ჩარლზ ბარკლი: დღევანდელ გუნდებს იატაკზე გავაკრავდით

AutoSharing Option
ლეგენდარულ ჩარლზ ბარკლის ყოველთვის შეეძლო შოუს შექმნა. მოედანზე ის მიჩნეული იყო ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მძიმე ფორვარდად. მოგვიანებით, ტელევიზიაში მოიპოვა აღიარება:

ანალიტიკური პროგრამა Inside the NBA, რომლის წამყვანები ბარკლისთან ერთად კენი სმიტი, ერნი ჯონსონი და შაკილ ო'ნილი არიან, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ბოლოს და ბოლოს, ბარკლის ჩვეულებრივი ინტერვიუებიც ძალიან სახალისო წასაკითხია.

- Inside the NBA-ს კულისებს მიღმა ატმოსფერო ისეთივე პოზიტიურია, როგორც ეს სატელევიზიო სურათიდან ჩანს?
- მეტსაც გეტყვით: როცა კამერები გამორთულია, ყველაფერი გაცილებით მხიარულადაა! ხშირად ვეუბნები ადამიანებს: მზად ვარ, ნახევარი ცხოვრება
მივცე იმისთვის, რომ ყველამ ნახოს ის ეპიზოდები, რომლებიც ეთერში ვერ ხვდება. მაგრამ ვშიშობ, ამის შემდეგ ჩვენ ყველას დაგვაპატიმრებენ. გასულ წელს შაკი თითოეულს ფეხს გვიდებდა. ერთხელ ვცადე პასუხის გაცემა, მაგრამ მისი დიდი უკანალი ვერ დავძარი.

- გეთანმებით, ო'ნილი გამხდარი არ არის...
- შაკი - ერთადერთი კალათბურთელია, რომლის წინააღმდეგ თამაშისას ვაღიარებდი, რომ ის მართლაც უდიდესი იყო. პროფესიულ კარიერაში ბოლო სეზონის წინ კევინ მაკჰეილმა რობერტ პერიშთან უთხრა: "ხედავ იმ ბიჭს? მე მგონი, ჩვენი პენსიაში გასვლის დრო მოვიდა". რაც შეეხება მის ადამიანურ თვისებებს, აქ ო'ნილს ბადალი არ ჰყავს. ის დიადია.

- როგორ ფიქრობთ, რას მიაღწევდნენ ის გუნდები თანამედროვე NBA-ში, რომლებშიც თქვენ 80-90-იან წლებში თამაშობდით?
- იატაკზე გავაკრავდით დღევანდელ მეტოქეებს. ისინი გოგონათა სკოლის გუნდს მოგვაგონებენ. დაფიქრდით: NBA-ს მოქმედი ჩემპიონი "მაიამი" როი ჰიბერტს აძლევს საშუალებას, ისევე გამოიყურებოდეს მოედანზე, როგორც ქარიმ აბდულ-ჯაბარი.

- დღეს, როცა ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი და კრის ბოში ერთად თამაშობენ და ყველაფერს იგებენ, ყველა უწოდებს 2003 წლის დრაფტს NBA-ში საუკეთესოს. შეგიძლიათ ეს დრაფტი შეადაროთ 1984 წლის "ბაზრობას", როცა თქვენ აგირჩიეს?
- სიმართლე გითხრათ, ჩვენი დრაფტი უფრო მომწონს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატივს არ ვცემ მაიამელ ბიჭებს - ისინი მაღალი კლასის კალათბურთელები არიან. ბოლოს და ბოლოს, ლებრონის დონის კალათბურთელი, საუკეთესო შემთხვევაში, თაობაში ერთი ჩნდება. მაგრამ 1984 წელს აირჩიეს მაიკლ ჯორდანი, ჰაკიმ ოლაჟუონი, ჯონ სტოქტონი... დღეს ასეთი დისკუსიებს იწვევს ჯეიმსის თამაში. უბრალოდ იმიტომ, რომ ის უნიკალური მოთამაშეა.

- შეუძლია ლებრონ ჯეიმსს გახდეს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი? მაგალითად, მაიკლ ჯორდანს მიაჩნია, რომ იოლად გაუსწორდებოდა ლებრონს ერთი-ერთზე თამაშში.
- ჯორდანს თავი დაანებეთ. ჩემი აზრით, ჯეიმსს ჯერ კობი ბრაიანტისთვისაც არ გაუსწრია. დიახ, მან ორჯერ მოიგო ჩემპიონობა და დღეს ყველა ცდილობს ლებრონის შედარებას მაიკლთან, რომელსაც ექვსი საჩემპიონო ქამარი აქვს. კობისთვის კი, სხვათა შორის, არავის წაურთმევია ხუთი ტიტული. ასე რომ, "ლეიკერსის" მცველთან გასათანაბრებლად, ჯეიმსმა კიდევ სამჯერ უნდა მოიგოს პლეი ოფი.

- რატომ გამოვიდა ისე, რომ თქვენ - 198-სანტიმეტრიანი და 114-კილოგრამიანი სპორტსმენი არ გახდით ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე?
- საქმე ისაა, რომ სტუდენტურ წლებში არ ვიყავი ძალიან მაღალი, მაგრამ არ მგონია, რომ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ გაბარიტებში უნდა ვეძებოთ. ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეების ფსიქოლოგია სრულიად განსხვავებულია: მოედანზე გასვლისას, მათ ესმით, რომ ბევრი მოხვდებათ, ექნებათ სერიოზული ტრავმები, ხანდახან ტვინის შერყევა და მზად არიან ამისთვის. მე კი ერთხელ ვცადე ფეხბურთის თამაში, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩემი არ არის. არანორმალური არ ვარ.

- როგორ უყურებთ სპორტსმენების მხრიდან დოპინგის გამოყენებას?
- რა თქმა უნდა, მაწუხებს ის ფაქტი, რომ არიან სპორტსმენები, რომლებიც ასეთ პრეპარატებს მუდმივად იღებენ, მაგრამ, თუ ლაპარაკია ტრავმებზე, სიტუაცია კარდინალურად იცვლება. ყველას შეიძლება გაუგო: მოთამაშეები კლუბებისგან უდიდეს თანხებს იღებენ და სწრაფად აღდგენა უნდათ იმისთვის, რომ ისევ ითამაშონ. ბუნებრივია, იგივე სურთ კლუბებსაც - ტყუილად ხომ არ იხდიან ფულს?!

ამიტომაც ერთ ქვაბში არ მოვხარშავ იმ ბიჭებს, რომლებიც დოპინგს იყენებენ. უხეშად რომ ვთქვათ, მე რომ ღარიბი ოჯახიდან ვყოფილიყავი და მცოდნოდა, რომ შემიძლია 100 მილიონი დოლარის გამომუშავება და ჩემი ნათესავების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, აუცილებლად მივიღებდი დოპინგს.

- გაკვირვებული დარჩით, როცა ჯეისონ კოლინზმა ღიად განაცხადა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ?
- არა, რადგან ჩვენ ყოველთვის ვთამაშობდით გეების გვერდით და თქვენც, ისე, რომ არ იცით, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებით. ამ ადამიანების მიმართ შეურაცხყოფად მიმაჩნია შემდეგი აზრი: თუ ღიად აცხადებ შენს არატრადიციულ ორიენტაციაზე, სხვა სპორტსმენები გასახდელში ისე აღარ შეგხედავენ, როგორც ადრე. ეს ასე არ არის. ძალიან მინდა მოვესწრო იმ მომენტს, როცა მართლაც მაღალი დონის კალათბურთელი ღიად განაცხადებს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა.

- ერთხელ თქვით, რომ არ მიგაჩნიათ საკუთარი თავი მისაბაძ მაგალითად, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხალხი თქვენ გისმენთ.
- მართალი ხართ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ვრჩები ტელევიზიაში. არ მიმაჩნია, რომ ყოველ ადამიანს სჭირდება ჩემი რჩევა. ამიტომაც ყოველთვის ვფიქრობ იქამდე, სანამ რაიმეს ვიტყვი. მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ არ უნდა გავჩუმდე კონკრეტულ სიტუაციაში, აუცილებლად გამოვთქვამ საკუთარ აზრს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული