NBA. რეგულარული ჩემპიონატი: 39 სიცხეც და ქულაც

AutoSharing Option
შაბათის სათამაშო დღის გმირად თამამად შეიძლება მოინათლოს "კლივლენდის" ლიდერი კაირი ირვინგი, რომელიც მაღალი სიცხით გავიდა "მილუოკის" წინააღმდეგ სათამაშოდ. ამ მატჩის ბედი ოვერტაიმმა გაარკვია და ირვინგმა ბოლომდე გაძლო, თუმცა გაუჭირდა ამის გაკეთება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მეოთხე მეოთხედში, ერთ-ერთი პაუზის დროს, კაირის კინაღამ გული აერია. ოვერტაიმი კი მას შემდეგ დაინიშნა, რაც ტრისტან ტომპსონმა სწორედ ირვინგის აცილებულს დაამატა.

დამატებით დროში ირვინგმა ბოლო ძალები მოიკრიბა. ოვერტაიმი მან ორი ზუსტი სამქულიანით დაიწყო და ბოლო 20 წამში ოთხი ზუსტი საჯარიმოთი დაასრულა, რითაც თავის გუნდს
გამარჯვება მოუტანა (114:110).

კაირის ანგარიშზე 39 ქულა, 6 შედეგიანი პასი და 4 დაფარება იყო, რაც კარიერის პირადი რეკორდი გახლავთ.

* * *
ამ სათამაშო დღის წინ, მთავარი განსახილველი თემა კობი ბრაიანტის მორიგი ტრავმა იყო, რის გამოც, "ლეიკერსის" ლიდერი თვენახევარი ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. თუმცა მის გარეშეც კალიფორნიელები მშვიდად გაუსწორდნენ "მინესოტას". ბრაიანტის გარდა, "ლეიკერსს" სამი ნომინალური გამთამაშებელი აკლდა და სასტარტოში პირველი ნომრად ქსავიე ჰენრი იდგა. მან 21 ქულა და 4 შედეგიანი პასი (პირადი რეკორდი) დააგროვა. თუმცა მატჩის გმირი არა ის, არამედ პაუ გასოლი გახდა, რომელსაც ორი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე (21+13 მოხსნა+8 პასი).

"მინესოტას" ლიდერი კევინ ლავი გადამწყვეტ მომენტებში თავის გუნდს ვერ დაეხმარა. უკვე მესამე მეოთხედის ბოლოს, მის ანგარიშზე ორმაგი დუბლი იყო (25+12 მოხსნა), მაგრამ ბოლო 12-წუთეულში მხოლოდ ერთი მოხსნა მიითვალა და ვერც ერთი ქულის აღება ვერ შეძლო.

სირენამდე ხუთი წუთით ადრე, "მინესოტა" ერთ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს (89:90), მაგრამ დარჩენილ დროში მხოლოდ ორი საჯარიმო ჩააგდო, იმ დროს, როცა მარტო პაუ გასოლმა შეძლო ცხრა ქულის მოპოვება, რამაც მის გუნდს კომფორტული გამარჯვება მოუტანა - 104:91.

* * *
"ინდიანასა" და "ჰიუსტონის" მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ "პეისერსის" რიგებს დაუბრუნდა ფორვარდი დენი გრეინჯერი, რომელიც ბოლო წლებში გუნდის ლიდერად მიიჩნეოდა. თუმცა გაუთავებელი ტრავმების გამო, დენიმ დათმო პოზიციები და შარშანდელ სეზონში, მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ შეხვედრაში გრეინჯერს უთამაშებლობა ეტყობოდა - მან შვიდიდან მხოლოდ ერთი ზუსტი ტყორცნა შეასრულა და ხუთი შეცდომა დაუშვა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია "ინდიანასთვის" დიდი ანგარიშით დაემარცხებინა დასავლეთის მეხუთე გუნდი. მასპინძლებმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშეს და "როკეტსს" მხოლოდ 38-პროცენტიანი სიზუსტით ასროლინეს, თავად კი 12 სამქულიანი მოათავსეს კალათში, რაც სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.

20 დეკემბერი
ფილადელფია-ბრუკლინი 121:120 (ო)
29:31, 31:26, 22:26, 26:25, 13:12
ფ: ე. ტერნერი (29+10 მოხსნა), ტ. იანგი (25), როუტენი (19), კარტერ-უილიამსი (15+10 პასი).
ბ: ა. ანდერსონი (26), პირსი (24+10 მოხსნა), ბ. ლოპესი (22), ტელეტოვიჩი (18), დერონ უილიამსი (17+14 პასი).

ატლანტა-იუტა 118:85
30:16, 25:18, 30:24, 33:27
ა: ლ. უილიამსი (25), ჰორფორდი (23), მილსეპი (14+10 მოხსნა).
ი: ბერკსი (13), კანტერი (13+13 მოხსნა).

კლივლენდი-მილუოკი 114:111 (ო)
25:26, 22:21, 23:23, 26:26, 18:15
კ: ირვინგი (39), ჯეკი (17), ს-ჯ. მაილსი (15), ტ. ტომპსონი (10+15 მოხსნა).
მ: მაიო (20), ჰენსონი (18+10 მოხსნა), ნაითი (17+14 მოხსნა).

დეტროიტი-შარლოტი 106:116
31:22, 28:22, 30:31, 17:41
დ: ჯენინგსი (26), ჯოშ სმიტი (18), დრამონდი (14+15 მოხსნა).
შ: კ. უოკერი (34), ე. ჯეფერსონი (24+14 მოხსნა), ჰენდერსონი (22).

მაიამი-საკრამენტო 122:103
33:36, 34:25, 31:21, 24:21
მ: ბოში (25+8 მოხსნა), უეიდი (20), ლ. ჯეიმსი (18).
ს: კაზინსი (27), მაკლემორი (20).

ინდიანა-ჰიუსტონი 114:81
25:20, 31:25, 31:20, 27:16
ი: პ. ჯორჯი (24), ლ. სტივენსონი (16).
ჰ: ჰოვარდი (19+12 მოხსნა).

დალასი-ტორონტო 108:109
33:22, 19:27, 29:29, 20:23
დ: კალდერონი (23), ნოვიცკი (22), ელისი (21+11 პასი).
ტ: ლოური (20), ვალანჩუნასი (18+13 მოხსნა).

დენვერი-ფინიქსი 99:103
28:20, 34:28, 20:24, 17:31
დ: ჩენდლერი (15).
ფ: მარკფ მორისი (25), ჯერ. გრინი (19), გ. დრაგიჩი (17).

ლეიკერსი-მინესოტა 104:91
35:26, 16:27, 30:23, 23:15
ლ: ნ. იანგი (25), პ. გასოლი (21+13 მოხსნა+8 პასი), ჰენრი (21).
მ: ლავი (25+13 მოხსნა), პეკოვიჩი (22+13 მოხსნა).

კობის თვენახევარი
ექვსი მატჩი ჩაატარა რვათვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა კობი ბრაიანტმა და ისევ იძულებით დასვენება მოუწევს. "მემფისთან" მატჩში "ლეიკერსის" ლიდერმა მარცხენა მუხლის ერთ-ერთი ძვალი გაიტეხა და როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, დაახლოებით ექვსი კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

"კობისთვის ეს ნამდვილი უბედურებაა, რადგან ძალიან მონდომებით მუშაობდა იმისთვის, რომ მოედანზე დაბრუნებულიყო, - განაცხადა კალიფორიული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ’ენტონიმ. - ახლა, ქსავიე ჰენრის მოუწევს ბრაიანტის პოზიციაზე თამაში ჯოდი მიქსთან ერთად, რადგან ძალიან შეზღუდულები ვართ ტაქტიკურ ვარიანტებში".

მოედანზე დაბრუნების შემდეგ, ბრაიანტს ხშირად გამთამაშებლის პოზიციაზე უწევდა თამაში, რადგან "ლეიკერსს" ამ ამპლუის სამი მოთამაშე ჰყავს ტრავმირებული - სტივ ნეში, სტივ ბლეიკი და ჯორდან ფარმარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დენის როდმანი: მესამედ კორეაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული