NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამი" წაგებებს აგროვებს

AutoSharing Option
სათამაშო დღის გმირის სტატუსზე პრეტენზიას აცხადებდა "კლივლენდი". "კავალერების" წინააღმდეგ "დალასი" სრულად აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას და 23-ქულიან უპირატესობას მიაღწია, მაგრამ მეორე ნახევარში ირვინგის, დენგისა და ვარეჟაოს მონდომებით, "კლივლენდი" თამაშში დაბრუნდა და სირენამდე 2.3 წამით ადრე სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა.

მასპინძლებმა ტაიმ-აუტი აიღეს და მწვრთნელისგან ბოლო დავალება მიიღეს - სამქულიანის სასროლად უნდა გაეყვანათ ირვინგი, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჯარეტ ჯეკმა ხუთ წამში ვერ მოასწრო გვერდითი ხაზიდან ბურთის შემოტანა და ყველაფერი წყალში ჩაიყარა.

* * *
შესაძლოა, "დეტროიტ პისტონზს" ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის
ხაზი ჰყავს ლიგაში, მაგრამ ეს პრობლემა არ ყოფილა "კლიპერსისთვის". დეტროიტელებმა კარგი გაკვეთილი მიიღეს, თუ როგორ არ უნდა ითამაშო მთლიანად დაცვაში და კერძოდ, საკუთარ სამწამიანში. დეანდრე ჯორდანმა (16 ქულა და 21 მოხსნა) და ბლეიკ გრიფინმა (25 ქულა) ჯამში 12-ჯერ ჩატენეს კალათში ბურთი. არადა, მათ წინააღმდეგ გრეგ მონრო და ანდრე დრამონდი მოქმედებდნენ.

* * *
ხუთმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ "ნიუ იორკი" ისევ კრიზისშია. ამ გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო, თანაც საკუთარ "მედისონ სკვერ გარდენში" თანაქალაქელი "ბრუკლინის" წინააღმდეგ. ამჯერად, "ნიუ იორკი" დააღალატა გამთამაშებლების საშინელმა ფორმამ: რეიმონდ ფელტონმა 11-დან 9 სროლა ააცილა, მან და პაბლო პრიჯიონიმ კი ერთად ექვსი შეცდომა დაუშვეს.

"ნეტსი" კი, თავის მხრივ, თითქმის უშეცდომოდ თამაშობდა. ჯო ჯონსონმა უკვე პირველ ტაიმში დააგროვა 20 ქულა. გუნდს დაუბრუნდა დერონ უილიამსი, რომელმაც სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო მატჩი და 13 ქულით დაეხმარა თავის გუნდს. სხვათა შორის, ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო პლეიმეიკერმა საკუთარი ინიციატივით თქვა უარი სასტარტოში ადგილზე, რათა არ დაერღვია წარმატებული სათამაშო სქემა: "ბრუკლინმა" ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო, როცა სასტარტოში იყვნენ ჯონსონი, პირსი, გარნეტი, ლივინგსტონი და ანდერსონი.

* * *
გრძელდება მოქმედი ჩემპიონის, "მაიამი ჰიტის" პრობლემები. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ ბოლო ექვს მატჩში მეოთხედ წააგე, ამჯერად, ატლანტაში. ფლორიდელებმა, პირველ რიგში, დაცვაში თამაში ჩააგდეს - პირველ ნახევარში 71 ქულა გაუშვეს, სულ მატჩში კი 121. ყველაზე დიდი პრობლემა "ჰიტს" პოლ მილსეპმა (26 ქულა) შეუქმნა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ "ატლანტამ" შეწყვიტა "მაიამისთან" ცხრამატჩიანი წაგებათა სერია.

* * *
ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ჰიუსტონში გაიმართა, სადაც "როკეტსი" "პორტლენდს" მასპინძლობდა. წინა მატჩში "ჰიუსტონმა" პირველ ტაიმში 70 ქულა დააგროვა, მაგრამ მეორეში საკლუბო ანტირეკორდი განაახლა, როცა "საცოდავ" 19 ქულას მოუყარა თავი. "პორტლენდთან" მატჩში "რაკეტებს" ასეთი შეცდომა არ დაუშვიათ, თუმცა მესამე მეოთხედში მეტოქეს საშუალება მისცეს, 18-დან ექვს ქულამდე შეემცირებინა ჩამორჩენა. "ბლეიზერსს" მეტის გაკეთების საშუალება არ ჰქონია, რადგან მის ყოველ მონდომებას "ჰიუსტონი" შესაბამის პასუხს ახვედრებდა. საბოლოოდ, "როკეტსმა" ეფექტურ სტილში შეწყვიტა "პორტლენდის" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია.

* * *
"ინდიანას" ლიდერ პოლ ჯორჯს გასული სეზონიდან არც ისე კარგი მოგონებები დარჩა "გოლდენ სტეიტთან" მატჩის გამო, რადგან ფორვარდმა ვერც ერთი ქულის დაგროვება ვერ შეძლო. სამაგიეროდ, 21 იანვარს სრული რეაბილიტაცია მოახერხა ამ ჩავარდნის გამო, როცა "მეომრებს" 23 ქულა ჩაუგდო და საკუთარ გუნდს ზედიზედ მეხუთე მატჩი მოაგებინა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი პირველივე მეოთხედში გაიქცა და 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ "უორიორზმა", სტივენ კარისა და დევიდ ლის მონდომებით, მეოთხე მეოთხედში მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მასპინძლებს მეტიც შეეძლოთ, სირენამდე რამდენიმე წამით ადრე სტივენ კარს რომ ჩაეგდო სამქულიანი.

კლივლენდი-დალასი 97:102
23:30, 14:29, 29:20, 31:23
კ: ირვინგი (26), დენგი (20), ტ. ტომპსონი (19+10 მოხსნა), ვარეჟაო (18+21 მოხსნა).
დ: მ. ელისი (22), მერიონი (18), ნოვიცკი (17+10 მოხსნა).

დეტროიტი-კლიპერსი 103:112
28:26, 25:38, 25:30, 18:25
დ: სტაკი (29), ჯოშ სმიტი (24).
კ: ჯამ. კროუფორდი (26), გრიფინი (25), რედიკი (20).

შარლოტი-ტორონტო 100:95

26:11, 29:25, 23:24, 22:35
შ: სეშენსი (23), ე. ჯეფერსონი (22+19 მოხსნა), ჰენდერსონი (16).
ტ: დეროზანი (25), ლოური (21), ვასკესი (15), ნოვაკი (12+13 მოხსნა).

ვაშინგტონი-ფილადელფია 107:99
29:23, 32:28, 25:22, 21:26
ვ: ბილი (22), გორტატი (19+11 მოხსნა), სერაფინი (16).
ფ: კარტერ-უილიამსი (31), ტ. იანგი (18), ჰოიესი (11+16 მოხსნა).

ნიუ იორკი-ბრუკლინი 80:103
16:27, 22:25, 17:19, 25:32
ნ-ი: ენტონი (26+12 მოხსნა), ჯ-ა. სმიტი (15).
ბ: ჯო ჯონსონი (25), ბლეტჩი (19+12 მოხსნა), ა. ანდერსონი (15).

მემფისი-ნ. ორლეანი 92:95
20:25, 20:16, 29:27, 23:27
მ: რენდოლფი (23+20 მოხსნა), კ. ლი (19).
ნ-ო: ენტ. დევისი (27+10 მოხსნა), ტ. ევანსი (15).

ატლანტა-მაიამი 121:114
34:31, 37:39, 26:22, 24:22
ა: მილსეპი (26), კეროლი (19), ანტიჩი (17).
მ: ლ. ჯეიმსი (30), ბოში (21), ჩელმერსი (17).

ჩიკაგო-ლეიკერსი 102:100
31:26, 18:26, 20:20, 24:21
ჩ: ოგასტინი (27), ნოა (17+21 მოხსნა), ბატლერი (13+11 მოხსნა).
ლ: ნ. იანგი (30), პ. გასოლი (20+19 მოხსნა), მიქსი (16).

ჰიუსტონი-პორტლენდი 126:113
37:28, 34:28, 35:35, 20:22
ჰ: პარსონსი (31+10 მოხსნა), ჰოვარდი (24+12 მოხსნა), ჰარდენი (22), ბევერლი (17), კასპი (15).
პ: ოლდრიჯი (27+20 მოხსნა), ლილარდი (24), მეტიუზი (18).

გ. სტეიტი-ინდიანა 94:102
21:35, 19:18, 29:24, 25:25
გ-ს: კარი (24), დ. ლი (20+12 მოხსნა), კ. ტომპსონი (17), ბოგუტი (10+13 მოხსნა).
ი: ჯორჯი (23), უესტი (17), ჯორჯ ჰილი (15), ჰიბერტი (14+13 მოხსნა), სტივენსონი (14+10 მოხსნა+7 პასი).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ინდიანა 40 33 7 82.5
2. მაიამი 41 29 12 70.7
3. ატლანტა 40 21 19 52.5
4. ტორონტო 40 20 20 50.0
5. ვაშინგტონი 40 20 20 50.0
6. ჩიკაგო 40 20 20 50.0
7. ბრუკლინი 39 17 22 43.6
8. შარლოტი 43 18 25 41.9
9. დეტროიტი 41 17 24 41.5
10. კლივლენდი 41 15 26 36.6
11. ნიუ იორკი 41 15 26 36.6
12. ბოსტონი 42 14 28 33.3
13. ფილადელფია 41 13 28 31.7
14. ორლანდო 41 11 30 26.8
15. მილუოკი 40 7 33 17.5

დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო 41 32 9 78.0
2. პორტლენდი 41 31 10 75.6
3. ოკლაჰომა 41 31 10 75.6
4. კლიპერსი 43 29 14 67.4
5. ჰიუსტონი 43 28 15 65.1
6. გ. სტეიტი 43 26 17 60.5
7. დალასი 43 25 18 58.1
8. ფინიქსი 40 23 17 57.5
9. მემფისი 40 20 20 50.0
10. დენვერი 40 20 20 50.0
11. მინესოტა 40 19 21 47.5
12. ნიუ ორლეანი 40 16 24 40.0
13. ლეიკერსი 42 16 26 38.1
14. საკრამენტო 39 14 25 35.9
15. იუტა 42 14 28 33.3

კვირის საუკეთესოები
“ინდიანა პეისერსისა” და "ოკლაჰომა სიტის" ფორვარდები - პოლ ჯორჯი და კევინ დურანტი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი ჯორჯი თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ამ შეხვედრებში საშუალოდ 30.7 ქულას (საუკეთესო შედეგი კონფერენციაში) აგროვებდა. პოლმა ორ შეხვედრაში მინიმუმ 30 ქულა დააგროვა და ამ მატჩებში "ინდიანამ" მეტოქეები მინიმუმ 20 ქულის სხვაობით დაამარცხა.

ოლდრიჯის კარგი თამაშის წყალობით, “ოკლაჰომამ” გასულ კვირას ოთხიდან სამი მატჩი მოიგო. ამ შეხვედრებში მისი მონაგარი იყო - 39.3 ქულა (საუკეთესო შედეგი ლიგაში), 4.8 მოხსნა და 6.5 პასი. დურანტმა "გოლდენ სტეიტთან" მატჩში 54 ქულა დააგროვა და კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა. ოკლაჰომელი ვარსკვლავი ზედიზედ შვიდი მატჩია მინიმუმ 30 ქულას აგროვებს და ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 30.6 ქულით.

ჯორჯის კვირა
14 იანვარი. ინდიანა-საკრამენტო 116:92. 31 ქულა.
16 იანვარი. ინდიანა-ნიუ იორკი 117:89. 25 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი.
18 იანვარი. ინდიანა-კლიპერსი 106:92. 36 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა.

დურანტის კვირა
14 იანვარი. მემფისი-ოკლაჰომა 90:87. 37 ქულა.
16 იანვარი. ჰიუსტონი-ოკლაჰომა 92:104. 36 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი.
17 იანვარი. ოკლაჰომა-გოლდენ სტეიტი 127:121. 54 ქულა.
19 იანვარი. ოკლაჰომა-საკრამენტო 108:93. 30 ქულა, 6 მოხსნა, 9 პასი, 4 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: ელ ჯეფერსონი ("შარლოტი"), ლუოლ დენგი ("კლივლენდი"), ტერენს ჯონსი ("ჰიუსტონი"), ლენს სტივენსონი ("ინდიანა"), მაიკ კონლი (“მემფისი”), ლებრონ ჯეიმსი (“მაიამი”), კრის ბოში (“მაიამი”), ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”) და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").

კობის რიოში ვერ ვნახავთ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა გამოაცხადა, რომ არ აპირებს 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრებში თამაშს.

ბრაიანტმა "დრიმ თიმის" შემადგენლობაში ორჯერ მოიგო ზაფხულის თამაშები - 2008 და 2012 წლებში. ორივეჯერ აშშ-ის ნაკრებმა ფინალში ესპანეთი დაამარცხა, რომელშიც თამაშობდა კობის პარტნიორი "ლეიკერსში" პაუ გასოლი.

"რიოში მხოლოდ მაყურებლის სტატუსით გავემგზავრები. შესაძლოა, იქ ვნახო, როგორ მოიგებს მორიგ ვერცხლს პაუ გასოლი"
, - აცხადებს კობი.

დირკი - მინიმუმ ორი წელი
ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს "დალას მავერიქსთან". ხელშეკრულება ორი ან სამწლიანი იქნება.

"ზამთარში თავისუფალი აგენტი გავხდები და სავარაუდოდ, კონტრაქტს ორი ან სამი წლით გავახანგრძლივებ. იქამდე ვითამაშებ, სანამ ამის საშუალებას მომცემს ორგანიზმი და თავად არ მომბეზრდება მოედანზე გასვლა. როცა მომავალი კონტრაქტის ვადა ამოიწურება, 38 ან 39 წლის ვიქნები და, ალბათ, მაშინ გავჩერდები",
- ამბობს ნოვიცკი გერმანული პრესისთვის მიცემულ კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული