NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ნაღვლიანი ზეიმი ბოსტონში

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულში 27 იანვარს ცენტრალური მატჩი გაიმართა - შარშანდელი ფინალური სერიის მონაწილეები მაიამიში ხვდებოდნენ ერთმანეთს. სამწუხაროდ, "მაიამიმ" და "სან ანტონიომ" ვერ შემოგვთავაზეს დაძაბული ბრძოლა ან ინტრიგა.

"ჰიტმა" ზედიზედ მეხუთედ მოუგო "სპურსს", რომლის რიგებში ისევ არ თამაშობდნენ ლეონარდი, გრინი და სპლიტერი. პირველი ორის არყოფნა ძალიან დაეტყო მატჩის შედეგს, რადგან პერიმეტრი "მაიამისთვის" მუდმივად ღია იყო და მასპინძლებმა რვა სამქულიანი ჩააგდეს. გარდა ამისა, "სან ანტონიოს" რიგებში არ აღმოჩნდა არავინ, ვინც კრის ბოშს შეაჩერებდა (მის ანგარიშზე 10-დან 9 ზუსტი ტყორცნა მოდის). სწორედ
მესამე მეოთხედში კრისის თამაშმა განსაზღვრა მატჩის ბედი.

სტუმრებისგან დიდი წინააღმდეგობა იყო პირველ მეოთხედში, მაგრამ "მაიამი" თანდათან უმატებდა და ფლორიდელთა უპირატესობა დიდი შესვენების შემდეგ სოლიდური იყო. რვაქულიანი უპირატესობა 20 ქულამდე ავიდა და სტუმრებს არ აღმოაჩნდათ რეზერვი მატჩის ბედის შემოსატრიალებლად.

"სან ანტონიოსთვის" საკმარისი არ იყო ტიმ დანკანის, მანუ ჯინობილისა და ტონი პარკერის ტრიო, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთმა, კერძოდ კი, ჯინობილიმ ჩააგდო მატჩი, როცა შვიდიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო და სამი ქულა დააგროვა. ასე გადაიქცა მეოთხე მეოთხედი ფორმალობად, "სან ანტონიომ" კი მიმდინარე სეზონში მორიგი მატჩი წააგო TOP6-ის წარმომადგენელთან. ამ ექვსეულის გუნდების წინააღმდეგ "სპურსს" მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

საინტერესოა ერთი მომენტი. დუეინ უეიდი ზედიზედ 483 მატჩი ხვდებოდა "მაიამის" სასტარტო ხუთეულში, 27 იანვარს კი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მოედანზე. საქმე ისაა, რომ მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა წუხს მცველის მუხლის მდგომარეობის გამო. ამ მიზეზით, "ფლეშმა" წელს 12 მატჩი გამოტოვა.

* * *
უფრო მხიარული გამოვიდა "ლეიკერსისა" და "ნიუ იორკის" შეხვედრა. კალიფორნიელებს სჯერათ, რომ კალათბურთში დაცვას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და პირველ რიგში, სამქულიანების კარგად სროლაა საჭირო. სწორედ შორეული გასროლების წყალობით, რომელსაც "ნიუ იორკმა" ვერაფერი მოუხერხა, სტუმრები ინარჩუნებდნენ ინტრიგას. როგორც კი "ნიქსმა" მიზანი გაასწორა, თამაშზე კონტროლი მაიკ ვუდსონის შეგირდებისკენ გადავიდა.

ორივე გუნდმა 11-11 სამქულიანი ჩააგდო, ორივემ 36-36 ქულა აიღო სამწამიანის ზონიდან, მაგრამ მოხსნებზე უკეთესმა თამაშმა "ნიქსს" 21 ქულა მოაპოვებინა მეორე ტემპით შეტევებისას, იმ დროს, როცა "ლეიკერსის" აქტივში მხოლოდ ექვსი ქულა იყო. ისევ გაილაღა კარმელო ენტონიმ, რომელმაც 35 ქულა დააგროვა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მას დამხმარე ძალა გამოუჩნდა ჩენდლერის, ფელტონისა და სმიტის სახით. "ნიუ იორკმა" ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ მიჯრით მეორე მატჩი მოიგო, თუმცა ამ შეხვედრებით ჯერ რთულია კრიზისიდან გამოსვლასა და პერსპექტივებზე ლაპარაკი. "ლეიკერსმა" კი ზედიზედ მეთოთხმეტედ გაუშვა მინიმუმ 100 ქულა.

* * *
წლევანდელ სეზონში პირველად, კევინ გარნეტი და პოლ პირსი ბოსტონში ჩავიდნენ მშობლიური კლუბის წინააღმდეგ სათამაშოდ. ადგილობრივმა ფანებმა და მატჩის ორგანიზატორებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს ექსკელტებს, რომლებმაც ერთად მხოლოდ 12 ქულა დააგროვეს, მაგრამ სწორედ პირსის ორქულიანმა სირენამდე ორწუთნახევრით ადრე, 8-ქულიანი უპირატესობა მოუტანა "ბრუკლინს", რომელიც სტუმრებმა მატჩის ბოლომდე აღარ დათმეს.

პირსმა აღიარა, რომ ეს მატჩი მისთვის ყველაზე რთული იყო კარიერაში. ხუმრობა საქმე ხომ არ არის - პირველად NBA-ში ჩატარებული 1274 მატჩის შემდეგ, ის ბოსტონში ჩავიდა სხვა კლუბის მოთამაშის რანგში. ორივე გუნდმა მძიმედ დაიწყო მატჩი და მხოლოდ ბოლო მეოთხედისთვის გაიხსნა, მაგრამ, საერთო ჯამში, "სელტიქსი" ვერ გაუსწორდა "ნეტსის" დაცვას, რომელმაც გრინს 13-დან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდებინა და მიუთითა "ბოსტონის" ახალგაზრდობას მისი გამოუცდელობის შესახებ. რონდომ ამ სეზონში პირველად გაატარა მოედანზე 30 წუთი, მაგრამ მარტომ ვერაფერი მოუხერხა ჯეისონ კიდის გუნდს.

* * *
27 იანვარს "პორტლენდის" დღე არ იყო. ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ლიგის საუკეთესო შემტევი გუნდი ტყორცნების მხოლოდ 33 პროცენტს გამოიყენებდა. თუ "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ პირველ ტაიმში ასე თუ ისე ბრძოლა იყო, მესამე მეოთხედში სტივენ კარისა და სხვების ზეწოლით, სტუმრებმა უკან დაიხიეს.

თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ "უორიორზი" ამ მატჩში მაქსიმალურად მოინდომებდა, რადგან საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეოთხე წაგება ნამდვილ კატასტროფად ჩაითვლებოდა. "ბლეიზერსმა" ამ სეზონში პირველმა აჩვენა 40 პროცენტზე დაბალი რეალიზაცია, ოლდრიჯმა კი პირველად ჩაატარა ასეთი სუსტი მატჩი - 14-დან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო. სტივენ კარი კი ამტკიცებს, რომ ღირსია, იყოს დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულში. სტივენმა 38 ქულით გამოიჩინა თავი და ეს იყო მისი მე-12 მატჩი რეგულარულში, როცა მან 30-ქულიანი ზღვარი გადალახა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ დურანტსა და ჯეიმსს ჩამორჩება.

მაიამი-სან ანტონიო 113:101
34:28, 24:22, 33:21, 22:30
მ: ბოში (24), ჯეიმსი (18), ჩელმერსი (16), ბიზლი (12), კოული (11), ალენი (10).
ს-ა: დანკანი (23), დიაო (15), ბელინელი (12), პარკერი (11).

ნიუ იორკი-ლეიკერსი 110:103
22:25, 29:22, 32:34, 27:22
ნ-ი: ენტონი (35), ფელტონი (20), ჰარდუეი (18), სმიტი (16), ჩენდლერი (13+14 მოხსნა).
ლ: მიქსი (24), გასოლი (20+13 მოხსნა), მ. ჰარისი (18), ნ. იანგი (13), მარშალი (12).

კლივლენდი-ფინიქსი 90:99
29:22, 32:21, 6:25, 23:31
კ: ირვინგი (24+9 პასი), დენგი (18+10 მოხსნა), ტომპსონი (17+13 მოხსნა), მაილზი (12), ვარეჟაო (2+10 მოხსნა).
ფ: მარკიფ მორისი (27+15 მოხსნა), ფრაი (16), დრაგიჩი (15), ტაკერი (13+10 მოხსნა), გრინი (12), პლამლი (3+10 მოხსნა).

ნ. ორლეანი-ორლანდო 100:92
27:21, 27:23, 21:25, 25:23
ნ-ო: ტ. ევანსი (23), დევისი (22+19 მოხსნა+7 დაფარება), რობერტსი (15), გორდონი (14).
ო: აფლალო (25), ოლადიპო (18+5 ჩაჭრა), ჰარისი (17+9 მოხსნა), ნელსონი (15+8 პასი).

ბოსტონი-ბრუკლინი 79:85
17:11, 17:24, 19:24, 26:26
ბოს: ბასი (17+8 მოხსნა), რონდო (13+8 პასი), უოლასი (12), ჯონსონი (12).
ბრუკ: ბლეტჩი (17), ანდერსონი (11), კირილენკო (11).

დალასი-დეტროიტი 116:106
28:25, 28:21, 28:35, 32:25
დალ: ნოვიცკი (28+9 მოხსნა), კალდერონი (17), ჰარისი (14), კარტერი (13), ელისი (11).
დეტ: ჯენინგსი (26), სმიტი (25), მონრო (20+9 მოხსნა), სტაკი (11).

გ. სტეიტი-პორტლენდი 103:88
28:22, 26:33, 22:12, 27:21
გ-ს: კარი (38+8 პასი), ლი (17+12 მოხსნა), ტომპსონი (17), იგუოდალა (12+10 მოხსნა).
პ: მეტიუზი (21), ლილარდი (16), ოლდრიჯი (10+11 მოხსნა), ლოპესი (10+9 მოხსნა), რობინსონი (5+11 მოხსნა).

საკრამენტო-დენვერი 117:125
31:30, 28:35, 34:30, 24:30
ს: ტომასი (22+8 პასი), ტორნტონი (19), მაკლემორი (18), ტომპსონი (13+10 მოხსნა), უილიამსი (12), აუთლო (10).
დ: ლოუსონი (27), ჩენდლერი (20), ფარიდი (15+11 მოხსნა), მოზგოვი (14), რობინსონი (12+8 პასი), ფოიე (12), ჰიქსონი (8+10 მოხსნა).

კარმელოს კალიფორნიაში ეპატიჟებიან
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს აგრძელებს, მზად არის დაიყოლიოს "ნიუ იორკ ნიქსის" ვარსკვლავი კარმელო ენტონი კალიფორნიაში გადასვლაზე. მისი სიტყვებით, ლოს ანჯელესში ცხოვრების პირობები უკეთესია, ვიდრე ნიუ იორკში.

"ლოს ანჯელესში გაცილებით თბილა, ვიდრე ნიუ იორკში
, - მოჰყავს Yahoo! Sports-ს ბრაიანტის სიტყვები. - პალმები და პლაჟები უფრო მომხიბვლელად გამოიყურება, ვიდრე ცათამბჯენები და საცობები. ეს ჩემი შეხედულებაა. ვფიქრობ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც კლუბის შეცვლაზე იღებს გადაწყვეტილებას, არა მხოლოდ კარიერაზე ფიქრობს, არამედ იმ პირობებზე, რომელშიც მოუწევს ცხოვრება. თუ ენტონის გონებაში "ლეიკერსის" ვარიანტი აქვს, მაშინ დამირეკოს და მე მას ამ ქალაქის უპირატესობაზე მოვუყვები".

შეგახსენებთ, რომ ენტონი თავისუფალი აგენტების ბაზარზე მომავალი სეზონის შემდეგ გავა. ამ კალათბურთელის გადაბირებაზე უკვე დაიწყო მუშაობა "ჩიკაგომ". მიმდინარე სეზონში ენტონიმ 41 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და საშუალოდ, 27.2 ქულა, 9.0 მოხსნა და 3.1 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული