NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დასავლური უცნაურობანი

AutoSharing Option
დიდი სათამაშო დღე შედგა გუშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში და საქმეში ვიხილეთ დასავლეთი კონფერენციის სამივე ლიდერი.

წააგეს თავიანთი მატჩები "ოკლაჰომამ" და "პორტლენდმა", მიუხედავად იმისა, რომ მათმა მთავარმა ვარსკვლავებმა სეზონის სნაიპერული რეკორდები დაამყარეს: კევინ დურანტმა 48 ქულა დააგროვა (ასეთივე მონაგარი ჰქონდა მას ამასწინ, "მინესოტასთან" მოგებულ მატჩში), დამიენ ლილარდმა - 41 ქულა. ამ უკანასკნელისთვის "საკრამენტოსთან" წაგება განსაკუთრებით დასანანი იქნებოდა, რადგან დაუჯერებლად შედეგიან მეოთხე მეოთხედში (46:43 სტუმრების სასარგებლოდ), ლილარდმა 26 ქულა დააგროვა და პირადად შეამცირა თავისი გუნდის 18-ქულიანი ჩამორჩენა 2 ქულამდე. სათამაშო რჩებოდა კიდევ
16 წამი, და სწორედ ლილარდმა ააცილა ბოლოს ორი სამქულიანი.

რაც შეეხება დურანტს, რომელსაც ვერ ეხმარებოდნენ ტრავმირებული რასელ უესტბრუკი და სერჟ იბაკა, მან პირადი დუელი წააგო "იუტას" სნაიპერთან გორდონ ჰეივორდთან, რომელმაც 37 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა და ამას 11 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი დაუმატა. თავისი 23 წლის ლიდერის წყალობით, "ჯაზმენებმა" შინ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს, თან შეწყვიტეს "ოკლაჰომას" რვამატჩიანი მოგებათა სერია.

ახლა, "თანდერი" აღარ არის დასავლეთი კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერი, რადგან მას გაუთანაბრდა "სან ანტონიო". "სპურსს" უცნაური მატჩი ჰქონდა მემფისში ადგილობრივ "გრიზლისთან". სტუმრები მთელი შეხვედრა დომინირებდნენ და სირენამდე ხუთი წუთით ადრე, 16 ქულით იყვნენ წინ. და დარჩენილ დროში მოახერხეს ამ ჩამორჩენის განიავება და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. "სპურსის" სირთულეების მიზეზი, სავარაუდოდ, მისი ვეტერანი მცველების - ტონი პარკერისა და მანუ ჯინობილის სუსტი თამაში იყო. მათ ერთად 19 ქულა დააგროვეს, მაგრამ სწორედ ჯინობილის ზუსტმა ტყორცნამ მოუტანა "სპურსს" გამარჯვება ოვერტაიმის დასრულებამდე 1.8 წამით ადრე. მატჩის გმირი კი გახდა "სან ანტონიოს" სუპერვეტერანი ტიმ დანკანი, რომელმაც 24 ქულასა და 17 მოხსნას მოუყარა თავი - ორივე მაჩვენებელი სეზონის რეკორდია ტექსასელთა ლეგენდისთვის.

ახლა, "ოკლაჰომას", "სან ანტონიოსა" და "პორტლენდს" წაგებების ერთნაირი რაოდენობა აქვთ, მაგრამ "სპურსი" და "თანდერი" ერთი მოგებით უსწრებენ "ბლეიზერსს".

იუტა-ოკლაჰომა 112:101
30:28. 29:19, 31:27, 22:27
ი: ჰეივორდი (37+11 მოხსნა), ფეივორსი (15).
ო: დურანტი (48), რ. ჯექსონი (20).

საკრამენტო-პორტლენდი 123:119
24:35, 31:25, 25:13, 43:46
ს: კაზინსი (35+13 მოხსნა), გეი (32), ა. ტომასი (22).
პ: ლილარდი (41), ოლდრიჯი (24), რ. ლოპესი (18), ბატუმი (11+11 მოხსნა).

მემფისი-სან ანტონიო 108:110 (ო)
22:25, 19:28, 23:21, 34:24, 10:12
მ: კონლი (30), რენდოლფი (17).
ს-ა: დანკანი (24+17 მოხსნა), ბელინელი (19), ლეონარდი (17).

10 სამქულიანი? ეს შესაძლებელია!
გუშინ ჩატარებული სხვა მატჩებიდან უნდა აღვნიშნოთ სი ჯეი მაილზის სტატისტიკური მიღწევა. "კლივლენდისა" და "ფილადელფიას" შეხვედრაში (111:93), მასპინძლების მცველმა 10 სამულიანი ჩააგდო, რაც "კავალიერზის" ახალი საკლუბო რეკორდია.

"კლივლენდის" რიგებში სამმატჩიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა კაირი ირვინგი, რაც შეეხება "ჩიკაგოდან" გადაბირებულ ლუოლ დენგს, ის ჯერ კლივლენდში არ ჩასულა. ახალ კლუბში მისი დებიუტი 10 იანვარს იგეგმება, როცა "კავალერები" სტუმრად შეეცდებიან "იუტას" დამარცხებას.

სხვათა შორის, დენგის გარეშე დარჩენილმა "ჩიკაგომ" კი ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, თანაც საკმაოდ მრისხანე "ფინიქსის" წინააღმდეგ.

* * *
რა ხდება ამასობაში, აღმოსავლეთის ლიდერთა შორის. "ინდიანას", პერიოდულად, პრობლემები აქვს შეტევაში, მაგრამ დაცვაში არანორმალური სტაბილურობის წყალობით, ფრენკ ფოგელის შეგირდები მაინც აგროვებენ გამარჯვებებს. "ტორონტოსთან" მატჩში, "პეისერსი" თანდათან ზრდიდა უპირატესობას პირველ ტაიმში, რის შემდეგაც გაქცევა ჰქონდა მესამე მეოთხედში და ამან სხვაობა 15 ქულამდე გაზარდა.

ცდილობს არ ჩამორჩეს "პეისერსს" მოქმედი ჩემპიონი "მაიამი". "ნიუ ორლეანთან" მატჩის პირველ ტაიმში ფლორიდელებს გარკვეული სირთულეები შეექმნათ, მაგრამ მეორე ნახევარში ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი (მესამე მეოთხედში ლებრონის ანგარიშზე 16 ქულა იყო). შედეგად, "დიდმა ტრიომ" ჯამში 66 ქულა დააგროვა, "მაიამიმ" კი შინ მე-16 გამარჯვება გაიფორმა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ "ჰიტმა" კვლავ სასტარტო ხუთეულის ორი ტრავმირებული მოთამაშის - მარიო ჩელმერსისა და შეინ ბატიეს გარეშე ითამაშა.

* * *
აგრძელებს ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას "გოლდენ სტეიტი", რომელმაც გუშინ ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა. მარკ ჯექსონის შეგირდებმა "გადაუარეს" უკვე საბოლოოდ ჩაძირულ "მილუოკის". ამჯერად, სროლა არ წაუვიდა "უორიორზის" ლიდერ სტივენ კარის, მაგრამ მის ნაცვლად ეს ხარვეზი მისმა პარტნიორებმა შეავსეს, რასაც ფარქვეშ დომინირებაც დაემატა და ვიხილეთ "მილუოკის" მორიგი განადგურება მიმდინარე რეგულარულში.

პირველად ამ სეზონში, "ნიუ იორკმა" ოთხი მატჩიდან სამში გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭირო გახდა კარმელო ენტონის მონდომება. "ნიქსის" ლიდერმაც შესანიშნავი სოლო შემოგვთავაზა, თუმცა "დეტროიტს" მაინც ჰქონდა საბოლოო წარმატების შანსი. მეოთხე მეოთხედი "ნიქსის" 15-ქულიანი უპირატესობით იწყებოდა, რომელიც მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ მეტის მიღწევა "პისტონზმა" ვეღარ მოასწრო.

"სპურსის" მსგავსად, ასევე მოიგო გუშინ კიდევ ერთმა ტექსასურმა გუნდმა. "დალასი", ძირითადად ნოვიცკის, ელისისა და კარტერის ტრიოს წყალობით, დამაჯერებლად გაუსწორდა დასუსტებულ "ლეიკერსს". რიკ კარლაილის გუნდი განსაკუთრებით კარგი სამწამიან ზონაში იყო, გარდა ამისა, 17 ჩაჭრა დააგროვა. "ლეიკერსის" რიგებში კი კვლავ კარგად ითამაშა კენდალ მარშალმა, რომელსაც 18 ქულა და ექვსი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

შარლოტი-ვაშინგტონი 83:97
21:24, 18:19, 16:23, 28:31
შ: ჰენდერსონი (27).
ვ: ბილი (21), გორტატი (18+13 მოხსნა), უოლი (17).

კლივლენდი-ფილადელფია 111:93
36:20, 28:21, 27:25, 20:27
კ: მაილზი (34), ვარეჟაო (18+14 მოხსნა), ირვინგი (16), ტ. ტომპსონი (12+10 მოხსნა).
ფ: კარტერ-უილიამსი (33), ჯ. ანდერსონი (15).

ინდიანა-ტორონტო 86:79
22:15, 22:21, 27:22, 15:21
ი: ჰიბერტი (22), სტივენსონი (13+10 მოხსნა).
ტ: დეროზანი (28), სალმონსი (20), ლოური (16).

მილუოკი-გ. სტეიტი 80:101
30:28, 18:22, 20:29, 12:22
მ: ილიასოვა (20), ნაითი (18).
გ-ს: დ. ლი (22+18 მოხსნა), კ. ტომპსონი (15), კარი (15).

მაიამი-ნ. ორლეანი 107:88
25:24, 18:25, 32:21, 32:18
მ: ჯეიმსი (32), უეიდი (22), ანდერსენი (15).
ნ-ო: ე. დევისი (22+12 მოხსნა), ე. გორდონი (15).

ნიუ იორკი-დეტროიტი 89:85
24:21, 17:20, 32:17, 16:27
ნ-ი: ენტონი (34), ბარნიანი (13+11 მოხსნა).
დ: ჯოშ სმიტი (21+12 მოხსნა), მონრო (19), დრამონდი (12+17 მოხსნა).

ჩიკაგო-ფინიქსი 92:87
27:25, 22:21, 21:17, 22:24
ჩ: გიბსონი (19+10 მოხსნა), ნოა (14+16 მოხსნა).
ფ: დრაგიჩი (21), ჯერ. გრინი (15).

დალასი-ლეიკერსი 110:97
33:31, 27:22, 25:24, 25:20
დ: ნოვიცკი (27), კარტერი (19), ელისი (16), ბლეირი (15).
დ: მიქსი (24), მარშალი (18), უ. ჯონსონი (17), პ. გასოლი (15+13 მოხსნა).

დენვერი-ბოსტონი 129:98
31:23, 37:22, 35:33, 26:20
დ: ფოიე (23), ფარიდი (21+13 მოხსნა), ლოუსონი (19+13 პასი), ჰიქსონი (17).
ბ: ჯეფ გრინი (17), ბასი (15).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული