NBA. რეგულარული ჩემპიონატი: საჯარიმოები ცალი ფეხით

AutoSharing Option
სათამაშო დღის გმირის წოდება თამამად შეიძლება მიენიჭოს "პორტლენდის" გამთამაშებელ დამიენ ლილარდს.

"დეტროიტთან" გასვლით შეხვედრაში მისი სტატისტიკა არ ყოფილა გამორჩეული (თამაშიდან 21 სროლა და მხოლოდ ექვსი ზუსტი), მაგრამ სწორედ მისმა ტყორცნამ მოუტანა მორიგი გამარჯვება "ბლეიზერსს". ეს მოხდა ოვერტაიმის დასრულებამდე 0.1 წამით ადრე. თანაც, ამ დროს ლილარდს კარგად უშლიდა ხელს "დეტროიტის" მცველი როდნი სტაკი. პორტლენდელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ სტაკი თავს შესანიშნავად იცავდა და მას, უბრალოდ, გაუმართლა. ასეა თუ ისე, "პორტლენდმა" აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდებთან 10-დან მეათე შეხვედრა მოიგო.

* * *
ზედიზედ
მე-12 გამარჯვება ჩაიწერა შინ "ოკლაჰომამ". "ორლანდოსთან" შეხვედრაში "თანდერმა" იმდენი მოახერხა, რომ ბოლო ექვს წუთში გაანიავა 16-ქულიანი უპირატესობა და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი მისცა. ბოლოსკენ ბრწყინვალე სნაიპერს, კევინ დურანტსაც კი აუკანკალდა ხელი და ორიდან მხოლოდ ერთი საჯარიმო მოათავსა კალათში. საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე "ოკლაჰომა" სამი ქულით იყო წინ.

როგორც ჩანს, "ორლანდო" არ ელოდა დურანტისგან ასეთ საჩუქარს და ვერ შეძლო ნორმალური კომბინაციის გათამაშება, რომლითაც თავის რომელიმე სნაიპერს შორეული ტყორცნის შესასრულებლად გაიყვანდა და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანისთვის იზრუნებდა. ნაჩქარევად ორგანიზებულ შეტევაში მოუმზადებელი სროლა მოუწია გლენ დევისს, რომელიც არაზუსტი იყო. შეტევაში მოხსნა ნიკოლა ვუჩევიჩმა მიითვალა და ორქულიანის ჩაგდება სცადა, მაგრამ სერჟ იბაკასგან დაფარება მიიღო.

* * *
ადრე თუ გვიან ყველა სერია სრულდება, რაშიც 16 დეკემბერს "მემფისის" გულშემატკივრები დარწმუნდნენ. ზედიზედ ოთხი წელი "გრიზლისი" მუდმივად ამარცხებდა "მინესოტას" და ამ გუნდთან 11-მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა.

მაგრამ ეს სერია შეწყდა, რაშიც დამნაშავეა კევინ ლავის ფანტასტიკური ფორმა. გასაკვირია, მაგრამ "ტიმბერვულვზის" ფორვარდს ამჯერად ორმაგი დუბლიც არ შეუსრულებია და მხოლოდ 9 მოხსნით შემოიფარგლა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ "მემფისმა" ვერაფერი გააწყო მეტოქის ლიდერის წინააღმდეგ, რომელმაც ამ მატჩში 21-დან 11 ტყორცნა მოათავსა კალათში (მათ შორის, რვიდან ოთხი სამქულიანი). ამას დაუმატა 9 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 3 დაფარება.

* * *
"ეს ძალიან ამარტივებს ჩვენს თამაშს. კარგია, როცა გუნდში არის კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელსაც ქულების დაგროვება შეუძლია. ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩემზე და აიზია ტომასზე არ არის დამოკიდებული"
, - კმაყოფილი ამბობდა "ჰიუსტონთან" მატჩის შემდეგ "საკრამენტოს" ცენტრი დემარკუს კაზინსი. ის ამ სიტყვებით თავის ახალ თანაგუნდელს, რუდი გეის აქებდა.

ყოფილმა ტორონტოელმა უკვე ორი მატჩის ჩატარება მოასწრო ახალი კლუბის შემადგენლობაში და ჯამში 50 ქულა დააგროვა, თან თამაშიდან 56 პროცენტის სიზუსტით ისროდა. "როკეტსთან" მატჩი სადებიუტო იყო მისთვის ახალი გულშემატკივრების თვალწინ და განსაკუთრებით მოინდომა. უკვე სასტარტო მეოთხედში მის ანგარიშზე 14 ქულა იყო და შემდეგაც ის გახლდათ ქულების მთავარი წყარო "კინგზისთვის".

"როკეტსის" მარცხი შეიძლებოდა კიდევ უფრო დიდი პრობლემით დამძიმებულიყო: მესამე მეოთხედის დასაწყისში ჯეიმს ჰარდენმა ფეხი გადაიბრუნა და ყვირილით დაეცა მოედანზე. "ჰიუსტონის" ლიდერისთვის საბედნიეროდ, ის სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. მან შეძლო წამოდგომა და ცალ ფეხზე მდგომმა შეასრულა ორი საჯარიმო. მოგვიანებით კი სირბილიც დაიწყო. თუმცა ამან მის გუნდს ვერ უშველა.

დეტროიტი-პორტლენდი 109:111 (ო)
22:29, 29:21, 33:23, 15:26, 10:12
დ: სმიტი (31), მონრო (17), სტაკი (17), ჯენინგსი (15+10 პასი), დრამონდი (13+14 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (27+12 მოხსნა), ლილარდი (23+7 პასი), ბატუმი (18), მეტიუზი (14), ლოპესი (12+13 მოხსნა).

მემფისი-მინესოტა 93:101
17:28, 29:28, 27:21, 20:24
მემ: კონლი (28), რენდოლფი (20+12 მოხსნა), ლეუერი (15+9 მოხსნა), ბეილესი (14).
მინ: ლავი (30+9 მოხსნა), პეკოვიჩი (19), ბარეა (15), რუბიო (12), ბრიუერი (9+12 მოხსნა).

საკრამენტო-ჰიუსტონი 106:91
28:28, 29:21, 24:22, 25:20
ს: გეი (26+4 ჩაჭრა), კაზინსი (21+10 მოხსნა), ტომასი (19+8 პასი), უილიამსი (11).
ჰ: ჰარდენი (25), პარსონსი (19), ჰოვარდი (13+10 მოხსნა), ბრუქსი (13).

ოკლაჰომა-ორლანდო 101:98
28:22, 28:27, 27:22, 18:27
ოკლ: დურანტი (28+9 მოხსნა), უესტბრუკი (20+12 მოხსნა+6 პასი), ლემბი (16), ჯექსონი (10).
ორლ: აფლალო (25), ოლადიპო (15), ვუჩევიჩი (13+16 მოხსნა), ნელსონი (13+8 პასი), დევისი (11+9 მოხსნა).

დენვერი-ნ. ორლეანი 102:93
24:27, 28:25, 23:16, 27:25
დ: ჩენდლერი (19), ჰიქსონი (19+11 მოხსნა), რობინსონი (14), ლოუსონი (12+8 პასი), ფარიდი (12+9 მოხსნა).
ნ-ო: ანდერსონი (26), რივერსი (17), ჰოლიდეი (12+7 პასი), გორდონი (10+6 პასი).

ფინიქსი-გ. სტეიტი 106:102
33:27, 26:26, 22:27, 25:22
ფ: ბლედსოუ (24+8 პასი), დრაგიჩი (21+4 ჩაჭრა), ფრაი (20), მორისი (11), გრინი (10).
გ-ს: კარი (30+7 პასი), ტომპსონი (19), ლი (18+13 მოხსნა), ბოგუტი (9+14 მოხსნა).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ეს უკვე ნამდვილ კობის ჰგავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული