NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კევინ ლავი ვეღარ ქაჩავს

AutoSharing Option
"კლივლენდი" არ მიიჩნეოდა "საკრამენტოსთან" მატჩში აშკარა ფავორიტად, მაგრამ იმასაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაიკ ბრაუნის შეგირდები ასე განადგურდებოდნენ "მეფეების" წინააღმდეგ.

მით უმეტეს, რომ პირველი ტაიმის სირენასთან ერთად, სი ჯეი მაილზის მიერ ცენტრიდან ჩაგდებული ბურთით "კავალერებმა" პირველი ნახევარი ორი ქულით მოიგეს. პრაქტიკულად, შეხვედრის ბედი მესამე მეოთხედის შუა ნაწილში გადაწყდა, როცა მაიკ მელოუნის გუნდმა 16:0 სპურტი მოაწყო და სტუმრებმაც საბოლოოდ ჩამოუშვეს ხელები. კალიფორნიელებმა კი ტემპი არ დააგდეს და 44 ქულით მოიგეს, რაც მიმდინარე რეგულარულში სარეკორდო სხვაობაა.

მატჩის ანტიგმირი აღმოჩნდა "კლივლენდის" ლიდერი კაირი ირვინგი,
რომელმაც 14-დან 11 ბურთი ააცილა და აგრეთვე, თავი ვერ გაართვა აიზია ტომასის მეურვეობას. ამ უკანასკნელმა 26 ქულა ჩაიწერა აქტივში. ამასობაში კი "კინგზის" მოგებათა სერიამ სამ მატჩს მიაღწია. ასეთი შედეგი კალიფორნიის დედაქალაქის გუნდს 2012 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჰქონია.

* * *
საკადრო პრობლემები არ ელევა "ატლანტას". ელ ჰორფორდის სეზონის ბოლომდე დაკარგვის შემდეგ, ახლა "ჰოქსს" პერო ანტიჩიც გამოაკლდა, რითაც "მემფისთან" გასვლით მატჩში უშანსოდ ჩანდა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს, მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე 13-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოგებისთვის. დასკვნით 12-წუთეულში ბრწყინვალედ ითამაშა მაიკ კონლიმ, რომელმაც დროის ამ მონაკვეთში 8 ქულა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.

* * *
ნიკოლა პეკოვიჩის გარდა, "მინესოტას" სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა ჩააგდო "სან ანტონიოსთან" შეხვედრა. რიკი რუბიომ, კევინ მარტინმა, კორი ბრიუერმა და კევინ ლავმა 39-დან მხოლოდ 9 ბურთი მოათავსეს კალათში. ჩერნოგორიელმა ცენტრმა 22 ქულა დააგროვა და მინი-დუელი მოუგო ტიმ დანკანს, მაგრამ სათანადო დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო შარშანდელი ფინალისტის დამარცხება.

განსაკუთრებით უცნაურია კევინ ლავის ცუდი თამაში. ვარსკვლავურმა მძიმე ფორვარდმა ძალიან მოუკლო, ბოლო სამ მატჩში ვერც ერთხელ ვერ დააგროვა 20 ქულა და 44 ცდიდან მხოლოდ 13 ბურთი ჩააგდო.

"სან ანტონიომ" კი არ შეიმჩნია მანუ ჯინობილისა და ტიაგო სპლიტერის არყოფნა და შესანიშნავი გუნდური თამაში შემოგვთავაზა. ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა, რეზერვისტებმა - ბონერმა და მილზმა კი თითქმის უშეცდომოდ ისროლეს სამქულიანები (სულ "სპურსმა" 13-დან 9 შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში).

მემფისი-ატლანტა 108:101
21:18, 27:23, 29:31, 31:29
მ: კონლი (21+13 პასი), რენდოლფი (18+12 მოხსნა), ლი (15), მილერი (15), კუფოსი (11), პრინსი (11).
ა: მილსეპი (21), ტიგი (20), კეროლი (15), სკოტი (15).

საკრამენტო-კლივლენდი 124:80
30:32, 29:18, 30:11, 35:19
ს: ტომასი (26), გეი (20), კაზინსი (16+11 მოხსნა), ფრედეტი (13), უილიამსი (13), ტომპსონი (8+16 მოხსნა).
კ: მაილზი (14), დენგი (12), კლარკი (11), ვარეჟაო (10).

სან ანტონიო-მინესოტა 104:86
28:21, 24:28, 29:22, 23:15
ს-ა: ლეონარდი (17), დანკანი (15), პარკერი (14+10 პასი), ბონერი (14), ბელინელი (13), მილსი (10).
მ: პეკოვიჩი (22), ლავი (14), შვედი (11).

"ჩიკაგო" ჟოაკიმ ნოასაც უშვებს?
როგორც ჩანს, "ჩიკაგო ბულზი" ახალი გუნდის მშენებლობას იწყებს. "ხარების" გულშემატკივრები უკვე შეეგუენ ლუოლ დენგის "კლივლენდში" გაშვებას და ახლა ჰორიზონტზე გამოჩნდა ახალი უსიამოვნო ისტორია. სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის, კლუბმა მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების გაშვება დაიწყო. ახლა ჯერი ჟოაკიმ ნოაზეა.

ფრანგი ძალიან განაწყენებული იყო თავისი უახლოესი მეგობრის - დენგის გაცვლით, მაგრამ ამჯერად თავისი ბედით იქნება შეწუხებული (ან პირიქით, გახარებული). ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, სად გაუშვებენ მას.

"კლივლენდში" გადასვლა თითქმის შეუძლებელია, რადგან ნოამ არაერთხელ დასცინა ამ ქალაქს და იქ ფრანგი არ უყვართ. სამაგიეროდ, როგორც ამერიკული პრესა წერს, "ფინიქსი" მზად არის, ქარიზმატული ცენტრისთვის კარგი კომპენსაცია გაიღოს. თუმცა ბოლომდე გასაგები არ არის, რაში სჭირდება "სანზს" ასეთი ტრეიდი, როცა გუნდმა ახალგაზრდა მოთამაშეებისგან ახალი გუნდი ააშენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული