დაბრუნება უიღბლო გამოდგა. კალიფორნიელებმა ისე ჩაატარეს მთელი შეხვედრა, რომ ერთხელაც არ გასულან წინ, მაგრამ რეზერვისტების მონდომების წყალობით, შეძლეს 17-ქულიანი ჩამორჩენის "მინუს ხუთამდე" დაყვანა. სწორედ ასეთი სხვაობით დაიწყო ბოლო მეოთხედი.
მაყურებელმა სკანდირება დაიწყო - "ჩვენ გვინდა კობი" და სირენამდე შვიდი წუთით ადრე მაიკ დ’ენტონიმ თავისი ლიდერი მოედანზე შეუშვა, მაგრამ კობი ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ შეხვედრის დასკვნით ნაწილში ჩვეული გმირობები შემოგვთავაზოს. შესაბამისად,
ბრაიანტმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, 9 ქულა (თამაშიდან - 2/9, საჯარიმოები - 5/7), 8 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა, რასაც ერთბაშად 8 შეცდომაც დაემატა. მცველმა კრიტიკულად შეაფასა 2013-14 წლების სეზონში საკუთარი დებიუტი. "დღევანდელი მატჩისთვის საკუთარ თავს ორიანს დავუწერდი, - განაცხადა ბრაიანტმა. - მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ რვა თვე სახლში გავატარე. ასე რომ, მალე უფრო ჩვეულებრივ კობის იხილავთ".
მატჩის გმირი კი გახდა კანადელთა ფორვარდი ამირ ჯონსონი, რომელმაც შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა 32 ქულით. მან თამაშიდან 17-ჯერ ისროლა და 14 ჩააგდო. ამას დაემატა 10 მოხსნა და 2 დაფარება.
ლეიკერსი-ტორონტო 94:106
20:30, 27:21, 21:22, 26:33
ლ: ნ. იანგი (19), ჰენრი (17).
ტ: ჯონსონი (32+10 მოხსნა), დეროზანი (26), ლოური (23).
"ინდიანას" დამარცხება შეიძლება
დღის მიმოხილვისას "ნიუ იორკის" გამოცოცხლებაზე ვწერდით, მაგრამ ამ გუნდს "ჩაეძინა" "ბოსტონთან" მატჩის დებიუტში. "მწვანეებმა" 12:0 გაქცევით დაიწყეს შეხვედრა, შემდეგ იყო 18:1 და ოდნავ მოგვიანებით - 25:3. სასტარტო ჩავარდნის შემდეგ მასპინძლები გონს ვეღარ მოვიდნენ და სეზონში მე-14 მარცხი იწვნიეს - 73:114. ეს იყო "ნიქსის" ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება მიმდინარე სეზონში.
"ბოსტონს" 22 მატჩში 10 მოგება აქვს და ის აგრძელებს ატლანტიკის დივიზიონში ლიდერობას. ამავე დივიზიონში ბოლო ორ ადგილზე ნიუიორკული კლუბები - "ნეტსი" და "ნიქსი" არიან.
"ნიუ იორკის" რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო კარმელო ენტონი, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. მან თავისი ტყორცნების მხოლოდ მესამედი გამოიყენა - 15-დან 5. აგრეთვე, კარიერაში "პლუს-მინუსის" ყველაზე უარესი მაჩვენებელი ჰქონდა - "-40". საშინლად გამოიყურებოდა "ნიქსის" უკანა ხაზი - რაიმონდ ფელტონმა და იმან შამპერტმა 12-დან ვერც ერთი ტყორცნა ვერ გამოიყენეს და უქულოდ დატოვეს მოედანი.
* * *
რამდენიმე დღის წინ "დეტროიტმა" სტუმრად შეძლო "მაიამის" დამარცხება. ფლორიდელებმა მეტოქეს პასუხი არ დაუგვიანეს და 8 დეკემბერს რევანში აიღეს. "პისტონზი", ჩვეულებისამებრ, ცუდად ისროდა შორიდან, ხშირად კარგავდა ბურთს (17-ჯერ) და მეტოქეს სწრაფ კონტრშეტევებში გადასვლის საშუალებას აძლევდა.
ამას ისიც დაემატა, რომ გრეგ მონროსა და ბრენდონ ჯენინგსს არ წაუვიდათ ტყორცნები - მხოლოდ 9 ჩაგდება 24 ცდიდან. სამაგიეროდ, თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა ლებრონ ჯეიმსს: 24 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა. დუეინ უეიდის არყოფნაში, სწორედ ის მიუძღოდა წინ თავის გუნდს.
* * *
ცუდი დღე დაადგა 8 დეკემბერს ლიგის საუკეთესო დაცვას. "ინდიანამ", რომელიც მეტოქეებს საშუალოდ 88 ქულის მოპოვების საშუალებას აძლევს, სტუმრად "სან ანტონიოს" დამარცხების შემდეგ, ვერ შეძლო დასავლეთის კიდევ ერთი ფავორიტის ძლევა და "ოკლაჰომასთან" პირწმინდად დათმო მნიშვნელოვანი მატჩი.
"თანდერმა" 10 მატჩამდე აიყვანა შინ მოგებათა სერია. ამაში ყველაზე დიდი წვლილი კევინ დურანტმა და რასელ უესტბრუკმა შეიტანეს, რომლებმაც ერთად 62 ქულა დააგროვეს. რეჯი ჯექსონი სათადარიგოთა სკამიდან 15 ქულით დაეხმარა თავის გუნდს. სკოტ ბრუქსის შეგირდები ფანტასტიკური სიზუსტით ისროდნენ და ტყორცნების რეალიზაციის საშუალო პროცენტმა 61-ს მიაღწია.
სტუმრების რიგებში კი მხოლოდ პოლ ჯორჯი ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას. მან მეორე ტაიმში 26 ქულა დააგროვა (სულ - 32), მაგრამ მეტოქის დაწევა უკვე შეუძლებელი იყო: რაღაც მომენტში მასპინძლები 29 ქულითაც კი იყვნენ წინ...
ნიუ იორკი-ბოსტონი 73:114
11:34, 20:24, 25:34, 17:22
ნ-ი: ენტონი (19), სტაუდმაიერი (17).
ბ: ჯორ. კროუფორდი (23), სალინჯერი (21), ჯეფ გრინი (16), ბასი (16), ბრედლი (13+10 მოხსნა).
დეტროიტი-მაიამი 95:110
21:29, 32:30, 17:32, 25:19
დ: დრამონდი (19+14 მოხსნა), ჯენინგსი (19).
მ: ჯეიმსი (24), ალენი (18), ბოში (16).
ჰიუსტონი-ორლანდო 98:88
28:18, 24:20, 31:23, 15:27
ჰ: ჰარდენი (27+10 პასი), ჰოვარლი (20+22 მოხსნა), პარსონსი (18), ჯონსი (16+13 მოხსნა).
ო: დევისი (18), აფლალო (16), ნელსონი (15).
ოკლაჰომა-ინდიანა 118:94
28:18, 28:19, 34:32, 28:25
ო: დურანტი (36+10 მოხსნა), უესტბრუკი (26+13 პასი), ჯექსონი (15).
ი: ჯორჯი (32).
გეი მეფეებში წავიდა
"ლეიკერსისა" და "ტორონტოს" 8 დეკემბრის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია კანადელთა ერთ-ერთ ლიდერს რუდი გეის. თამაშის მსვლელობისას გახდა ცნობილი მიზეზის შესახებ. გაირკვა, რომ "ტორონტოს" ლიდერი "საკრამენტოსთან" მსხვილი ტრეიდის მონაწილე გახდა. ამ კლუბებს შორის გაცვლის შედეგად, გეისთან ერთად "კინგზის" რიგებში გადადიან აარონ გრეი და ქუინსი ეისი, კანადის მიმართულებით კი გაემგზავრებიან გრეივის ვასკესი, პატრიკ პატერსონი, ჯონ სალმონსი და ჩაკ ჰეისი.
ცხადია, რომ კლუბებს ამ ტრეიდის განხორციელებისას სხვადასხვა მიზანი ამოძრავებდათ. "კინგზმა" გეის სახით კარგი მეწყვილე იპოვა დემარკუს კაზინსისთვის. თუმცა რუდის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მას შეუძლია უკვე მომდევნო ზაფხულში გახდეს თავისუფალი აგენტი.
რაც შეეხება "ტორონტოს", ამ მომენტისთვის კეთდება აქცენტი მომავალზე. გეის თავიდან მოშორებით კანადელებმა მნიშვნელოვნად განტვირთეს სახელფასო ბიუჯეტი და მეტი თავისუფალი მოქმედების საშუალება ექნებათ მომავალ ზაფხულს, თავისუფალი აგენტების ბაზარზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამქულიანების დღე