NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გასული კვირის შედეგები

AutoSharing Option
კათოლიკური შობის გამო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დასვენების დღე იყო, ჩვენ კი, ტრადიციულად, რეგულარული ჩემპიონატის გასულ კვირას შევაჯამებთ.

კვირის გუნდი - "მაიამი ჰიტი"
"მაიამი" - ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, რომელმაც გასულ კვირას ყველა მატჩი მოიგო, მაგრამ "კლიპერსისა" და "ვაშინგტონისგან" განსხვავებით, ჩემპიონს უპირისპირდებოდა ორი გუნდი, რომელიც აუცილებლად ითამაშებს პლეი ოფში. ერთ-ერთია "ინდიანა" - რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი, რომელმაც "მაიამისთან" ფლორიდაში წააგო. გარდა ამისა, "ჰიტმა" მოუგო "საკრამენტოს" და "ატლანტას". ამასთან, მაიამელები უჩვენებდნენ ლიგაში საუკეთესო რეალიზაციას - სამ მატჩში მათ თამაშიდან ტყორცნების 53.4 პროცენტი
ჩააგდეს.

კვირის მოთამაშე - კევინ ლავი (მინესოტა)
მართალია, ლავის პერსონალურ წარმატებებს არ მოჰყვა "მინესოტას" გამარჯვებები, მაგრამ "მგლების" ფორვარდს მართლაც ფანტასტიკური კვირა ჰქონდა. სამ შეხვედრაში (ორში "ტიმბერვულვზმა" წააგო) ლავი საშუალოდ 33.0 ქულას, 15.7 მოხსნასა და 6.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. თან კევინმა თამაშიდან ტყორცნების 57.6 პროცენტი გამოიყენა, სამქულიანები კი 40 პროცენტის სიზუსტით ისროლა.

კვირის ახალბედა - ტრეი ბერკი (იუტა)
ყველა დებიუტანტს შორის, ტრეი ამ კვირას ყველაზე შედეგიანი და სტაბილური იყო. გამთამაშებელი დაეხმარა თავის გუნდს ოთხიდან ორი მატჩის მოგებაში. ბერკის ანგარიშზე 17.5 ქულა და 5.0 შედეგიანი პასი იყო, თან თამაშიდან 44.6 პროცენტი ჩააგდო და სამქულიანების 40 პროცენტი გამოიყენა.

კვირის მხარდაჭერა
"ნიუ იორკ ნიქსის" ცენტრმა ტაისონ ჩენდლერმა, "მილუოკისთან" ორ ოვერტაიმში რთული გამარჯვების შემდეგ, მხარდაჭერა გამოუცხადა ანდრეა ბარნიანის, რომლის სულელური საქციელის გამო მოუწიათ მეორე დამატებითი დროის თამაში. შეგახსენებთ, რომ იტალიელმა, იმის ნაცვლად, ბურთი დაეჭირა, თამაშის დამთავრებამდე 10 წამით ადრე სროლა გადაწყვიტა და ააცილა; არადა, იმ მომენტში მისი გუნდი იგებდა შეხვედრას. ამის შემდეგ "ბაქსმა" გაათანაბრა ანგარიში და მატჩი მეორე ოვერტაიმში გადავიდა.

"მე მას ვუთხარი, დიდად არ ენერვიულა ამ ეპიზოდის გამო. სწორედ ამისთვის არიან საჭირონი გუნდში მეგობრები. ჩვენ მოვიგეთ ის მატჩი და ყველა სირთულე დავივიწყეთ. მან მიიღო გაკვეთილი და ახლა სწორ დასკვნებს გააკეთებს"
, - აღნიშნა ჩენდლერმა.

კვირის მადლიერება
"ჰიუსტონთან" წაგებული მატჩის შემდეგ ანდრე დრამონდმა აღიარა, რომ შეხვედრის ბოლოს დუაიტ ჰოვარდთან მივიდა და მადლობა გადაუხადა მას ამ მატჩში მიღებული გაკვეთილისთვის. "სუპერმენმა" პირწმინდად დაჩაგრა "დეტროიტის" 20 წლის ცენტრი, როცა 35 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა.

"გულწრფელი მადლობა გადავუხადე მას. მადლიერი ვიყავი მისი იმ გაკვეთილისთვის, რომელიც მოედანზე მივიღე. კარიერაში პირველად ვთამაშობდი ჰოვარდის წინააღმდეგ. ეს უდიდესი გამოცდილება იქნება ჩემთვის"
, - აღიარა ცენტრმა, რომელსაც ამ სეზონში უკვე 20 ორმაგი დუბლი დაუგროვდა.

კვირის დატვირთვა
"სან ანტონიო სპურსის" მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ვერ იხსენებს, ბოლოს როდის ჰქონდა მის გუნდს სრულფასოვანი ვარჯიშები. რა თქმა უნდა, ლაპარაკია არა მატჩისწინა მოთელვაზე, არამედ სრულფასოვან მეცადინეობაზე. ასეთი რამ "სპურსის" ცხოვრებაში ბოლოს 19 ნოემბერს მოხდა.

"პირადად მე ვერ ვიხსენებ", - აღნიშნა პოპოვიჩმა. მართლაც, ტექსასელებს ბოლო დროს ისეთი რთული კალენდარი აქვთ, რომ "სან ანტონიოს" დამრიგებელს მოუწია შარშანდელი სვლების გამეორება, როცა იძულებული იყო, დასვენების საშუალება მიეცა გუნდის ვეტერანი ვარსკვლავებისთვის. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ტექსასელებმა ბოლო ვარჯიშის შემდეგ, 11 დღეში შვიდი მატჩი ჩაატარეს, 10-23 დეკემბრის პერიოდში კი - 9 მატჩი.

კვირის რჩევა
"მემფისთან" მატჩში კობი ბრაიანტმა ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც ლეგენდარულმა ჩარლზ ბარკლიმ რჩევა მისცა "შავ მამბას". სერ ჩარლზის აზრით, "ლეიკერსის" ლიდერი მიმდინარე სეზონის ბოლომდე არ უნდა გავიდეს მოედანზე. შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი ექვსი კვირით გამოვიდა მწყობრიდან.

"ბრაიანტი არ უნდა გავიდეს მოედანზე ამ სეზონში
", - მიაჩნია ბარკლის. ეს მხოლოდ მისი სუბიექტური აზრია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ბრაიანტის დაბრუნებამ კალიფორნიულ გრანდს დიდად ვერ უშველა.

კვირის ნაკრები
გამთამაშებელი: დამიენ ლილარდი (პორტლენდი), კემბა უოკერი (შარლოტი);
შემტევი მცველი: პოლ ჯორჯი (ინდიანა), დუეინ უეიდი (მაიამი);
მსუბუქი ფორვარდი: ლებრონ ჯეიმსი (მაიამი), კევინ დურანტი (ოკლაჰომა);
მძიმე ფორვარდი: კევინ ლავი (მინესოტა), ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი);
ცენტრი: დუაიტ ჰოვარდი (ჰიუსტონი), ნიკოლა პეკოვიჩი (მინესოტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული