NBA. რეგულარული ჩემპიონატი: შობა ახალი მაისურებით

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ცნობილია სიახლეებისადმი სიყვარულით. ლიგის ხელმძღვანელებმა წლევანდელ შობაზე გადაწყვიტეს, გამოეცადათ ახალი ფორმა - მაისურები მოტკეცილი მოკლე სახელოებით. ბევრმა სპორტსმენმა ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში არ მოიწონა ეს სიახლე, პირველ რიგში. ახლა, როცა საქმე უშუალოდ ექსპერიმენტის ჩატარებაზე მიდგა, კრიტიკა მხოლოდ გაძლიერდა.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერი სნაიპერის წარმატების რეცეპტი - სროლის ავტომატიზმამდე დაყვანაა და აქ ყველა მცირე დეტალი მნიშვნელოვანია, მათ შორის, სათამაშო ფორმა. და ბევრმა კარგმა მსროლელმა უკვე აღიარა, რომ მოკლე სახელო, შესაძლოა, ხელს არ უშლის ხელების მოძრაობას, მაგრამ
არსებობს უსიამოვნო შეგრძნებები.

სხვათა შორის, მაისურების გარდა, კალათბურთელები ზეიმისთვის ახალ სპორტულ ფეხსაცმელებში გამოეწყვნენ.

* * *
შობისთვის თამაშების განრიგის შედგენისას, პირველ რიგში, ფიქრობენ აუდიტორიის ინტერესზე და შემთხვევითი არ არის, რომ ცენტრალური მატჩი აღმოჩნდა "ლეიკერსისა" და "მაიამის" დაპირისპირება. ვინ იტყოდა უარს თანამედროვეობის ორი საუკეთესო კალათბურთელის - ლებრონ ჯეიმსისა და კობი ბრაიანტის დუელის ხილვაზე? რა თქმა უნდა, განრიგის შედგენისას კობის ტრავმა გათვალისწინებული არ იყო, თუმცა მათ შორის, ვინც ფული დახარჯა ბილეთების შესაძენად, უკმაყოფილო ბევრი არ იქნებოდა. მატჩი მართლაც საინტერესო გამოვიდა და ინტრიგა ბოლო მეოთხედის შუა ნაწილამდე შენარჩუნდა.

"ლეიკერსი" ბევრით არ ჩამოუვარდებოდა მოქმედ ჩემპიონს, მაგრამ ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა რამდენიმე ისეთი ეპიზოდი შემოგვთავაზეს, რომელიც აუცილებლად მოხვდება სეზონის საუკეთესო მომენტების ჰიტ-აღლუმში.

სხვათა შორის, "ჰიტმა" ზედიზედ მე-19 გამარჯვება მოიპოვა დასავლეთის გუნდებთან. "ბოსტონის" რეკორდამდე, რომელიც 1972-73 წლებში დაფიქსირდა, საპირისპირო კონფერენციის კიდევ ერთი გუნდის დამარცხებაა საჭირო.

* * *
ნამდვილად არ არის შესაშური ჯეისონ კიდის მდგომარეობა. საშობაო დღეებში მას ბევრი თავსატეხი აქვს. გარდა იმისა, რომ "ბრუკლინმა" უშანსოდ წააგო მორიგი შეხვედრა "ჩიკაგოსთან" (78:95) და ზედიზედ ოთხი მარცხი დაუგროვდა, მატჩის ბოლოს "ბარკლაი ცენტრის" ტრიბუნებიდან გაისმა შეძახილები: "გაუშვით კიდი". ასე გამოხატეს გულშემატკივრებმა თავიანთი აზრი "ბრუკლინის" კატასტროფული სეზონის გამო.

მატჩის შემდეგ კიდმა გუნდში დახურული კრება მოაწყო, სადაც, თუ ამერიკელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა კალათბურთელებს ბრძოლის ჟინის უქონლობის გამო.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გამოასწორებს "ნეტსი" შექმნილ სიტუაციას. ერთი წლის წინ გუნდის მფლობელმა მიხაილ პროხოროვმა გაანთავისუფლა ეივერი ჯონსონი მას შემდეგ, რაც "ნეტსს" 28 მატჩში 14 წაგება დაუგროვდა. კიდს ამავე პერიოდში ხუთით მეტი წაგება აქვს, არადა, შემადგენლობაში უფრო მეტი ვარსკვლავი ჰყავს. მიუხედავად ამისა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მის პოზიციებს ჯერ არაფერი ემუქრება. ასეთ სიტუაციაში უფრო რეალური ჩანს მოთამაშეთა გაცვლის სცენარი.

* * *
სპორტული თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო გამოვიდა შეხვედრა ოკლენდში, სადაც სათამაშოდ ჩავიდა "კლიპერსი". თამაშის ბედის გარკვევა მეოთხე მეოთხედის ბოლოში გადავიდა, ემოციებმა კი კრიტიკულ ზღვარს ჯერ კიდევ მესამე მეოთხედში მიაღწია, როცა მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო გააძევეს მასპინძლების ფორვარდი დრეიმონდ გრინი.

თუმცა იმ ეპიზოდში ასევე დაიმსახურა ტექნიკური პერსონალური ბლეიკ გრიფინმა. ამ დარღვევამ მას მეოთხე მეოთხედის შუაში შეახსენა თავი, როცა "უორიორზის" ცენტრ ენდრიუ ბოგუტს შეება და მეორე ტექნიკური პერსონალურის გამო დატოვა მოედანი.

შესაძლოა, გრიფინის ყოფნა მოედანზე "კლიპერსს" გამარჯვებაში დახმარებოდა, მაგრამ ტრიუმფატორი "გოლდენ სტეიტი" აღმოჩნდა. მატჩის ბედი გადაწყვიტა სირენამდე 69 წამით ადრე ჰარისონ ბარნსის ორმა ზუსტმა საჯარიმომ.

ამის შემდეგ გუნდები ერთი წუთის განმავლობაში არაზუსტ სროლებსა და შეცდომებს ცვლიდნენ. 3.9 წამით ადრე, როცა "გოლდენ სტეიტი" ორი ქულით იგებდა, ანდრე იგუოდალამ ორი საჯარიმოს შესრულების უფლება მიიღო, რითაც შეეძლო გარანტირებული მოგება მოეტანა თავისი გუნდისთვის, მაგრამ ორივე ააცილა და "კლიპერსს" თამაშის გადარჩენის შანსი მიეცა, რომელიც ჯამალ კროუფორდმა ბოლო წამზე აცილებული სამქულიანით გაუშვა ხელიდან.

ბრუკლინი-ჩიკაგო 78:95
23:21, 15:20, 20:36, 20:18
ბ: დ. უილიამსი (18), ტელეტოვიჩი (17).
ჩ: გიბსონი (20), ბატლერი (15).

ნიუ იორკი-ოკლაჰომა 94:123
29:35, 17:25, 21:27, 27:36
ნ-ი: სტაუდმაიერი (22), ჰარდუეი (21), სმიტი (20).
ო: დურანტი (29), იბაკა (24), რ. ჯექსონი (18), უესტბრუკი (14+13 მოხსნა+10 პასი).

ლეიკერსი-მაიამი 95:101
27:21, 19:30, 28:25, 21:25
ლ: ნ. იანგი (20), მიქსი (17), გასოლი (13+13 მოხსნა).
მ: ბოში (23+11 მოხსნა), უეიდი (23), ჯეიმსი (19).

სან ანტონიო-ჰიუსტონი 98:111
25:40, 26:20, 24:23, 23:28
ს-ა: ჯინობილი (22).
ჰ: ჰარდენი (28), ტ. ჯონსი (21+14 მოხსნა), პარსონსი (21), ჰოვარდი (15+20 მოხსნა).

გ. სტეიტი-კლიპერსი 105:103
22:20, 29:23, 24:25, 30:25
გ-ს: დ. ლი (23+13 მოხსნა), კ. ტომპსონი (23), სტივ. კარი (15+11 პასი), ბოგუტი (10+14 მოხსნა).
კ: პოლი (26+11 პასი), გრიფინი (20+14 მოხსნა), ჯამ. კროუფორდი (19), დ. ჯორდანი (13+13 მოხსნა).

კობი სეზონს არ გამოტოვებს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან შეიძლება გამოტოვოს სეზონის დარჩენილი ნაწილი მარცხენა ფეხის მოტეხილობის გამო.

"ჩემთვის სასაცილოა ასეთი კომენტარები. ისინი მეხმარებიან აღდგენით პროცესში. ცხადია, რომ არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ამ ტრავმას უნდა შევხედოთ იმ მხრივ, რომ ფეხი მორჩება და უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ადრე. გამიმართლა, რომ ეს არ იყო მენისკი და რაიმე სხვა. ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია, ველოდო, როდის შეხორცდება ფეხი"
, - ამბობს ბრაიანტი Yahoo! Sports-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული