პასი+4 დაფარება), კასპი (16), ბევერლი (12+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ჯონსი (10+11 მოხსნა+3 დაფარება).
"ოკლაჰომამ" ჩხუბით წააგო
დღის ცენტრალური შეხვედრა ლოს ანჯელესში გაიმართა, სადაც "კლიპერსმა" შეძლო "ოკლაჰომასთან" სამმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა. მასპინძლებმა მატჩი 8:0 გაქცევით დაიწყეს, მაგრამ ტაიმ-აუტმა მთლიანად შეცვალა "თანდერის" თამაში.
დურანტმა და კომპანიამ ძალიან მალე გაათანაბრა ანგარიში და ნელ-ნელა წინ გასვლაც დაიწყო და სწორედ ამ დროს მოედანზე ჩხუბი ატყდა ბარნსსა და იბაკას შორის. საყოველთაო შეფასებით, ბარნსი იმსახურებდა გაძევებას, იბაკას შემთხვევაში კი მსაჯები ზედმეტად მკაცრად მოიქცნენ.
ასეა თუ ისე, ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს, რითაც "ოკლაჰომას" სერიოზული პრობლემები შეექმნა სამწამიან ზონაში, რადგან იბაკას შემცვლელი სტივ ადამსი ჯერ ვერ დაიკვეხნის სტაბილური თამაშით.
სწორედ ამის შედეგი იყო, რომ "კლიპერსის" წინა ხაზმა მეტოქის ფარზე 18 მოხსნა შეასრულა, მეოთხე მეოთხედის დასაწყისში კი დოკ რივერსის გუნდი 13 ქულით გაიქცა. დურანტმა და უესტბრუკმა შეძლეს ჩამორჩენის ოთხ ქულამდე დაყვანა, მაგრამ ეს მაქსიმუმი იყო "ოკლაჰომასთვის" იბაკას გარეშე. კრის პოლი უნარიანად წარმართავდა თავისიანების თამაშს და შეხვედრა 16 შედეგიანი პასით დაასრულა.
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "კლიპერსის" სათადარიგოთა სკამმა, უფრო ზუსტად, ჯამალ კროუფორდმა, რომელმაც თავისი 20 ქულიდან 12 მეოთხე მეოთხედში დააგროვა.
კლიპერსი-ოკლაჰომა 111:103
25:33, 28:29, 30:16, 28:25
კ: გრფიინი (22+12 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), კროუფორდი (20), ჯორდანი (15+9 მოხსნა), რედიკი (15), პოლი (14+7 მოხსნა+16 პასი+3 ჩაჭრა), დადლი (10).
ო: დურანტი (33+6 მოხსნა+10 პასი), უესტბრუკი (19+10 პასი), იბაკა (13).
"ბრუკლინი" გასაჭირშია
ბოსტონი-შარლოტი 83:89
21:27, 22:24, 21:20, 19:18
ბ: გრინი (19), ჯორ. კროუფორდი (16+5 მოხსნა+6 პასი), უოლესი (10+8 მოხსნა), ლი (10), ოლინიკი (6+11 მოხსნა+4 პასი).
შ: ჯეფერსონი (22+11 მოხსნა), ჰენდერსონი (13+9 მოხსნა+5 პასი), ტეილორი (12), ტოლივერი (11), სეშენსი (10).
"შარლოტის" კალათბურთელს, ელ ჯეფერსონს ზედიზედ 11 მატჩი ჰქონდა წაგებული თავის ყოფილ კლუბთან - "ბოსტონთან", მაგრამ ახლა შეძლო ამ სერიის შეწყვეტა. "სელტიქსს" შანსი არ ჰქონდა "ბობკეტსის" წინააღმდეგ, რადგან ერთხელაც არ გასულა წინ და ერთ მომენტში 16 ქულით იყო ჩამორჩენილი. ამით შეწყდა "კელტების" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.
მემფისი-ტორონტო 87:103
20:26, 24:29, 27:23, 16:25
მ: კონლი (29+5 პასი+3 ჩაჭრა), მ. გასოლი (18+10 მოხსნა), რენდოლფი (10+10 მოხსნა), ალენი (10).
ტ: გეი (23+6 მოხსნა+5 ჩაჭრა), ლოური (21+6 პასი), დეროზანი (18), ჯონსონი (14).
პირველად, "ტორონტოში" გადასვლის შემდეგ, რუდი გეი "მემფისში" დაბრუნდა. ყოფილ თანაგუნდელებთან ვიზიტი წარმატებული გამოდგა - კანადელებმა მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე გადამწყვეტი გაქცევა შეასრულეს და დიდი ანგარიშით მოუგეს "დათვებს", რომლებმაც ამ სეზონში პირველად წააგეს ზედიზედ ორი მატჩი.
მინესოტა-კლივლენდი 124:95
38:24, 32:23, 38:29, 16:19
მ: ლავი (33+8 მოხსნა+6 პასი), ბრიუერი (27), რუბიო (16+6 მოხსნა+16 პასი+3 ჩაჭრა), პეკოვიჩი (10+7 მოხსნა), ჰამელი (10).
კ: ირვინგი (20), ვარეჟაო (13+5 მოხსნა), ტომპსონი (10+6 მოხსნა).
"კლივლენდს" იმედი ჰქონდა, რომ მინესოტაში პირველ საგარეო გამარჯვებას მოიპოვებდა, მაგრამ კევინ ლავმა და რიკი რუბიომ არ მისცეს ამის საშუალება. "მგლები" ყოველ მეოთხედში ზრდიდნენ უპირატესობას და ერთხელ სხვაობამ 39 ქულას მიაღწია. საკმარისია აღინიშნოს, რომ "მინესოტას" სასტარტო ხუთეულის წევრებმა უფრო მეტი ქულა დააგროვეს, ვიდრე მთლიანად "კლივლენდმა".
ატლანტა-ნიუ იორკი 91:95
24:29, 21:26, 23:10, 23:30
ა: ტიგი (25+5 მოხსნა+8 პასი), ჰორფორდი (23+5 მოხსნა), მარტინი (13).
ნ-ი: ენტონი (25), ბარნიანი (20+11 მოხსნა), ჰარდუეი (14), სმიტი (12+7 მოხსნა), ფელტონი (10+5 პასი).
როგორც იქნა, მოიგო "ნიუ იორკმა". "ნიქსმა" სტუმრად დაამარცხა "ატლანტა", თუმცა ამჯერადაც ძალიან იწვალა. სტუმრებმა თამაშის მსვლელობისას 16-ქულიანი უპირატესობა გაფლანგეს და მეოთხე მეოთხედში ექვს ქულასაც კი აგებდნენ. ერთ მომენტში ნიუიორკელებმა ზედიზედ 14 (!) სამქულიანი ააცილეს, მაგრამ მეოთხე მეოთხედის მეორე ნაწილში ხუთიდან სამი შორეული ტყორცნა მოათავსეს კალათში და "ნიქსმა", ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
სან ანტონიო-ვაშინგტონი 92:79
25:17, 27:25, 18:15, 22:22
ს-ა: პარკერი (16), დიაო (15+5 მოხსნა), ლეონარდი (13), სპლიტერი (12+9 მოხსნა), ბელინელი (10+5 მოხსნა+8 პასი), ჯინობილი (10+6 მოხსნა).
ვ: უებსტერი (21+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბილი (19), უოლი (14+8 მოხსნა).
აგრძელებს დომინირებას "სან ანტონიო", რომელიც ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ერთხელ იყო მდევრის როლში - "გოლდენ სტეიტთან" შეხვედრაში და ისიც, მხოლოდ 11 წამი. "სპურსის" მორიგი მსხვერპლი გახდა "ვაშინგტონი", არადა, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში აჩვენა ტიმ დანკანმა, რომელმაც თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი (12-დან) ჩააგდო (სხვათა შორის, ვეტერანს ბოლო პერიოდში თამაში არ მისდის - ბოლო სამ მატჩში მან 27-დან მხოლოდ 5 ზუსტი სროლა შეასრულა).
სამაგიეროდ, გრეგ პოპოვიჩის გუნდში სხვები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. როცა დედაქალაქელები სამ ქულამდე მიუახლოვდნენ მეტოქეს, სწორედ ამ დროს "სპურსმა" შესანიშნავი გუნდური თამაშით 10:0 სპურტი მოაწყო და გამარჯვებულის საკითხი მოხსნა დღის წესრიგიდან.
მასპინძლებმა 28 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს, აქედან 17 რეზერვისტების ანგარიშზე იყო. მათგან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მარკო ბელინელიმ, რომელმაც 8 პასი ჩაიწერა აქტივში.
დენვერი-ლეიკერსი 111:99
33:28, 27:26, 23:25, 28:20
დ: მოზგოვი (23+9 მოხსნა+4 დაფარება), ფარიდი (21+13 მოხსნა), ლოუსონი (19+6 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (12+5 მოხსნა).
ლ: პ. გასოლი (25+12 მოხსნა), ჰილი (18+15 მოხსნა+3 დაფარება), ბლეიკი (15+6 მოხსნა+11 პასი), ნ. იანგი (11+5 მოხსნა), ჯონსონი (10+5 მოხსნა+3 ჩაჭრა+5 დაფარება).
"ლეიკერსმა" პირწმინდად წააგო სამწამიანში თამაში "დენვერთან": 32 ქულა 60-ის წინააღმდეგ ამ ზონაში. მიუხედავად ამისა, კალიფორნიელები მეოთხე მეოთხედის შუაში მხოლოდ ექვს ქულას აგებდნენ, მაგრამ ჩენდლერის შეჩერება ვერ შეძლეს. ეს კალათბურთელი სეზონში პირველ შეხვედრას ატარებდა და უმნიშვნელოვანეს მომენტში ორი სამქულიანი ჩააგდო.
ამის შემდეგ სხვაობა 16 ქულამდე გაიზარდა და "დენვერის" მოგებაში ეჭვი აღარავის შეპარვია. "ნაგეტსმა", რომელმაც ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა "ლეიკერსი", მატჩში მხოლოდ რვა შეცდომა დაუშვა.
იუტა-ნ. ორლეანი 111:105
22:29, 23:26, 28:22, 38:28
ი: ჰეივორდი (27+5 მოხსნა+10 პასი), რ. ჯეფერსონი (22), კანტერი (21+10 მოხსნა+3 დაფარება), ფეივორსი (12+12 მოხსნა+5 ჩაჭრა), მერვ. უილიამსი (12+9 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (29+15 მოხსნა), ჰოლიდეი (19+6 პასი), ტ. ევანსი (19), გორდონი (16+5 ჩაჭრა), სმიტი (10+5 მოხსნა).
ცხრა თამაში დასჭირდა "იუტას" იმისთვის, რომ სეზონში პირველი გამარჯვება მოეპოვებინა. "ჯაზმენებმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხეს "ნიუ ორლეანი". არადა, "იუტა" ამჯერადაც ახლოს იყო მარცხთან, რადგან 16 ქულით ჩამორჩა მეტოქეს.
შესანიშნავად ითამაშა რიჩარდ ჯეფერსონმა, რომელსაც სამი წელია არ დაეგროვებინა 22 ქულა. მან ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღო მატჩის გადარჩენაში. მეოთხე მეოთხედში ასევე იყოჩაღეს მერვინ უილიამსმა და გორდონ ჰეივორდმა და ასე შედგა სეზონში პირველი გამარჯვება.
პორტლენდი-ფინიქსი 90:89
25:22, 16:21, 21:25, 28:21
პ: რობინსონი (15+8 მოხსნა), ლოპესი (13+15 მოხსნა), ოლდრიჯი (12+12 მოხსნა), მო უილიამსი (12), ლილარდი (11+8 პასი), მეტიუზი (11).
ფ: ბლედსოუ (23+6 პასი), გრინი (17), დრაგიჩი (14), პლამლი (10+10 მოხსნა).
"პორტლენდმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, მაგრამ, ამასთან, "ფინიქსმა" კვლავ გაახარა თავისი გულშემატკივარი კარგი თამაშით. "სანზს" ძალიან კარგი დაცვა გამოუვიდა, მაგრამ ბოლო წამებზე ვერ შეაჩერა დამიენ ლილარდი, რომლის ბოლო შესვლამ ფარქვეშ და ზუსტმა ტყორცნამ "ბლეიზერსს" გამარჯვება მოუტანა.
"ფინიქსს" არ გაუმართლა იმ მხრივ, რომ კვლავ მიიღო ტრავმა მისმა ძირითადმა გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა, რის გამოც სლოვენიელმა მეოთხე მეოთხედიდან მიატოვა თამაში. სტუმრებს 11 წამი რჩებოდათ თამაშის გადასარჩენად, მაგრამ ჯერ ბლედსოუმ ააცილა, შემდეგ კი მარკუს მორისმა დამატებისას ვერ ივარგა.
საკრამენტო-ბრუკლინი 107:86
23:19, 29:21, 28:19, 27:27
ს: ტორნტონი (24), ტომასი (19+6 მოხსნა+6 პასი), ვასკესი (17+12 პასი), კაზინსი (15+9 მოხსნა+3 დაფარება), ტომპსონი (9+11 მოხსნა), პატერსონი (8+10 მოხსნა).
ბ: ლოპესი (16+9 მოხსნა+5 დაფარება), უილიამსი (13+7 პასი), ლივინგსტონი (13), პირსი (12+9 მოხსნა), ჯონსონი (10).
ცუდად მისდის საქმეები "ბრუკლინს", რომელმაც ვერაფერი მოუხერხა "საკრამენტოს" ახალგაზრდა და ათლეტურ მოთამაშეებს. "კინგზი" პირველივე მეოთხედიდან გაიჭრა წინ და მატჩის ბოლომდე მხოლოდ ზრდიდა უპირატესობას. "ნეტსმა" თამაშიდან 37 პროცენტი ჩააგდო და 15 შეცდომა დაუშვა, იმ დროს, როცა "საკრამენტომ" მხოლოდ ექვსჯერ დაკარგა ბურთი.
"მეფეებმა" შეწყვიტეს ხუთმატჩიანი წაგებათა სერია, ჯეისონ კიდის გუნდისთვის კი ეს იყო ზედიზედ მესამე მარცხი.
ორლანდო-მილუოკი 94:91
23:36, 22:18, 27:20, 22:17
ო: აფლალო (36+8 მოხსნა), ვუჩევიჩი (17+11 მოხსნა), ჰარკლესი (10+9 მოხსნა+3 დაფარება), ოლადიპო (10).
მ: მაიო (25+7 მოხსნა), ბატლერი (20+5 მოხსნა), მიდლტონი (19+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰენსონი (10+9 მოხსნა+5 დაფარება).
ფარიდი შამპერტში იცვლება
14 ნოემბერს ამერიკული პრესა აქტიურად განიხილავდა მოსალოდნელ ტრეიდს "ნიუ იორკ ნიქსსა" და "დენვერ ნაგეტსს" შორის. სანდო წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ "დენვერის" მიმართულებით გაემგზავრება "ნიქსის" მცველი იმან შუმპერტი, მის ნაცვლად კი ნიუიორკელები მძიმე ფორვარდ კენეტ ფარიდს მიიღებენ.
"ნიუ იორკის" მფლობელი ჯეიმს დოლანი უკმაყოფილოა შამპერტის თამაშით. ამავდროულად, "ნიქსში" წინა ხაზის მოთამაშეების სერიოზული დეფიციტია: ტაისონ ჩენდლერი ტრავმის გამო გამოვიდა მწყობრიდან, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ამარე სტაუდმაიერსა და კენიონ მარტინს. ამიტომაც მათი სათამაშო დრო შეზღუდულია.
ასე რომ, ამ გაცვლის განხორციელების ალბათობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ ჯერჯერობით კლუბები შეთანხმებამდე არ მისულან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონის კრიტიკამ გაჭრა